
სოდ-ის თანამშრომლებმა გაზეთ "ბათუმელების" ჟურნალისტს თედო ჯორბენაძეს აჩვენეს ამობეჭდილი, შავ-თეთრი ფოტოები, რომელზეც გამოსახული იყო მამაკაცები საცვლების ამარა. ამის შემდეგ ჯორბენაძეს უთხრეს, რომ ამ კადრებზე თვითონ არის გამოსახული. სპეცსამსახურის თანამშრომელმა აუხსნა თედო ჯორბენაძეს, რომ ის არის გაზეთ „ბათუმელების" რედაქტორის მოადგილე და რადგან ამ რედაქციით დაინტერესებული არიან უცხო ქვეყნების, კონკრეტულად კი რუსეთის და თურქეთის სპეცსამსახურები, მისი დახმარება, თანამშრომლობა სჭირდებათ. უარის მიღების შემდეგ თედო ჯორბენაძე გააფრთხილეს, რომ ამ კადრებს გაუგზავნიან მის ავადმყოფ მამას, თანამშრომლებს, ატვირთავენ ინტერნეტში. გააფრთხილეს, რომ ამ კადრების გავრცელების შემდეგ ის დაკარგავს სამსახურს, ან ინტერვიუს აღარავინ მისცემს.



