გოგიჩაიშვილს 7 წელი მიუსაჯეს


ახალგაზრდული პოლიტიკური მოძრაობის "7 ნოემბერი" წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს თბილისის სააპელაციო სასამართლომ 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმეში მეორე განსასჯელს გიორგი ალხაზიშვილს კი, სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა და 2. 500 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.

ადვოკატები განაჩენს უკანონოს უწოდებენ და მის გასაჩივრებას ევრო სასამართლოში გეგმავენ.

დღეს გამართულ პროცესზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. აღსანისნავია, რომ მოსამართლეებმა, სხდომაზე, გოგა ხაინდრავა სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით, 500 ლარით დააჯარიმეს.

შეგახსენებთ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არასაკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, გოგიჩაიშვილს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ხულიგნობაში, გიორგი ალხაზიშვილს კი, მხოლოდ ხულიგნობაში დაედო მსჯავრი.

საქმე ეხება წყნეთში 2009 წლის ივნისში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც დავით ლეჟავა დაიჭრა.