3 ადამიანის მკვლელი "იმედი"


ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 13 მარტს გაშვებულმა ე. წ. მოდელირებულმა „ქრონიკამ“, რომელმაც რუსეთთან ომის განახლების შესახებ გვამცნო, მორალური ზარალის გარდა, მოსახლეობას ფატალური შედეგებიც მოუტანა. მართალია, დაღუპულთა ზუსტ რაოდენობაზე პრესაში სხვადასხვაგვარი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ გამოიკვეთა 3 ოჯახი, სადაც აცხადებენ, რომ მათი წევრი „მოდელირებულ“ „ქრონიკას“ ემსხვერპლა.

„იმედის“ სიუჟეტის ერთ-ერთი მსხვერპლი დუშეთის რაიონის სოფელ არაგვისპირის მცხოვრებია. 50 წლის გაიოზ ოდიშელიძე გულის შეტევით გარდაიცვალა.

„სიუჟეტის მსვლელობის დროს წამოიყვირა - ეს რა ხდებაო, შემდეგ გულში ტკივილები იგრძნო და ძირს უგონოდ დავარდა“, - აცხადებს გარდაცვლილის შვილი, ალეკო ოდიშელიძე. მან სასწრაფო დახმარება მაშინვე გამოიძახა, მაგრამ ექიმებმა ავადმყოფის გადარჩენა ვერ შეძლეს.

„იმედის“ სიუჟეტის კიდევ ერთ მსხვერპლზე ინფორმაციას რუსული სააგენტო - „იტარ-ტასი“ ავრცელებს - თბილისში მცხოვრები სოხუმიდან დევნილი, 75 წლის ვანო ნასარიძე ინსულტით გარდაიცვალა.

ნასარიძის ახლობლების ცნობით, ავადმყოფი კვირას თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც მას მძიმე და ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ ვანო ნასარიძემ მხოლოდ რამდენიმე დღეს იცოცხლა.

„მოდელირებული“ „ქრონიკის“ ფატალურ შედეგებზე ინფორმაციას „კახეთის საინფორმაციო ცენტრიც“ ავრცელებს. ცენტრის ინფორმაციით, ყვარელში 65 წლის ჯ. მ...შვილს „მოდელირებული“ „ქრონიკის“ ნახვის შემდეგ გული გაუსკდა და გარდაიცვალა. ცენტრს ეს ინფორმაცია გარდაცვლილის მეზობლებმა მიაწოდეს, ვინაობის საჯაროდ გამხელა კი არ ისურვეს.

„14 მარტს, დილით გავიგეთ, რომ წინა საღამოს ავად გამხდარა. ომზე რომ გაავრცელეს ტყუილად ინფორმაციები, იმას უყურა და შეტევა ჰქონია. 15 მარტს სტენოკარდიული შეტევა დაემართა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ყვარლის საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში იყო და თბილისში გაწერეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, გული გაუსკდა“, - აღნიშნეს გარდაცვლილის მეზობლებმა.

„მოდელირებული“ „ქრონიკის“ შედეგად დაზარალებულებს იურიდიულ დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაციები უწევენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის ადვოკატის, კახა კოჟორიძის განცხადებით, მათ დახმარებისთვის ერთმა ადამიანმა მიმართა. ადვოკატი დაზარალებულის ვინაობას არ ამხელს.

„ჩვენ ერთმა დაზარალებულმა მოგვმართა, რომელიც სიუჟეტის ნახვის დროს შეუძლოდ გახდა. იგი მორალურ კომპენსაციას ითხოვს. მის სარჩელს სასამართლოში უახლოეს დღეებში შევიტანთ“, - აღნიშნა საიას ადვოკატმა.

ერთი დაზარალებულის წერილობითი საჩივარი კომუნიკაციების ომბუდსმენთან, დავით ებრალიძესთანაც არის შეტანილი. დაზარალებულის ვინაობას არც ებრალიძე ამჟღავნებს.

სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოებაში ჯერჯერობით არც ერთი საჩივარი არ მიუღიათ. არ ვრცელდება ინფორმაცია, მიმართა თუ არა რომელიმე მოქალაქემ კერძო ადვოკატურას. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ჯერჯერობით მათი ოჯახის წევრებიც არ ჩივიან. თუმცა, დარწმუნებით აცხადებენ, რომ მათი ნათესავების გარდაცვალება ომის გამოგონილმა სიუჟეტმა გამოიწვია.