თბილისის ბნელი მხარე


თბილისის და არამხოლოდ თბილისის ვაგზლები ორმაგი სტანდარტების სამყაროა. დღისით აქაურობა უშველებელ ბაზრობადაა ქცეული. ხალხი ფუსფუსებს და საქართველოს სხვადასხვა კუთხის კილოკავებით გარეკლამირებულ საქონელს ყიდულობს, ალაგ-ალაგ მავანთა ფსევდოშემოქმედება ისმის. აი, ღამით კი, აქ სულ სხვა, უფრო ბნელ და იდუმალ სამყაროში მოხვდებით. 11 საათის შემდეგ თქვენს თვალწინ გადაიშლებასულ სხვა სამყარო. სამყარო ნამდვილი ვაგზლისა... კლიენტის ვერმპოვნელი მახინჯი მეძავები, ჩხუბისმოყვარე შემთვრალი ჯეელები და ა. შ.

ის-ის იყო, პირველად შემხვედრ მოჩხუბარ ბიჭებს გავცდი, ყურში იქვე ახლოდან ხუთიოდე მთვრალი კაცის ამობღავლებული ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა ჩამესმა. ბიჭებს დახლზე გაეშალათ პატარა ქართული აკადემია. ჩემი ინტერესიანი მზერა რომ შეამჩნიეს, მომაძახეს: ჩემი ძმა, ერთი ჭიქა დაგვილიეო. მეც, როგორც დალევის მოსურნე გზააბნეულს შეეფერება, თავპატიჟი არ გამიდია და მივედი. ერთმა სქელმა, ალბათ თამადამ და მათში პარადის წამყვანმა, ასე 30 წლამდე ჯეელმა, მერაბად რომ უხმობდნენ, ჭიქა მომაწოდა და მითხრა: ბრატუხა, დღეს აგერ ეს ჩემი ძმაკაცი გამოუშვეს ციხიდან და ამის სიყვარულობაში და ძმობაში ვსვამთ. არ დალოცავ ამ კაცს. მე დავლოცე და ვითომ ისე, სხვათა შორის ვკითხე: რაზე დაგიჭირეს, ჯიგარო.

მრავლისმნახველი კაცივით ამოიხვნეშა ციხიდან გამოშვებულმა და კითხვას პირველად, როგორც საერთოდ წესია, წაუყრუა. თუმცა, პატიოსანი ხალხის სადღეგრძელოს შემდეგ დათომ (ასე ერქვა გამოშვებულს) თავისივე ინიციატივით ინება მოეყოლა თავისი ამბავი: სოფელში ვიყავით მე და ჩემი ორი ძმაკაცი მანქანით პლანის ჩამოსატანად. როცა ავიღეთ ყველაფერი და უკან მოვდიოდით, აგვყარეს. ხუთას-ხუთასს გვთხოვდნენ თავიდან, მაგრამ მერე, როცა ამბავი გაბაზრდა, 2 ათასი მოითხოვეს. არ მივეცით და გვახეხინეს სამი წელი.

- აქ, რაზე ხართ, რამეს ჩალიჩობთ, ბიჭებო. - უადგილო ინტერესი გამოვიჩინე მე-5 ჭიქის შემდეგ. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს. ალბათ იფიქრეს, რას ჩაგვციებია ეს კაციო და სიჩუმე არჩიეს. ერთ-ერთმა კი ხმადაბლა ჩაილაპარაკა: ვჩალიჩობთ, რა!

ბიჭებს რამ დარირო, რიმ დარიროს ჰანგებით დავემშვიდობე და გზა ზევით, ე. წ. ძველი ბაზრობისაკენ გავაგრძელე. იქ უფრო საინტერესო ფაქტის მოწმე გავხდი, მოვისმინე რა დიალოგი საეჭვო ყოფაქცევით უკვე დაბერებული ორი ქალბატონისა: სიგარეტის მოჟოშკვაც დაიწყე, შე ჩემა. სულ ჩემი რო გინდა, შენც გაანძრიე რა ტრაკი! შე ბანძო, შენი მოცემული სიგარეტი კი არა, ვაფშე არაფერი მინდა. ღმერთო ჩემო, ეს ბოზი ნახე რა, სულ არ გადაისვარა თავზე. - ღმერთი დაიმოწმა მეორემ, პირველზე მახინჯმა და რომ მეგონა, ახლა ატყდება ერთი ვაიუშველებელი-მეთქი, ორივემ გაიცინეს და ჩემსკენ გამოიხედეს. რაღა დაგიმალოთ და შეშინებული ჩქარა გავეცალე მათ - მეც კლიენტად არ ჩამთვალონ-მეთქი, თორემ ალბათ აღარც არასოდეს გამიჩნდებოდა ამ სიტყვების დაწერის ხალისი.

გაგონილი მქონდა, ღამით მიყრუებულ ადგილებში ამა ქვეყნის ცოდვებით ტკბობის მსურველნი დაძვრებიანო. ქალაქში მოარული სახუმარო გამოთქმით იქ მხოლოდ პერაშკ-ნახევრიანი ქალები ყოფდნენ ფეხს სოდომის ცოდვაში. როგორც გაირკვა, მათი კლიენტები ძირითადად პატარა სექსსმოწყურებული ბიჭები ან უკიდურესად გაჭირვებული, შიშველი ქალის დანახვაზე მეოცნებე უფულო კაცები არიან. ერთ-ერთ მიყრუებულ ადგილზე როდესაც მივედი, სამფეხა სკამზე ჩამომჯდარი მოხუცი კაცის მეტი არავინ იყო. ასეთი კაცები ალბათ მხოლოდ წიგნებში და ფილმებში თუ არსებობენ. ცოტა არ იყოს, შემეშინდა, მაგრამ ახლოს მაინც მივედი და საუბარი გავუბი - გამარჯობა, კეთილო კაცო. რაო, ქალებს დაეძებ. არა, ისე დავდივარ, ვხეტიალობ. თუ ქალებს ეძებ, აღარ არიან, შვილო. ყველანი წავიდნენ. მეც უნდა წავსულიყავი, მაგრამ ჩამთვლიმა. შენ რაღაც არ მეცნობი, პირველად ხარ. ჰოო, პირველად შვილო, ახალგაზრდა კაცი ხარ, დალიე, იქეიფე, იმ ტრიპერიანებთან რა გინდა, რამეს აიკიდებ. ისევ შენთვის გეუბნები, თორემ მე რა.

დამაინტერესა კაცის საქმეში ჩახედულობამ და ვკითხე: ისე, პაპა, ჩვენში დარჩეს და, შენც ხომ არ ცუღლუტობ რაღაცეებს-მეთქი.

- თავის დროზე, სანამ ახალგაზრდა ვიყავი, ქალს როგორ გავუშვებდი. აბა, ახლა რაღა დროს ჩემი ეგეთებია. ისე, ჩვენ დროს კაცი ერთ რაღაცაზე მაღლა თავს არ დააყენებდა. ახლა კიდევ რამდენჯერ მინახავს ,ძმაკაცებს ერთმანეთი ეცემოთ ამ პუტანკების გულისთვის.

- ყველაფერი კარგი და შენ რატომ ხარ აქ, თანაც ღამით.

- ჯერ შენ მითხარი, რათა ხარ და მერე მე გეტყვი.

- მე ხომ გითხარი რატომაც ვარ. ახლა შენი ჯერია.

- კაცო, მოგზავნილი ხომ არ ხარ, წადი რა, შემეშვი, - გაბრაზება აშკარად დაეტყო პაპას.

სადღეღამისო ჯიხურებში ღამით გახურებული აღებ-მიცემობა ნამდვილად არაა (ვაჭრობას ვგულისხმობ), მაგრამ აქა-იქ გავლილი ხალხი რაღაცეებს მაინც ყიდულობს.

ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ერთ-ერთი ასეთი ჯიხურიდან პინკ ფლოიდის The Wall-ის ხმა შემომესმა. უყურე შენ, ვაგზალზე თურმე ასეთებიც ხდება. ჯიხურში 20 წლამდე გოგო იჯდა და მუსიკას თავის ხმასაც აყოლებდა. მე ჯიბეები მოვიჩხრიკე, სიგარეტის ყიდვის მიზეზით ფანჯარა გავაღებინე და ვკითხე: ვა, შენ რა, ფლოიდებს უსმენ. ჰო, რა იყო. - ისე სხვათაშორის ჩაიბურტყუნა. მე მაინც არ მოვეშვი: გიყვარს. აბა, რას უნდა ვუსმენდე. წურწუმიას და მაგისნაირებს შენ მოუსმინე. კაი ახლა, წადი, შენი ჩალიჩიღა მაკლია, - სიგარეტი მომცა, ფანჯარა დახურა და უფრო მოხერხებულად მოიკალათა თავის ციხე-სიმაგრეში. ქაჯეთის ციხეს რამდენიმე წრე დავარტყი, მაგრამ, რაკი ნესტანმა ლაპარაკი აღარ ისურვა, მეც რაღა დამრჩენოდა - თავი დავანებე.

ელექტრობოძზე ჩახუტება ნებისმიერი მსმელისთვის მშობლიურ განცდებს იწვევს. მეც სწორედ ასეთ მშობლიურ განცდებში მყოფი ვიღაც რუსი კაცი დავლანდე და საუბრის გაბმა ვცადე - სად ცხოვრობ, - კეთილი ნება გამოვამჟღავნე. წადი შენი! - რუსული ომახიანი გინებით გამცა პასუხი კაცმა და კიდევ უფრო მაგრად ჩაეხუტა ბოძს. გინება ვითომ ვერ გავიგე, წავუყრუე და ხელი მოვკიდე: კაცო, წამოდი, სადმე მოფარებულში მაინც დადექი-მეთქი. წადი რა, გზა მონახე მე შენი... სულ მთლად მახვილსიტყვაობად დაიღვარა ბოძზე ჩახუტებული. მაშინ კი, რა თქმა უნდა, მოვალე ვიყავი ხელი გამენძრია, მაგრამ ჩავიჭერი და ამ კაცს ხელი აღარ შევუშალე, დამტკბარიყო ელექტრობოძის რომანტიკული სურნელით.

მერე ამ რუსი კაცის თანამემამულე ერთი ქალი გამახსენდა, რომელიც ვაგზალზე მიწისქვეშა გადასასვლელებს გვის ხოლმე, სულ იგინება და თანაც - ისეთი სიტყვებით, ნებისმიერ კაცს რომ გაუკვირდება. ამას წინათ იმ ქალს ერთხელ ისე, სხვათა შორის ვკითხე: სულ რატომ იგინები-მეთქი და მართლაც ალალად და დაუფარავად მიპასუხა: აბა, მაშ რა გავაკეთოო.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ფრაგმენტებია, რადგან თბილისის ჭეშმარიტად ბნელი მხარის შესაცნობად ერთი ღამე საკმარისი არ არის.

[presa.ge]