ცრუ რწმენების არ მჯერა


მიუხედავად იმისა, რომ სერიალში აღარ ჩანს, ეს ადამიანი საზოგადოებისთვის მაინც "შუა ქალაქის" თიკად რჩება. ლელა მებურიშვილი ახლა სრულიად განსხვავებულ როლზე მუშაობს, გამომძიებელს თამაშობს. მსახიობს ფობიებზე სასაუბროდ დავუკავშირდით, მაგრამ ეს ერთი შეხედვით ნაზი გოგონა საკმაოდ მამაცი და უშიშარი აღმოჩნდა.

- ლელა, ზოგადად, რისი გეშინია?
- აუ, არ ვიცი. შეცდომების მეშინია. არ მიყვარს არასწორი ნაბიჯის გადადგმა, მით უმეტეს, თუ ეს ვინმეს ავნებს. ყოველთვის ბევრს ვფიქრობ, სანამ რამეს გავაკეთებ, რადგან ხშირად გვეშლება ადამიანებს რაღაც-რაღაცები. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, ყველა ადამიანს ეშლება და რა მოხდა, შენც შეგეშალოსო, მაგრამ როცა თუნდაც პატარა შეცდომა მომდის, საშინელი შეგრძნება მეუფლება, ამიტომ ვცდილობ, ჯერ კარგად დავფიქრდე.

- თუმცა შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის...
- კი, მაგრამ რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელია, ის არ უნდა გააკეთო.

- რას ნანობ ცხოვრებაში?
- კონკრეტულად ვერ გეტყვი, მაგრამ ასეთი შემთხვევებიც ყოფილა. თუ რაღაცაზე გავიფიქრებ მაინც, რომ არ უნდა გავაკეთო, მაგრამ მაინც ვაკეთებ, მერე აუცილებლად ვნანობ. ელემენტარულ მაგალითს გეტყვი, შეიძლება, მეგობრების წრეში სადმე წასვლა შემომთავაზონ, შეიძლება ვიფიქრო, არ ღირს ჩემი იქ წასვლა, მაგრამ თუ მაინც წავალ, მერე ვნანობ (იცინის), მგონი, ინტუიცია რაღაც დონეზე მაინც მაქვს განვითარებული.

- კარგი, მოდი გადავიდეთ უშუალოდ ჩვენი რუბრიკის თემაზე და გვითხარი, რაიმე ფობია თუ გაქვს, სიბნელის თუ გეშინია...
- სიბნელე მიყვარს, მამშვიდებს და მსიამოვნებს. ადრე შუქი რომ ქრებოდა, მომწონდა, რადგან სიწყნარე იყო (იცინის).
- ცხოველების, მწერების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- ნორმალური, ქვეწარმავლები, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, მაგრამ მათ ხსენებაზე შიში არ მიპყრობს. არადა, მყავს მეგობრები, რომლებსაც თაგვი ან ობობა რომ უხსენო, ოთახიდან გაცვივდებიან.
- ღამურებისაც არ გეშინია?
- ნამდვილად შემეშინდება, ჩემს ოთახში რომ შემოფრინდეს, ალბათ ვიყვირებ და საშველად ვინმეს დავუძახებ (იცინის). ვაიმე, აი, ახლა ბუზი შემოფრინდა, ძალიან დიდია და საშინლად ბზუის, რომ დამაჯდეს, ალბათ გული გამისკდება. სხვათა შორის, ბავშვობაში ძალიან მეშინოდა ლეკვების, კნუტების, წიწილისაც კი, ახლოს რომ მოეყვანათ, კივილს ვიწყებდი. რაც გავიზარდე, ეს დამოკიდებულება შემეცვალა.
- ლელა, ფრენისა და სიმაღლის თუ გეშინია?
- ფრენის არა, მაგრამ ძალიან მაღალ შენობაში ბოლო სართულზე და თან საშიშ, გადმოსავარდნ ადგილზე რომ ვიყო, შემეშინდება.

- ექსტრემალური გართობის მოყვარული თუ ხარ?
- ხშირად მიფიქრია, რომ დიდი სიამოვნებით გადმოვხტებოდი პარაშუტით, მგონია, რომ ძალიან სასიამოვნო იქნება, თუმცა ამის გაკეთების საშუალება არასდროს მქონია. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს სიჩქარე, ზღვაზე ყოფნისას სკუტერით სწრაფად სიარულზე ვგიჟდები, ვფიქრობ, ესეც ექსტრემია.

- გადავინაცვლოთ ექიმებზე, მათ მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- ჯერჯერობით ექიმთან ისეთი შეხება არ მქონია, რომ საშინლად არასასიამოვნო ყოფილიყო ჩემთვის. მამაჩემი ექიმია და ბავშვობაში მეც ექიმობა მინდოდა, თეთრი ხალათით დავდიოდი ყველგან. აქედან გამომდინარე, ექიმების არ მეშინია, მეტიც, წელიწადში ერთხელ, არაფერიც რომ არ მაწუხებდეს, სტომატოლოგთან მაინც მივდივარ პროფილაქტიკის მიზნით.

- მოკლედ, უშიშარი ყოფილხარ, მაგრამ მაინც უნდა გკითხო ბუნებრივი მოვლენების - მიწისძვრის, ელვის, ჭექა-ქუხილის შესახებ...
- ძალიან დიდი წვიმა, თქეში, გრუხუნი და ელვა კი არ მაშინებს, მსიამოვნებს, სიგიჟეა, მაგრამ ასეა, ჭექა-ქუხილიც კი მსიამოვნებს, შიშს არ მგვრის (იღიმება). ბავშვობაში ვლოცულობდი ხოლმე, ღმერთო, მიწისძვრა, წყალდიდობა და ა.შ. ყველა ბუნებრივ მოვლენას სათითაოდ ჩამოვთვლიდი და ღმერთს ვევედრებოდი, ასეთი რაღაც არ მომხდარიყო, რადგან ძალიან მეშინოდა, დღეს კი ვიცი, რაც მოსახდენია, ის მაინც მოხდება და მე ვერაფერს შევცვლი.
- ანუ, ბედისწერის გჯერა?
- ამას ბედისწერას არ ვარქმევ, უფრო ღვთის ნებაა.

- აქვე მინდა, ციფრებზეც გკითხო, მათ მიმართ ხომ არ გაქვს რაიმე ცრურწმენა, 13-ის შესახებ გავრცელებული აზრი ალბათ შენც კარგად მოგეხსენება...
- არა, არანაირი გართულება არ მაქვს. საერთოდ, ცრურწმენების არ მჯერა, მათ სპეციალურად ვარღვევ.

- როგორც მივხვდი, ფობია არ გაქვს, მაგრამ როგორ ფიქრობ, ეს რა არის - შიში, აკვიატება თუ ადამიანის სუსტი მხარე?
- ჩემი აზრით, ფობია აკვიატებაცაა და სისუსტეც, მაგრამ მგონია, რომ აკვიატება უფროა, რადგან ამას ფსიქოლოგები ხშირად ერთი სეანსითაც შველიან. მე რომ რაღაც ფობია მქონდეს, აუცილებლად შევეცდები დავძლიო, არ მიყვარს, როცა რაღაცაზე დამოკიდებული ვხდები.
- ძლიერი ნებისყოფის ადამიანი ხარ...
- ვცდილობ, ვიყო. რაღაცას თუ დავისახავ მიზნად, ბოლომდე ვიბრძვი მის სისრულეში მოსაყვანად.

[ჟურნალი "რეიტინგი"]


გაზიარება