"ვერაფერი მაიძულებს.."


„ინტერნეტ მედია კლუბმა“, რომელიც „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის“ ბაზაზე არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიქმნა, ირაკლი ალასანიას შემდეგ „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველ ნომერს, ინგა გრიგოლიას უმასპინძლა.

ძირითადი შეკითხვები მედიის მხრიდან სოციალურ თემებთან დაკავშირებით დაისვა, რადგან სწორედ ეს იყო მთავარი მესიჯი თარგამაძე–გრიგოლია–ჭანტურიას საარჩევნო ბლოკისა. ერთ–ერთი მთავარი თემა იყო საკრებულოში მოხვედრილი ოპოზიციური პარტიების წევრთა ერთობლივი მუშაობის საკითხიც.

აწ უკვე დედაქალაქის საკრებულოს წევრსა და ყოფილ ჟურნალისტს ოპოზიციური სავარაუდო ერთობის იმედი აქვს, მისი თქმით, მიუხედავად წინასაარჩევნოდ სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან „ქრისტიან–დემოკრატების“ მისამართით უწყვეტი კრიტიკისა, ის ფიქრობს, რომ საკრებულოში შესაძლოა შედგეს ერთობა რიგ საკითხებზე.

მან ზუსტად იცის, რომ „ქრისტიან–დემოკრატებს“ ექნებათ ფრაქცია, თუმცა გამორიცხავს ყოველგვარ ხელოვნურ გაერთიანებებს ბლოკების სახით, – „ერთობლივი მუშაობა გვექნება ყველა საჭირბოროტო საკითხზე, მათ შორის „ეროვნული საბჭოს“ წარმომადგენლებთანაც, რადგან ჩემთვის კახა კუკავა და კობა დავითაშვილი არ არიან ნოღაიდელის სახეები, რაც შეეხება ნოღაიდელს, ჩვენი მხრიდან მისი კრიტიკა გამოწვეულია იმით, რომ ის წლების განმავლობაში იდგა სააკაშვილის გვერდით და იმ მთავრობის გვერდით, რომელიც ქვეყნის ბედს წყვეტდა“.

უფრო ვრცლად სოციალურ თემებზე სასაუბროდ მან იმ ადამიანების სტუმრად მოწვევა შემოგვთავაზა, ვინც უშუალოდ დაწერა „ქრისტიან–დემოკრატების“ საარჩევნო პროგრამა, რაც შეეხება სატარიფო სისტემის ცვლილებებს, გაზთან, ელექტროენერგიასთან და წყალთან მიმართებაში, მისი აზრით ამაზე უფრო დაწვრილებით გია ჭანტურიას მოწვევა იქნება უპრიანი.

კითხვაზე, არის თუ არა ზეწოლა კერძო კომპანიების იძულება დაწიონ გადასახადები სხვადასხვა მომსახურებაზე, იმ შემთხვევაში თუ „ქრისტიან–დემოკრატები“ მოვლენ ხელისუფლებაში და ხომ არ გადაწყვეტენ ამის შემდეგ ინვესტორები, რომ ქვეყნა არასაიმედო ბიზნეს–პარტნიორია, გრიგოლია აცხადებს, რომ სატარიფო ცვლილებები, სწორედ რომ ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს და მანამდე არსებობდა ხელშეკრულებები, რომელზეც ერთ–ერთი ხელისმომწერი სწორედ ჭანტურია გახლდათ, სადაც ნათლად იყო გაწერილი, რომ გაზი 10 თეთრზე მეტი არ უნდა ღირდეს.

რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, მიუხედავად იმისა, რომ „ქრისტიან–დემოკრატებმა“ მეორე შედეგი აჩვენეს, ინგა გრიგოლია ამბობს, რომ არც მათ და არც სხვა ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ საზეიმოდ საქმე. რაც შეეხება მილოცვებს, რომლიც გიგი უგულავას მისამართით ჭანტურიასა და ალასანიას მხრიდან გაისმა, ინგა ამბობს, რომ ეს დიდი პოლიტიკური კულტურის გამოვლინებაა, რომლითაც თავად ვერ დაიკვეხნის, „ვერაფერი მაიძულებს ვაღიარო „ნაციონალური მოძრაობის“ შედეგები, ამხელა პროცენტის არ მჯერა“.

რაც შეეხება ამ ბოლო დროს გახშირებულ საუბრებს ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩვენებზე, ინგა გრიგოლიას აზრით, ამ ეტაპზე არანაირი მუხტი ასეთი პროცესების დასაწყებად არ შეინიშნება.

„თუ ხელისუფლება უხეშად რომ ვთქვათ, ისევ აბოლებს ხალხს და არ აპირებს ითანამშრომლოს სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სოციალურ თემებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან, მაშინ შეიძლება წამოვიდეს საამისო მუხტი, მაგრამ ბოლო აქციებმა, სადაც 300 კაცამდე მივიდა და არჩევნების შედეგებმა, აჩვენა, რომ ახლა ამის დრო არ არის. თუ გიგი უგულავა აპირებს, როგორც თავად განაცხადა, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას და ეს არი იყო პიარ–განცხადება, ქვეყნისთვისაც კარგი იქნება, რომ ყველაფერი პოლიტიკური დებატებით საკრებულოსა და პარლამენტში გადაწყდეს და ამაში დაგვეხმაროს ხალხის ნება, ვიდრე ვიაროთ ისევ აქციების გზით. თუმცა, გამორიცხული არაფერია.

ინგა გრიგოლიას იმედი აქვს, რომ საკრებულო გადაიქცევა ბრძოლის სერიოზულ იარაღად ქალაქში და ქვეყანაში ბევრი პრობლემის გადაწყვეტისთვის, რადგან ოპოზიცია მიხვდა, რომ საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტირებამ არაფერი მოიტანა. „ვფიქრობ, რომ გაჩეჩილაძე, დავითაშვილი, ბესელია და სხვები რომ შესულიყვნენ პარლამენტში, ბევრი ცუდი შედეგის თავიდან აცილება შეიძლებოდა“.

[მაცაცო კევლიშვილი, presa.ge]


გაზიარება