თუთბერიძე ბოდიშს იხდის?


თუთბერიძე მეგობრობის ორდენს გადასცემს გიგი თევზაძეს და ”მამა ბუასილს”...

ერიდეთ ჩვენს მოტყუებას! ნუ ეცდებით მახე დაგვიგოთ. ვიდრე თქვენი საბრალო ტვინი რამეს გაიფიქრებდეს, ჩვენ უკვე გვეცოდინება ყოველივე, რადგან მონიჭებული გვაქვს სასწაულებრივი ძალა ჩავწვდეთ ადამიანთა ფიქრსა და ზრახვებს. შუქი, გამომდინარე იმ კაცის გამჭვირვალე თვალიდან, ვისაც ფეხები შიშველი აქვს, სახეზე კი მხოლოდ ცალ მხარეს ეზრდება წვერი, ადგილზე გაგაქვავებთ, თქვენს ქვეყანაში უბედურებას უბედურებაზე დაატრიალებს. მისი მოძრავი კბილები პირიდან გადმოხტებიან და ტანში ჩაგესობათ, რომ შეგჭამონ არა მარტო თქვენ, არამედ თქვენი ცოლებიცა და შვილებიც. ჯადოსნური მილები კი საცერივით დაცხრილავენ თქვენს სხეულს.
(ჰენრი რაიდერ ჰაგარდი, “სოლომონ მეფის საგანძური”)

კოკობზიკა კუკუზნაკო... კიკოლიკო ზალიკო, აბა, ჩემო ვალიკო... აი, შე დევნილო, შენა... ულვაში რა უყავ, ბიჭო? პარლამენტის წევრი ხარ, ტო?! ბაქრაძეს შეხვდი და რამე? ხელი ჩამოგართვა და ხელი ჩამოართვი? დიდი კაცი ხარ და ქონებრივი დეკლარაცია უნდა წარადგინო? სანდრომ რაო – მიდი და მოვდივარო? აი, შე კოკობზიკა კუკუზნაკო, შენა! კანონები უნდა წერო? პულტი გექნება და რამე? პაეზდკებში ივლი და რამე? ვარდს გაეფურჩქნა კოკორი თუ კოკორს გადაეფურჩქნა ვარდი? და, რაო, მანანამ? რაო კლარამ, პატიოსნების განსახიერებამ? რაო, ფლორამ და ჯულიეტამ? კოკობზიკა კუკუზნაკო... ა, შენ, ბროლია, კაფენტი... ა, შენ, კიკუ, თუმანი და ეთამაშე მიშას კუკუდამალობანა – მიშა მოკუკავს, შენ დამალე.

“პარტია «თავისუფლების” ლიდერი პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს ხვდება” - იყო ასეთი ნიუსი. ამ ნიუსს მას შემდეგ ველი, რაც პირველი პრეზიდენტის პირველი ვაჟი დევნილობიდან დაბრუნდა. პარტია “თავისუფლება”... ეს არც პარტიაა და არც თავისუფლება და არც ის უბედური იყო პრეზიდენტი და განა ეს პარლამენტია? დევნილობა არა, კვერცხი! პრეზიდენტი იყო მანანა, პარლამენტი არის მიშა. კაცი იყო მერაბ კოსტავა!

ის უბედური არ იყო პრეზიდენტი. ის უბედური იყო უბედური შემთხვევა.
- “საკანონმდებლო ორგანოში კონსტანტინე გამსახურდია რამდენიმე წუთის წინ სანდრო ბრეგაძესთან ერთად მივიდა, თუმცა სანდრო ბრეგაძემ პარლამენტის თავმჯდომარის ოთახი უკვე დატოვა. კონსტანტინე გამსახურდიას შეხვედრამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. სავარაუდოდ იგი პარლამენტის თავმჯდომარესთან პარლამენტში დაბრუნების შემდეგ სამოქმედო გეგმებზე ისაუბრებს. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხება, ასევე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიას”, - ესეც, ნიუსი.

შემდეგი ნიუსის ციტირებით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ სათაურს გეტყვით და მერე ერთად ვიფიქროთ. აი, ისიც: “დავით ბაქრაძე - დაინტერესებული ვარ, რომ პარლამენტში იყოს აქტიური ოპოზიცია”. პრინციპში, აქ საფიქრალი არც არაფერია. დავით ბაქრაძე დაინტერესებულია, ხოლო დავით ბაქრაძის დაინტერესებით დაინტერესებულია კოკო გამსახურდია, რომლის დაინტერესებას ხელი შეუწყო დაინტერესებულმა სანდრო ბრეგაძემ. ხოლო მე იმ ნიუსში ერთმა წინადადებამ დამაინტერესა - “იგი პარლამენტის თავმჯდომარესთან პარლამენტში დაბრუნების შემდეგ სამოქმედო გეგმებზე ისაუბრებს”.

ალბათ, იასაუბრა კიდეც. ანუ, ატჩოტები ჩააბარა, ამ კანონს დავწერ, იმ კანონში ცვლილებას შევიტან, ასეთი ინიციატივებით შემოვალ და ისეთი წინადადებებით გამოვალო. ჩანგლების მბრძანებელი ამ დროს თავს უქნევდა, აქებდა და ბოლოს უთხრა, თუ კარგად მოიქცევი, აუზში წყალს ჩაგისხავ და კომისიას მამაშენის მკვლელობის დასკვნას გამოვატანინებ, ოღონდ, არასოდეს დაივიწყო, რომ ჩვენი პარტია თქვენი პარტიის მესაჭეაო.

- “ნადვილად დაინტერესებული ვარ, რომ კონსტანტინე გამსახურდიას პარლამენტში შემოსვლა იყოს ის ნაბიჯი, რომელიც გააძლიერებს პოლიტიკურ დებატებს. ეს კი, გააძლიერებს საპარლამენტო ოპოზიციას და პარლამენტში მიმდინარე პროცესს”, - განაცხადა ბაქრაძემ.

ჩანგლების მბრძანებელს გულში ღრმად ჰქონია ამოჭრილი პარლამენტში ოპოზიციის გაძლიერება, ეს ყოფილა მისი სანუკვარი, ნალოლიავები ოცნება. ეს რაც შეეხება ჩანგლების მბრძანებელს. კოკო გამსახურდია ამის შემდეგ შეხვდა ხათუნა გოგორიშვილს – კოვზების მბრძანებელს, რომელმაც მას დაწვრილებით აუხსნა, რომ კოკო უკვე დიდი ბიჭია და უახლოეს ერთ თვეში საჯარო სამსახურის ბიუროში ქონებრივი დეკლარაცია უნდა წარადგინოს და სამშაბათს, პარლამენტის სხდომაზევე, პარლამენტის ფიცს მოაწეროს ხელი. “თავში ქვას არ ვიხლი?” - გულში გაუკვირდა კოკოს, ხმამაღლა კი თქვა: “თუ მიბრძანებთ, ისევ მოვუშვებ ულვაშს” და საულვაშეზე თითი მიშასებურად მოისვა.

ამ დროს თეფშებისა და ქვაბების მბრძანებელი პოლონეთში იმყოფებოდა და თავის კოლეგას, ლეხ კაჩინსკის ხვდებოდა. ამჯერად, ბებო არ წაიყვანა - ქუვეითის შემდეგ პოლონეთში აკლიმატიზაცია გაგიჭირდებაო. სააკაშვილმა კაჩინსკის, შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი მადლობელია იმ პოლიტიკური მესიჯებისთვისაც, რომელიც პოლონეთიდან მოდის.
ანუ, როგორც ვხვდები, მთელი პოლონეთი მიშას ემესიჯება.

რა თქმა უნდა, არ მჯერა, რომ სააკაშვილს მთელი პოლონეთი წერილებს წერს და სიყვარულს უხსნის, მაგრამ ვაღიარებ, რომ ნუგზარ წიკლაურისა და კოკო გამსახურდიას, ანუ ქვაბებისა და თეფშების მბრძანებელს, ნამდვილად ეხერხება საკუთარი თავის რეკლამირება.

გასულ კვირაში თბილისში რეკლამის, პოლიგრაფიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. წარმოდგენილი იყო პოლიგრაფიული მასალები, დანადგარები, ტექნოლოგიები, აქსესუარები და პროდუქცია; სრული სარეკლამო მომსახურება უახლესი სარეკლამო ტექნოლოგიებით, სარეკლამო აქსესუარები და ბიზნეს სუვენირები... სერიოზული გამოფენა იყო და დიდი ინტერესი გამოიწვია.

ნამდვილი სენსაცია გამოიწვია ერთ-ერთმა ექსპონატმა, რომელიც პავილიონის ცენტრში იყო გამოფენილი და რომელსაც «ჩელინის ვენერას» მსგავსად პოლიცის გაძლიერებული რაზმები და სიგნალიზაციის უახლესი სისტემები იცავდნენ. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის ცრემლი, რომელიც მან ცნობილ სარეკლამო რგოლში გადმოაგდო. თავად სააკაშვილი ამ დროს ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც, როგორც ითქვა, “სამუშაო შეხვედრები გამართა”. რა თქმა უნდა, ეს სარეკლამო ტრიუკია. მიშა და მუშაობა? მიშა ლამის ერთადერთი ადამიანია, ვინც არ მუშაობს და მაინც ჭამს. და მერე რამდენს ჭააამს... ესეც სარეკლამო ტრიუკია, აქაოდა, რადგან ვჭამ ე. ი. ვმუშაობო. რადგან ბევრს ვჭამ, ე. ი. ბევრსაც ვმუშაობო.
იმუშავეთ - ვირებო, ჭამეთ - ბრიგადირებო.

ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც, როგორც მანამდე თვითონ ამბობდა, უნდა შეხვედროდა ოსებს და აფხაზებს. ნოღაიდელი შეხვდა მარსის, ვენერას და პლუტონის მოქალაქეებს, დიდი დათვის თანავარსკვლავედის წარმომადგენლებს, ორიონის სარტყელის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში, მაგრამ ვერ შეხვდა ოსებს და აფხაზებს. ჩამოვიდა თუ არა, მაშინვე გაავრცელა, რომ “მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში ვიზიტით კმაყოფილია”.

ეს მე ჩემებურად მესმის - ნოღაიდელი იმით კი არ არის კმაყოფილი, მოსკოვში რომ იყო, არამედ იმით, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში არ იყო საქართველოში.

- “ვიცი, რომ დავით ბოლქვაძე ვახტანგ ქობალიას არ მოუკლავს. ისიც ვიცი რა უნდა ხელისუფლებას მსგავსი შეკითხვებით, რომელთაც მისი დაკვეთით თქვენ მისვამთ. სააკაშვილს ანერვიულებს, რომ სამეგრელო წავართვით და ჯიბეში ვეღარ ჩაიდებს”, - განაცხადა ნოღაიდელმა “რია ნოვოსტის” ოფისში გამართული ტელეხიდის მსვლელობისას.

სამეგრელო წავართვითო... რას არ იტყვის დაღლილი კაცი... როცა პეტრე მამრაძე გაწევრიანდა ნოღაიდელის პარტიაში, ხისტმა-ზურაბამ ალბათ თქვა, სააკაშვილს ცხრა მთავრობა და სახელმწიფო კანცელარია წავართვითო.

ვიცი, რომ დავით ბოლქვაძე ვახტანგ ქობალიას არ მოუკლავსო... ეგ თუ იცოდი, სად იყავი ამდენ ხანს? მწვანეებში, მოქალაქეებში, ნაციონალებში... ვახტანგ არა ცელი!!! ლოთი და მორჩა. ბასიაკი. ამ ზვიადისტების შუბა რომ დავხიე...

საერთოდ, კოკობზიკურ-კუკუზნაკური კვირა იყო და ისე როგორ იქნებოდა, ზვიად ძიძიგურს რომ არ ეკოკობზიკ-ეკუკუზნაკა? გასულ კვირაში “კონსერვატორებმა” პარტიის დროშა შეცვალეს და ეს ცვლილება 28 ოქტომბრის არჩევნების 19 წლისთავს დაუკავშირეს, ყველაზე სამართლიანი არჩევნები იყოო, მას შემდეგ ეგეთი აღარ ჩატარებულაო. არ ვდავობ, მაგრამ ხა-ხა-ხა - ყველაზე სამართლიანი არჩევნები საქართველოს ისტორიაში კომუნისტებს ჩაუტარებიათ. არადა, შეგახსენებთ, ზვიად გამსახურდიამ ორი არჩევნები ჩაატარა - ადგილობრივი და საპრეზიდენტო.

აწი, კონსერვატორების დროშა სამფეროვანი იქნება. გავკადნიერდები და საკუთარ აზრს ღიად დავაფიქსირებ. ჩემი აზრით, კონსერვატორების დროშაზე გამოსახული უნდა იყოს სამტრედიის გადაკეტილი სარკინიგზო კვანძი, ხურჯინიანი ზვიად ძიძიგური (ხურჯინში ერთ მხარეს “ბორჯომის” ბოთლები დევს, მეორე მხარეს - ქართული შავი ბაიხის ჩაი) და მიხეილ გორბაჩოვი, რომელიც ტკივილით აღსავსე თვალებით შესცქერის სპეკულანტებში ნაყიდ კონტრაბანდულ ქართულ მინერალურ წყალს.

სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ვლადიმირ პუტინმა ზვიად ძიძიგური თავის პირად მტრად გამოაცხადა, როგორც მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფის ავტორი.

გასულ კვირაში პარლამენტში შევიდა რაღაც კანონპროექტი, რომელიც ნოტარიატის მოწყობის მოყვარულებს დააინტერსებს. კანონპროექტის ავტორები არიან პავლე კუბლაშვილი, ლაშა თორდია, კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა. ეს ამბავი ზვიად კუკავას გამო გავიხსენე. კაცს ჯერ მისალმება არ დაემთავრებინა და უკვე კანონპროექტის ავტორად გამოაცხადეს. თურმე აქამდე მურთაზ ზოდელავა წერდა და ახლა ესტაფეტა კუკავამ გადაიბარა. მიხეილ მაჭავარიანმა იხუმრა კიდეც და განაცხადა, რომ ”ბუნებაში არაფერი იკარგება”. კუკავასი და ბუნების რა მოგახსენოთ, მაგრამ მიხეილ მაჭავრიანი რომ არ დაიკარგება, ამაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ.

კუკავას იურიდიულ კომიტეტში გაწევრიანების მიზნით, იურიდიული კომიტეტის შემადგენლობიდან დეპუტატ მარიკა ვერულაშვილის გაწვევაც მოხდა. ეს რომ ვერულაშვილმა გაიგო, ეწყინა - რატომ აქამდე არ მითხარით, იურიდიული კომიტეტის წევრი თუ ვიყავიო.

მაჭავარიანს დავუბრუნდები. პარლამენტის საკომიტეტო მუშაობაში ვიცე-სპიკერებიდან, მხოლოდ პირველი ვიცე-სპიკერი ვერ ჩერთვება. ეს გადაწყვეტილება საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა მიიღო და არგუმენტად პირველი ვიცე-სპიკერის გადატვირთულ გრაფიკს დასახელა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი კი მიხეილ მაჭავარიანია.

როდის აქეთ არის მიხეილ მეორე გადატვირთული? ალბათ, მაშინ გადაიტვირთა, როდესაც ობამამ და მედვედევმა თითი გადატვირთვის ღილაკს დააჭირეს. დედამიწის ერთ კუთხეში პეპლის ფრთების მოძრაობა დედამიწის მეორე კუთხეში ქარიშხალს იწვევს – ამას ”პეპლის ეფექტი ეწოდება”. ჰოდა, აშშ-ს პრეზიდენტად ობამას არჩევამ მიხეილ მაჭავარიანს დროის პრობლემა მოუხსნა. ახლა მას უკვე შეუძლია, შეაგროვოს საფოსტო და აქციზური მარკები, ასანთის კოლოფები, ანაც მიეხმაროს ხათუნა გოგორიშვილს შუშის სათამაშოების შეგროვებაში.

დავით ოქიტაშვილმა თავის კოლექციაში მორიგი სკანდალი შეიტანა - «რივერდანსის» ვარსკვლავების შოუ. ბანძი შოუ იყოო - ხალხმა თქვა. ”მაჩვენეთ აფიშა, სადაც წერია, რომ ბანძი არ იქნებოდაო” - ენამოსწრებულად უპასუხა ოქიტაშვილმა. ასეა - ზოგი ამაყობს, შვილები მომესწრენო, ოქიტაშვილს ენა მოესწრო.

გასულ კვირაში ლეიბორისტებმა ბევრი რამის გაპროტესტება მოასწრეს – თბილისის ზოოპარკის გადატანა თბილისის ზღვაზე, შრომის წიგნაკების გაუქმება, პენსიების ხუთი ლარით გაზრდა და კიდევ ის, რომ ნიკა გილაური თურმე ”ყავის სახლებს” აკონტროლებს. ლეიბორისტები წუწუნებდნენ, გილაურის უკითხავად ფინჯანი ვერ გადმოგვიბრუნებია და ადამიანურად ვერ გვიმკითხავიაო.

როგორც სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ”ლეიბორისტებს” ერთობლივი ბრძოლის დაწყებას სთავაზობენ, აუცილებლად უნდა დააფიქსირონ პოზიცია მისი პარტიის ძირითად პრინციპებთან მიმართებაში. არ ვიცოდი, ლეიბორისტებს თუ პრინციპები ჰქონდათ. ვიცოდი, რომ ჰქონდათ ზაზა ბეგაშვილი, ჯონდი ბაღათურია, ჯუმბერ შენგელია და სხვები. პრინციპები ნამდვილად არ ვიცოდი.

პრინციპული თეა თუთბერიძის გვერდზე ჰაკერებმა მისი სახელით ბოდიშის განცხადება განათავსეს, ხოლო ასევე პრინციპულმა ედუარდ კოკოითმა ნიჟეგოროდის ოლქის გუბერნატორს მეგობრობის ორდენი გადასცა. მომავალ კვირაში კოკოითის საიტზე ჰაკერები შევლენ და კოკოითის სახელით საქართველოსადმი ბოდიშის წერილს დადებენ, ხოლო თეა თუთბერიძე მეგობრობის ორდენს გადასცემს გიგი თევზაძეს და ”მამა ბუასილს”.

ნინო ბურჯანაძის ყოფილი აგარაკი მერიას გადაეცა. მერია ამბობს, ბავშვებს უნდა გადავცეო, მაგრამ არ აკონკრეტებს - ვის ბავშვებს. საერთოდ, მერიას უყვარს ბავშვები, მაგრამ არ ამბობს, ვისი ბავშვები უყვარს. გასულ კვირაში მერიამ თქვა, ჩვენთან დღეში 2000 მოქალაქე მოდისო. დღეს, 2 ნოემბერს ზუსტად ორი წელი სრულდება, რაც მერიასთან 200 ათასი მოქალაქე მივიდა და უთხრა, ორ ბატს ვერ მოგაბარებთო.

ნამდვილად სასაცილოა ერთი ნამდვილი ამბავი: ”პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ადის-აბებაში (ეთიოპია) მიმდინარე გაერო-ს მოსახლეობის ფონდის, ევროპის საპარლამენტო ფორუმისა (EPF) და აზიის საპარლამენტო ფორუმის მიერ ორგანიზებულ საპარლამენტო კონფერენციაში მონაწილეობს. აღნიშნულ ღონისძიებას 150-მდე ქვეყნის 300-მდე საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციების წარმომადგენელი ესწრება”.

ვერ გეტყვით, წაიყვანა თუ არა გიგი წერეთელმა ეთიოპიაში მისი სათაყვანებელი პრეზიდენტის სათაყვანებელი ბებია (ვიცი, რომ სანდრა წაიყვანა. იქნებ, სანდრამ წაიყვანა გიგი?), მაგრამ ცნობილია, რომ ეთიოპელები ყველაზე მაგარი მორბენლები არიან მსოფლიოში. ამ წუთში მხოლოდ აბიბე ბიკილა მახსენდება. ჰოდა, იმედია, მათ გამოცდილებას იმედი მაქვს მალე გამოიყენებს არა მხოლოდ გიგი წერეთელი, არამედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც.

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ზაალ აბაზაძე თანამშრომლებს ზურაბ პოლოლიკაშვილმა წარუდგინა. ეს სიუჟეტი ტელევიზიით ვნახე. ქართული ტურიზმის ახალი მამა საკმაოდ კარგი ბავშვი ჩანს. პოლოლიკაშვილმა დარცხვენილმა თქვა: ”ზაალ აბაზაძეს საკმაოდ სერიოზული გამოცდილება აქვს ტურიზმის სფეროში და დარწმუნებული ვარ, ახალ თანამდებობაზეც წარმატებულად გააგრძელებს საქმიანობას. მსურს მადლობა გადავუხადო ტურიზმის დეპარტამენტის ყველა ყოფილ ხელმძღვანელს და ავღნიშნო, რომ ტურიზმის განვითარების ახალი სტრატეგია არ იქნება რადიკალურად განსხავებული მანამდე არსებულისგან”.

რომ იტყვიან ხოლმე, ახლანდელი ბავშვები სხვანაირები არიანო, მეცინება, მაგრამ ახლა აღარ გამეცინება. ზაალ აბაზაძე ბავშვია, მაგრამ ”საკმაოდ სერიოზული გამოცდილება აქვს ტურიზმის სფეროში”. თუმცა, საყურადღებო ის არის, რომ ტურიზმში არაფერი იცვლება. ტურიზმმა იკითხოს, თორემ მე - რა?!

ახლა, წავედი. მივდივარ დაბადების დღეზე. 3 საათზე შამფურები უკვე მაყალზე იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს მწვადს შევჭამ და ბევრ ღვინოს დავლევ. როცა ვსვამ, ბევრ სიგარეტს ვეწევი. დილით გავიგებ ახალ ამბავს, რომ ნიკოტინი, ალკოჰოლი და ქოლესტერინი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. გავიგებ, გადავირევი და სასამართლოში ვუჩივლებ სიგარეტისა და ღვინის მწარმოებლებს, სასამართლოში ვუჩივლებ მწვადის მწარმოებლებს – ჩემს მეგობრებს, გუშინდელ იუბილარებს.

და ვიქნები ისეთივე თავხედი და მატყუარა, როგორც ჩანგლების მბრძანებელი, როგორც კოვზების მბრძანებელი, როგორც ვარდების მბრძანებელი და როგორც კოკორი, რომელიც გასულ კვირაში ვარდს გაეფურჩქნა.

გ.კ. (გესმის, კოკო?) მისმინეთ, გუდ, - უთხრა სერ ჰენრიმ, - თქვენ ამ მხარეში გარკვეული როლით გამოცხადდით და ეს როლი ბოლომდე უნდა შეასრულოთ, ვიდრე აქ ვიმყოფებით, შარვალს ვეღარ ჩაიცვამთ, დღეიდან მხოლოდ ეგ პერანგი და ფეხსაცმელი უნდა ატაროთ.
(ჰენრი რაიდერ ჰაგარდი, “სოლომონ მეფის საგანძური”)



[დიტო გელოვანი; “ვერსია“;]

Read more

რუსეთის ორთავიანი არწივი


”გლობალურ დათბობასთან და წყნარი ოკეანის დონის ამაღლებასთან დაკავშირებით, რათა ნაურუ წყალმა არ შთანთქოს, სასწრაფოდ დასჭირდათ დამატებითი თანხა კლდეებისა და ქვიშის შესაძენად. ეტყობა ნაურუში საკმარისად აღარ მოდის ქოქოსი და დამატებითი შემოსავლის წყაროც ვეღარ ნახეს”- ასე აფასებენ პუტინი-მედვედევის ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი რუსი ექსპერტები, ნაურუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

აფხაზეთის დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მეტი დამაჯერებლობა და საქმიანი იერი რომ მიენიჭებინათ, ოფიციალურმა მოსკოვმა მარიონეტული არჩევნების დასრულებიდან მეორე დღესვე პოლიტიკურ არენაზე ახალი ქვეყანა გამოიყვანა, რომელმაც სეპარატისტულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა და ამ გზით მისი სუვერენიტეტი სცნო.

რუსეთის არაოფიციალურ წრეებში იმასაც ამბობენ, რომ აფრიკის ამ ჯუჯა სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ერთ-ერთი კონფლიქტური რეგიონის აღიარება მოსკოვს 50 მილიონი აშშ დოლარი უჯდება, რაც ნაურუს ხელისუფლების გათვლით, გადაუდებელი სოციალური და ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვისაა საჭირო.

რუსეთის ორთავიანი არწივი აშკარად შეზოფრენიის სტადიაზეა, რადგან ისედაც განიავებული სახელმწიფო ბიუჯეტით ახლა აფრიკის ქვეყნების სოციალურ- ეკონომიკური დონის გაუმჯობესებაზე ”იწყებენ ზრუნვას”.

რუსი პოლიტოლოგი ვალერია ნოვოდვორსკაია მიიჩნევს, რომ რუსეთს განზრახული აქვს აზია-აფრიკის ქვეყნების შესყიდვა, მაგრამ ამჯერად ფული მხოლოდ აფრიკის ერთი ქვეყნისთვის ეყოთ.

”როგორც ჩანს პატარა კუნძულებისთვის რუსეთს ფული ჯერ კიდევ ჰყოფნის. აფხაზეთმა გადაწყვიტა წავიდეს თავის დიდ ძმასთან, მაგრამ ვგონებ უკვე თვითონაც აღარ იციან რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან. ერთ ჯიბეში რუსული პასპორტი უდევთ, მეორეში კი აფხაზური,”- აცხადებს ნოვოდვორსკაია.

მისი შეფასებით, მეტად საინტერესო ისტორია გამოდის, როდესაც აფხაზეთში პრეზიდენტს სულ სხა ქვეყნის მოქალაქეები ირჩევენ.

”რამდენადაც ვიცი რუსული პასპორტები მისცეს ყველას, როგორ ირჩევს პრეზიდენტს ეს ვითომც და დამოუკიდებელი რესპუბლიკა, როდესაც მისი მოქალაქეები პარალელურად რუსეთის მოქალაქეებიც არიან. ჩემთვის უკვე სულერთია ამ ჯუჯა სახელმწიფომ მიიღო თუ არა ბედიერება რუსეთის ბიუჯეტის წყალობით, რადგან მე, როგორც გადასახადების გადამხდელს, მიმაჩმია, რომ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტი განიავებულია,”- ამბობს რუსი ექსპერტი.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება იხტიბარს არ იტეხს. ის ფაქტი, რომ რუსეთის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობების გაბმა სოხუმს მსოფლიოს ყველაზე პატარა ქვეყანასთან მოუხდა, დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასთვის არაფერს ნიშნავს, უფრო მეტიც, ნაურუ მის კარიერაში უდიდეს გამართლებად ჩაიწერება.

50 მილიონი აშშ დოლარში საქართველოს მეორე კონფლიქტური რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებაც შედის თუ არა, ამ ეტაპზე უცნობია. ვინ იცის იქნებ ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა ნაურუმ შეღავათიან ფასშიც შეძლოს. რუსეთის გარდა აფხაზეთი ნიკარაგუამ და ვენესუელამ აღიარა.

ახალი ჯუჯა სახელმწიფოების გამოჩეკაში მონაწილეობის გარდა, ოპოზიციურად განწყობილი რუსი პოლიტოლოგები პრეზიდენტ მედვედევს პუტინის ”შესტიორკობასაც” საყვედურობენ. რუსეთის პოლიტიკურ წრეებში პროგნოზირებენ, რომ ”ორთავიანი არწივი ერთ თავს” ახალი, 2010 წლის დადგომამდე დაკარგავს.

პოლიტოლოგ ვალერია ნოვოდვორსკაიას კი მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი პრემიერ-მინისტრის მიმართ არანაირ პოლიტიკურ შეტევას არ განახორციელებს და არც სახელმწიფო გადატრილებას მოახდენს, რათა ამ გზით ბოლოსდაბოლოს გახდეს პრეზიდენტი და პუტინის მთავრობა დაითხოვოს.

”რა თქმა უნდა კანონიერად არჩეული პრეზიდენტის მხრიდან (როგორადაც მედვედევი მიიჩნევს თავს), ეს სახელმწიფო გადატრიალებაა. მას უფლება აქვს დაითხოვოს მთავრობა, მაგრამ ამას არ გააკეთებს. მედვედევი ყოველთვის საუბრობს ისეთ საგნებზე, რაც ემთხვევა პუტინის პოსტულატებს. მედვედევს უდიდესი ძალაუფლება აქვს, მაგრამ ვერ იყენებს. არც ხადარკოვსკისთან დაკავშირებით გამოუთქვამს ჯერ აზრი, არც პოლიტპატიმრების შეწყალებაზე საუბრობს.

ამდენად, არ არის საჭირო ორთავიან არწივს მოვაცალოთ ერთი თავი და გვქონდეს იმის ილუზია, თითქოს ეს თავები შეზოფრენიის სტადიაზე გაიყოფა და ერთი დაკორტნის მეორეს. არ არის საჭირო ახალი რუსული ზღაპრის მოგონება, თითქოს ”ზმეი გარინიჩის” ერთი თავი კონფლიქტში შევა მეორე თავთან და გაუშვებს მას თანამდებობიდან, ასეთი რამ რუსულ ხალხურ ზღაპარებში არ წერია,”- განაცხადა ”the new times”-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ვალერია ნოვოდვორსკაიამ.


Read more

ადვოკატების პროტესტი


სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დღეს, გიორგი ალხაზიშვილისა და ლევან გოგიჩაიშვილის ინტერესების დამცველებმა დატოვეს. ადვოკატთა განცხადებით, მოსამართლემ საქმეში ახლად ჩართულ ადვოკატებს საქმის მასალის გაცნობისთვის გონივრული ვადა არ მისცა.
Read more

მიშამ ფარმაცევტებს გადაჰკრა


ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ახლა აღმოაჩინა, რომ ფარმაცევტულ ბიზნესში სრული განუკითხაობაა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სააკაშვილი არც პრესას ეცნობა და არც ობიექტურ ინფორმაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქამდე ერთხელ მაინც მოკრავდა ყურს მედიკამენტების საარაკო სიძვირის თაობაზე ინფორმაციას, რომლისშესახებაც ბოლო ორი წელია სპეციალისტები და ჟურნალისტებიდაუღალავად საუბრობენ.

წამლების გაძვირების შესახებ ცნობა საქართველოს პრეზიდენტის ყურს ვაზისუბანში, ცოტნიაშვილების ოჯახში სტუმრობისას მიწვდა.მედიკამენტებით ხელდამშვენებული ქვეყნის პირველი პირი დაინტერესდა, თუ როგორ იღებს პენსიონერი ცოლ-ქმარი სამეციდინო დახმარებას, მოქმედებს თუ არა დაზღვევის სისტემა და რამდენად ძვირის გადახდა უწევთ მედიკამენტებში.

მოხუცებისგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ, რომ მათ პენსიის თითქმის ნახევარი წამლებში ეხარჯებათ, სააკაშვილმა საქართველოში მოქმედი ფარმაცევტული კომპანიები გააკრიტიკა და განაცხადა, ქვეყანაში მედიკამენტები რეალურ ფასზე 40%-ით ძვირია.

- ”რატომ უნდა ღირდეს წამლები საქართველოში უფრო ძვირი? იმიტომ, რომ რომელიღაცა მონოპოლისტ კომპანიას ხალხის ხარჯზე ხელის მოთბობა უნდა. ახლა ვმუშაობთ ახალ კანონზე, რომელიც ამ ყველაფერს დაარეგულირებს”, - განაცხადა პრეზიდენტმა, რომლის განმარტებითაც, ახალი კანონის დამტკიცების შემდეგ მედიკამენტების ფასი საქართველოში 4-ჯერ გაიაფდება დასამედიცინო დახმარებაც ყველასთვის ხელმისწავდომი იქნება.

სააკაშვილი ამას ისეთი სახით ამბობდა, თითქოს მან პირველმა აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში მედიკამენტებზე მონოპოლიური ფასებია. თითქოს ბოლო 3 წელია ექსპერტები და სპეციალისტები გაუთავებლად სწორედ ამაზე არ საუბრობდნენ, თითქოს ახალი ამბავია, რომ ბოლო წელიწადნახევარში წამლები 150%-ით გაძვირდა.

პრეზიდენტმა ისიც არ იცის, რომ მის მეირ ნახსენები ახალი კანონპროექტი უკვე შემუშავებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებულია. მიუხედავად ამისა, ჯერ მედიკამენტები არ გაიაფებულა. როგორც სპეციალისტები ეჭვობენ, თუ გაიაფდება, მხოლოდ ის წამლები, რომლებიც ფართო მოხმარების არ არის და მისი რეალიზაცია ისედაც ჭირს. აბა, ყოველდღიური საჭიროების მედიკამეტებს ვინ გააიაფებს. ის მაღალ ფასშიც უპრობლემოდ იყიდება.

პრეზიდენტის შეცდომის გამოსწორება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კოკა ფრუიძემ ითავა. მისი განცხადებით, პრეზიდენტი ფარამცევტული საქმიანობის შესახებ არსებული კანონის კანონქვედებარე აქტებს გულისხმობდა, რომლებიც წამლების გაიაფებას შეუწყობს ხელს. ფრუიძის მტკიცებით, საუბარია რამდენიმე ახალ ინიციატივაზეც, დაფინანასების ახალ მოდელებზე, რაც ასევე წამლების გაიაფებისკენაა მიმართული.

ცნობისათვის, 15 ოქტომბრიდან ”წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონში მთავრობის ინიცირებული ცვლილებები ამოქმედდა, რომლის მიზანი ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიის მოსპობა, კონკურენციის ამაღლება და მედიკამენტების გაიაფება იყო. ახალი წესების თანახმად, მაღალი სანდოობის ქვეყანაში, ან ორგანოში დარეგისტრირებული პრეპარატის ქვეყანაში შემოტანისას იმპორტიორი აღარ გადის რეგისტრაციას და მხოლოდ საჭირო დოკუმენტაციას წარმოადგენს. ამასთან, თუკი აქამდე მედიკამენტების შემოტანა პირდაპირ მწარმოებლისაგან ხდებოდა, ახლა უკვე წამლის ბაზარზე შეძენა და შემოტანა შეიძლება.

კიდევ ერთი სტრუქტურა, რომელიც პრეზიდენტის კრიტიკის ობიექტი გახდა, პატენტების ბიუროა. სააკაშვილის თქმით, ფარმაცევტული კომპანიები, პარლამენტის გვერდის ავლით, სწორედ პატენტების ბიუროსთან კორუფციული გარიგების შედეგად ცდილობენ ქვეყანაში მედიკამენტებზე მაღალი ფასები შეინარჩუნონ.

- ”კომპანიებმა ნახეს პატენტების უსაქმური ბიურო, რომელიც უუნარო და უქნარა ხალხითაა დაკომპლექტებული და გადაწყვიტეს,მოგვატყუონ. ჰგონიათ, გვძინავს და ეს ქვეყანა იდიოტებისგან შედგება”, - განმარტა სააკაშვილმა.

ეს ქვეყანა ვისგან ”შედგება” ძერ კიდევ გასარკვევია, მაგრამ ხელისუფლებას რო ძინავს, ეს უდოვოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფარმაცევტული კომპანიები ასე ვერ გაილაღებდნენ და ბაზარზეც ოლოგოპოლიურ ვითარებას არ მივიღებდით.

აბობოქრებული პრეზიდენტის დამშვიდებას ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი შეეცადა, რომელიც თურმე მედიკამენტების გაიაფებას 2010 წლის გაზაფხულიდან ვარაუდობს.

- ”წამლებზე ფასების შემცირებას მარტი-აპრილიდან მოველით”, -უპატაკა კვიტაშვილმა სააკაშვილს, თუმცა მინისტრს საკუთარისიტყვების ბოლომდე არც ეჯერა.

[თემურ დოლიძე, presa.ge]
Read more

გაჩეჩილაძე ზუგდიდში


[ფოტო] ლევან გაჩეჩილაძე დღეს ზუგდიდს სტუმრობდა. თანამოაზრეებთან შეხვედრა "დაიცავი საქართველოს" ოფისში შედგა. განიხილებოდა 15 დღის წინ დაწყებული შიმშილობის აქცია. ორი მოქალაქე ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით შიმშილობდა. ლევან გაჩეჩილაძემ მოშიმშილეებს აქციის შეწყვეტისა და კარვის აღებისაკენ მოუწოდა. მოძრაობის ლიდერმა დღეს თანამოაზრეებს სამომავლო გეგმები გააცნო და განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან უკვე "ძალის ენით" ლაპარაკია საჭირო.

მისი თქმით, მშვიდობიანი აქციებით და მოთხოვნებით ადამიანის უფლებებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან ვერაფერი მოახერხეს. გაზაფხულიდან კი გაჩეჩილაძე საპროტესტო მოძრაობის ახალი ტალღის დაწყებას აპირებს. [ვიდეო]

["რუსთავი2"]
Read more

ვახანიას პროცესი


9 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას სასამართლო პროცესი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2008 წლის 12 ოქტომბერს იარაღის უკანონოდ შენნახვის და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს. განსასჯელის ადვოკატების ნუგზარ კვარაცხელიას, გია ებრალიძის, ლალი აფციაურის, ილია ლომიას და ლილი გელაშვილის მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გაზეთ "სამეგრელოს ქრონიკას" ჟურნალისტმა ლელა ხუბულავამ აუდიოფირი, რომელიც დაკავებულის სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზეზი გახდა, საკუთარი ნებით გადასცა ვლადიმერ ვახანიას. დევნილი აკადენიკოსის დამცველების, ოჯახის წევრების და მოწმეების მტკიცებით კი ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა თავად შეიტანეს და ის ვახანიას საკუთრებად გაასაღეს.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბატონ ვლადიმერს 4 წლით თავისუფლების აღკვთა მიუსაჯა.
არანაკლებ ცივსისხლიანი აღმოჩდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები მარინა სირაძე, მარინა იმერლიშვილი და მურთაზ კაპანაძე, რომლებმაც პროცსზე ადვოკატების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს და ჯანმრთელობის მძიმე მგომარეობით დარბაზში მყოფ ვახანიას, ოჯახის წევრთა კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად სასმელი წყალი არ მიაწოდეს. ამ ფაქტს განსასჯელის დის ნანი ვახანიას პროტესტი მოჰყვა, ის წყობიდან გამოსული სასამართლოს თავმჯდომარე სამივე მოსამართლეს მისი ძმის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებდა. სირაძემ, იმერკლიშვილმა და კაპანაძემ კი მისი სხდომიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს. შოკურ მდგომარეობაში მყოფი ნანი ვახანია მანდატურებმა ძალის გამოყნებით დარბაზიდან გაიყვანეს. ინციდენტი "კონსერვატიული" პარტიის ლიდერებმა კახა კუკავამ და ზვიად ძიძიგურმაც გააპროტესტეს, მხოლოდ მათი და ადვოკატების ჩარევის შემდეგ მოხდა ვლადიმერ ვახანიას სასმელი წყლით მოსულიერება.
ნანი ვახანია: "მე ვითხოვდი მხოლოდ ერთს ჩემი ძმისთვის მიეცათ წყალი, რადგან ის ძალიან ცუდადაა. ჩემი პროტესტის შემდეგ წყალი დაალევინეს. თუ შესაძლებელი იყო მანმადე რატომ არ დააკმაყოფილეს ეს მოთხოვნა?! ძალიან ძნელია ადამიანმა ეს ყველაფერი მოითმინოს. მაქვს საფუძვიანი ეჭვი, რომ ვლადიმერის მოწამლვა გრძელდება. დაახლოებით ერთი კვირის წინ შევხვდი მას და თავს შედარებით კარგად გრძნობდა, დღეს კი ფერდაკარგული და ბევრად გამხდარია. ეს ჩემთვის მტკივნეულია~.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარეს პროკურორი დიმიტრი ხვიტია და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის როლანდ ახალაიას პირველი მოადგილე მამუკა ბალიაშვილი წარმოადგენდნენ. დარბაზში ბალიაშვილის გამოჩენამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქმე კვლავ საოლქო პროკურორ როლანდ ახალაიას პირად კონტროზლზეა.
განხილვა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა დაცვის მხარემ სახელმწიფო ბრალმდებელთან ვერანაირ შეთანხმება ვერ მიაღწია. ადვოკატ ლალი აფციაურის მიერ დაყენებული შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების გათავისუფლებით შეცვილს თაობაზე მოსამართლეებმა და პროკურორებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, მათ არად ჩააგდეს გუკლის იშემიური სენით დაავადებული და უეცარი სიკვდილის მაღალი რისკის მქონე აკადემიკოსის მძიმე მდგომარეობა, და პროცესი 25 დეკემბრის 12:00 საათამდე გადადეს.
ლალი აფციაური: "დაცვის მხარის მიერ ჩატარებული იქნა სასამართლო სამედიცინო კომისიური ექსპერტიზა, რომლის საფუძველზეც მტკიცებულების სახით მოგვეცა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ვლადიმერის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება. ის გახლავთ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფი. რაც შეეხება დაკავებულის მოწამლვის ფაქტებს, ჩვენ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში არ მოგვეცა ციხეში ექპერტების შეყვანის საშუალება სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ჯიუტად გვეუბნებოდა უარს ვახანიას გამოკვლევაზე. საქმეში ჩავრიეთ ევროპული სასამართლო, მათ 39 მუხლის რეგლამენტის მიხედვით სახელმწიფოს დაავალეს შეეშვათ სამედიცინო ექსპერტები პატიმართან. ნაწილობრივ დადასტურდა, რომ ვახანიას წამლავდნენ.
გვაქვს ახალი მტკიცებულებები, რომელიც უკვე წარვუდგინეთ ქუთაისის სასამართლოს და იმედს ვიტოვებთ, რომ მათ მიერ მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება".
ლილი გელაშვილი: "დღეს იყო მოსამზადებელი სხდომა. მინდა აღვნიშნო, რომ ჯერ არ ვართ სასამართლო გამოძიების ეტაპზე გადასული. 25 დეკემბერს კვლავ გაგრძელდება შუამდგომლობების დაყენება და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება~.
პროცესზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, ზვიად ძიძიგურმა კახა კუკავამ და "კონსერვატიული" პარტიის სხვა წევრებმა მოძრაობა `მთლიანი საქართველოს" მომხრეებთან ერთად სასამართლოს შენობსთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციაც გამართეს.
ზვიად ძიძიგური: "ეს პროცესი იყო უსამართლობის ზეიმი. პირადად მე არ მაქვს იმედი, რომ სააპელაციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, თუმცა საბოლოო ჯამში ბატონი ვახანია აუცილებლად გამართლდება, რადგან როლანდ ახალიას მიერ ეს საქმე ძალიან ცუდად გახლავთ "შეკერილი". გაყალბებულია მოწმეთა ხელმოწერები, ვახანიასთვის "ჩაგდებულია" იარაღი გვხვდება ბევრი არაკვალიფიციურად შექმნილი მტკიცებულება.
ამ საქმით უნდა დაინტერესდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები. დარწმუნებული ვართ, რომ ისისნი სიმართლეს იტყვიან საქართველოში არსებული მართლმსაჯულების შესახებ.
საჭიროა საზოგადოების აქტიურობა. ეს პოლიტიკური პროცესია, და საქართველოში არსებული რეპრესიების ბრწყინვალე მაგალითი. მოვუწოდებ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს და რიგით მოქალაქეებს აქტიურად ჩაერთონ პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას დაცვის საქმეში".
კახა კუკავა: "ეს არის იშვიათი საქმე, აკადემიკოს ვახანიას ბრალად ედება ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა ტარება – ასეთივე ბრალდება ხელისუფლების უამრავ პოლიტიკურ ოპონენტს აქვს წაყენებული. ეს საქმე უნიკალურია იმით, რომ დაცვის მხარეს აქვს ვიდეომტკიცებულება, რომელიც ამტკიცებს ბრალდებულის უდანაშაულობას. ზუგდიდის პროკურატურა აღმოჩნდა ისეთივე უნიჭო მტკიცებულებების განადგურებაში როგორც მათ შექმნაში. როდესაც სამართალდამცავებმა ჩხრეკის დროს დააზიანეს ვახანიას სახლში არსებული დაცვის კამერები, ვერ წაშალეს ის კადრები, რომელიც იქ არსებულ რეალურ სიტუაციას ასახავდა. ვიდეოში ჩანს, რომ ჩხრეკა ჩაატარა 100 მდე ფორმიანმა სპეცრაზმელმა და არა 5-მა გამომძიებელმა, როგორც ამას როლანდ ახალაიას პროკურატურა ამტკიცებს. დღეს ადვოკატებმა სწორედ ეს ჩანაწერი წარადგინეს პროცესზე.
მომდევნო განხილვას ჩვენი თხოვნით დაესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ვახანიას საქმე შეიძენს საერთაშორისო რეზონანსს. ვიმეორებ, რომ არსებობს უნიკალური ჩანაწერი, სადაც ჩანს თუ როგორ ახორციელებენ ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლები იარაღის "ჩადებას" და ნორმალური სასამართლოს პირობებში უნდა დადგეს ვლადიმერ ვახანიას გამამართლებელი გადაწყვეტილება".
პროცესის დასრულების შემდეგ "ასავალ დასავალმა" ვლადიმერ ვახანიასთვის რამოდენიმე კითხვის დასმა მოახერხა.
–ბატონო ვლადიმერ რას იტყვით დღევანდელ პროცესზე?
–ძნელია რამის თქმა.
–როგორ ფიქრობთ გაგამართლებენ?
–ვნახოთ, ეტაპობრივად მიმდინარეობს ყველაფერი.
მხრების აჩეჩვით გვიპასუხა ფერდაკარგულმა აკადემიკოსმა და მიუხედავად დიდი სურვილისა ჩვენთან საუბარი გაეგრძელებინა ბადრაგის კატეგორიულ მოთხოვნას დაემორჩილა...

[ილია ჩაჩიბაია, "ასავალ დასავალი"]
Read more

ჟურნალისტური სკანდალი



სამეგრელო ზემო სვანეთში გამომავალ, ჟურნალ “ღია ბოქლომის” ვებ.გვერდზე, დაიდო გამოკითხვა, რომელიც ჟურნალისტ ელისო ჯანაშიას ეხება. გამოკითხვის შინაარსიდან გამომდინარე, “ჯეოტოპნიუსი” ჟურნალ “ღია ბოქლომის” მთავარ რედაქტორს, ილი ჩაჩიბაიას დაუკავშირდა.

ილია, “ღია ბოქლომის” ვებ.გვერდზე, დაიდო გამოკითხვა, ჟურნალისტ ელისო ჯანაშიას შესახებ. რამ განაპირობა ამ გამოკითხვის ჩატარება?


ილია ჩაჩიბაია

“ეს იყო ჩვენი მკითხველის მოთხოვნაც. მე, როგორც ჟურნალისტი, დღემდე ელისო ჯანაშიას ვთვლიდი კოლეგად და ამის გამო არ მინდოდა მისი შავი საქმეების გამომზიურება, მაგრამ ის გუშინ ყოველგვარ ზღვარს გადავიდა და მომაყენა შეურაცყოფა. ერთ–ერთ ცნობილ საიტზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დიალოგი მქონდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრთან თამარ გურჩიანთან, ფოთის გაზეთის რედაქტორი ჯანაშია კი ამ დროს შემოგვეჭრა საუბარში და ჩემზე ათასი სისაძაგლე დაწერა კომენტარებში.

ეს ქალბატონი არის რუსეთის აგენტი და მე ამას მალე დავამტკიცებ. ჩემი სტატიის მეშვეობით. ღიად აცხადებს თითქოს სოროსის ფონდისგან ფინანსდება, სინამდვილეში კი ბერეზოვსკია მისი სპონსორიც და მამაც. აბა გადავხედოთ მის გაზეთს, რუსეთის ქება დიდების მეტს ვერაფერს ნახავთ”.

საკმაოდ მძიმე ბრალდებაა. რა მტკიცებულებებით შეგიძლია ამის დადასტურება?

” ჯანაშია თვის თავს ჟურნალისტს უწოდებს, თუმცა ავიწყდება, რომ საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს გიორგი თარგამაძის ”ქრისტიან დემოკრატებიდან”. არ ვაპირებ ამ “უღირს დედაკაცზე” ამ დროისთვის სხვა სახის კომენტარი გავაკეთო. მალე ნახავს ვინც არის ილია ჩაჩიბაია!

ილია ჩაჩიბაიას განცხადებებზე, ”ჯეოტოპნიუსი” კომენტარისთვის, ფოთში გამომავალ გაზეთ “თავისუფალი სიტყვის” რედაქტორს, ელისო ჯანაშიას დაუკავშირდა.

ელისო ჯანაშია: რადგან “ღია ბოქლომის” თავხედობაზეც მომიხდა პასუხის გაცემა, დიდი სიამოვნებით შევეცდები

მაგრამ დღეს მან “ფეისბუქზე” სიტყვიერი შეურაცხყოფაც მომაყენა და ეს უკვე ნამდვილად ბოლო წვეთი იყო. ვინც დამიჯერებს დიდი მადლობა, ვინც არა, გთხოვთ წაიკითხოთ ჩვენი მასალები და დასკვნა თავად გააკეთოთ. მე ფაქტებით ცამოვთვალე ფაქტები, მან ჯერ პირადი შეურაცხყოფის გარდა, ჩემი თაღლითობისა და მატყუარობის დამადასტურებელი ფაქტი ჯერჯერობით ვერ დაასახელა”, განუცხადა “ჯეოტოპნიუსს” ელისო ჯანაშიამ.

რაც შეეხება ელისო ჯანაშიას წინააღმდეგ გაჟღეებულ ბრალდებებს, ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, მტიცებულებეს ის უახლოეს დღეებში წარმოადგენს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მას ცილისწამებისთვის, პასუხის გაცემა უკვე სასამართლოში მოუწევს.


[რომან ქევხიშვილი, gtn.ge
(ამონარიდი სააგენტო გეოტოპნიუსის
მიერ გამოქვეყნებული სტატიიდან)]
Read more

მსოფლიოს "თხის გრიპი" ემუქრება


ქათმისა და ღორის გრიპების შემდეგ, მსოფლიოს მოსახლეობას ამჯერად თხის გრიპი ემუქრება. უცხოური მედია-საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თხის გრიპის გავრცელების შესახებ შემაშფოთებელი ცნობა ნიდერლანდებიდან ვრცელდება.

ავსტრიული გამოცემის მონაცემებით, ახალი ვირუსით ქვეყანაში უკვე 2300 ადამიანია დაავადებული, მათგან 6 გარდაიცვალა. ჰოლანდიის მთავრობა ვირუსის გავრცელების მასშტაბებით შეშფოთებულია და ათობით ათასი სული თხისა და ცხვრის განადგურებას მოითხოვს. ამჟამად ეპიდემია ნიდერლანდების სამხრეთ ნაწილში მძვინვარებს – ქვეყნის სწორედ ამ ნაწილშია თავმოყრილი ფერმების დიდი ნაწილი, რომელშიც 375 ათასი თხა ბინადრობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალმა გრიპმა 350-დან 55 ჰოლანდიური ფერმა უკვე დააზარალა.

უცხოური მედიის ცნობით, თხის გრიპს სხვა გრიპების მსგავსი სიმპტომები აქვს. დაავადებულს ყელის ძლიერი ტკივილი, სურდო, სისუსტე, თავის ძლიერი ტკივილი, მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. თუ დაავადებული ადამიანი დროულად არ იმკურნალებს, პნევმონიის სიმპტომები ვითარდება, რაც შეიძლება, ლეტალური შედეგით დასრულდეს. სპეციალისტების თქმით, თხის გრიპის მკურნალობა ანტიბიოტიკებით შეიძლება.

განიხილება ასევე ვაქცინის შესაძლო შექმნის საკითხიც. დაავადება ჯერჯერობით მხოლოდ ცხოველიდან ადამიანზე ვრცელდება, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის შემთხვევა კი ჯერ არ დაფიქსირებულა.

Read more

გათავისუფლების მოლოდინი


ლევან ხმიადაშვილი და ვიქტორ ბუჩუკური შესაძლოა კვირას გაათავისუფლონ. ჰანსიორგ ჰაბერმა განაცხადა, რომ ტყვეობაში მყოფი ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებისგან ზარს ელოდება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თქმით, ოსურმა მხარემ პირობა დადო, რომ ტყვეობაში დარჩენილ 2 მოზარდს 10 დღეში გაათავისუფლებდა. პატიმრობაში მყოფი მოზარდების გამოშვების ბოლო ვადა კი, კვირა - 13 დეკემბერია. თუმცა, ევროკავშირის წარმომადგენლობას მოზარდების გათავისუფლების საკითხზე ცხინვალიდან ჯერ, არავინ დაკავშირებია. [video]

[itv.ge]
Read more

დიტო გელოვანი - ქინძთა ვარამი


- თქვენ ვერ გაიგეთ, ისინი შეიძლება ჭკვიანებიც არიან. მაგრამ... აი, მაგალითად ავიღოთ ვუნდერკინდი... პიანისტი. მას შესანიშნავი ტექნიკა აქვს, გადასარევი სმენა... და იმავე დროს რაღაცა აკლია. აკლია სიმწიფე, რომელიც მის შესრულებას შესძენდა ტალანტურობას... გენიალობას.
- ვუნდერკინდი ვინ არის? – იკითხა სტეპკომ.
- მე ვიცნობ, - თქვა ომარმა, - ჩვენს სოფელში ჩამოდიოდა ხოლმე განთქმული ფოკუსების მკეთებელი, იმასაც რაღაც მაგნაირი გვარი ჰქონდა... მაგრამ ის ახალგაზრდა არ იყო.
ღმერთო, დიდებულო!... მე ვგრძნობ, როგორ ვსულელდები ყოველ დღესა და საათს...
- ომარ, შენ ვუნდერკრეტინი ხარ! - აღმომხდა მე.
- შენ კი, პირდაპირ იდიოტი, - ყოველი შემთხვევისათვის ომარმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.
(ოთარ ჩიჯავაძე, ”თვითმკვლელები”)

მართლა ვერ გავიგე და ახლაც არ მესმის, რატომ ატყდა ერთი ვაი-უშველებელი. დიდი რამე - წავიდნენ მოსკოვში და ჩამოვიდნენ მოსკოვიდან. რა, მიშა არასდროს ყოფილა მოსკოვში თუ როგორ? იქნებ დაავიწყდათ, საგარეო საქმეთა მინისტრს ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ცრემლები ღაპაღუპით რომ ჩამოდიოდა, ნუ დამღუპავთ, რუსეთის მოქალაქეობას ნუ წამართმევთო. საერთოდ, ჟურნალისტების მიმოსვლა ჩვეულებრივი ამბავია და ამაში არაფერია საოცარი.

შეგახსენებთ, რომ პირადად მიხეილ სააკაშვილის მოწვევით რუსი ჟურნალისტების ჯგუფი ორჯერ იყო საქართველოში ჩამოსული. იქეიფეს, დრო გაატარეს, მწვადი ჭამეს, ღვინო სვეს, სუვენირებით დაიტვირთნენ და წავიდნენ. მიშა გახარებული იყო, ჩვენზე სულ კარგებს დაწერენო. დიდი ფული დაიხარჯა, მაგრამ ნამდვილად ღირდა. რუსებმა გეგმა გადაჭარბებით შეასრულეს - ჩვენზე კარგებიც დაწერეს და კეთილებიც ზედ მიაყოლეს. ხოლო გასულ კვირაში იყო საპასუხო ვიზიტი.

დიდი ამბავი ატყდა ამ საპასუხო ვიზიტთან დაკავშირებით, დიდი ამბავი! არადა, ისეთი არც არაფერი მომხდარა - იყვნენ ცუმ-ში, გუმ-ში, გასტრონომ (სურსათ-სანოვაგე) ”ელისეევსკიში”, ”ბერიოზკაში”, ლენინის მავზოლეუმში და ა.შ. ეს იყო და ეს. სამშობლო არ გაუყიდიათ, პირიქით, რაღაც-რაღაცეები შეიძინეს და ნავაჭრით დატვირთულები დაბრუნდნენ სამშობლოში. რუს ჟურნალისტებს საქართველოში სხვა კი არაფერი გაუკეთებიათ! ჩვენ დავხარჯეთ ფული რუსებზე და საპასუხო ვიზიტის დროს რუსებმა დახარჯეს ფული ქართველებზე.

კიდევ იცით რა მგონია? ჩემი მოკლე ჭკუით ასეთი დასკვნა გამოვიტანე: მაშინ ისინი ჩამოვიდნენ ჩვენი კიტრის სანახავად და ახლა ჩვენები ჩავიდნენ იმათი ქინძის სანახავად.

კიდევ, ის მიკვირს, რატომ წყდება გული ზოგიერთ მოჟურნალისტო ელემენტს, რატომ აღვარღვარებს ცრემლებს, მე რატომ არ წამიყვანეს, მეც მინდოდა იმათი ქინძის ნახვაო! ვითომ, ჯერ ქინძი არ ენახოს, თუნდაც კიტრამდე და თუნდაც კიტრის შემდეგ.

ნიუსის სათაურზე სერიოზულად ვიხალისე. სათაური იყო ასეთი: ”ქართველმა ჟურნალისტმა მედვედევს საქართველოსთან მიმართებაში ”მათრახის” ნაცვლად ”თაფლაკვერის” პოლიტიკის გამოყენება ურჩია”. როგორც ნიუსიდან ვიგებთ, ლომისთვის, მისივე ბუნაგში, თენგიზ პაჭკორიას შეუღრენია: ”ავადმყოფობის მიუხედავად მე მოსკოვში ჩამოვედი, რათა დაგისვათ კითხვა, უფრო სწორად, გირჩიოთ, რომ შეცვალოთ საქართველოს მიმართ წარმოებული პოლიტიკა და ამ პოლიტიკაში მეტი თაფლაკვერი გამოიყენოთ, მათრახის ნაცვლად, არა მარტო სავიზო და სატრანსპორტო საკითხებში, არამედ უფრო სერიოზულ საკითხებში, კერძოდ, კონფლიქტების მოგვარებაში. თუU თქვენ პოლიტიკას შეცვლით, საქართველოს მოსახლეობა ამას სწორად გაიგებს და ეს საქართველოსა და რუსეთის ინტერესებშიც იქნება”.

ხედავთ? არა, გეკითხებით, თუ ხედავთ-მეთქი?! ავადმყოფობის მიუხედავად ჩახვიდე მოსკოვში და ქინძს მათრახი თაფლაკვერით შეაცვლევინო, ეს ხომ პირდაპირ სამოქალაქო გმირობის ტოლფასია!!! გენაცვალე, თენგიზ პაჭკორიავ, ბიჭი ხარ, ბიჭი!!! და თუ მედვედევი დაუჯერებს პაჭკორიას, მაშინ გიგი უგულავამ დამიჯეროს მე და ნუ დახურავს მთაწმინდის პანთეონს, გმირების ადგილი იქ არის.

როგორც პაჭკორიას მონაყოლიდან ირკვევა, თურმე მედვედევმა სევდიანად გაიღიმა, თვალის უპეები ცხვირსახოცის წვერით ამოიმშრალა და სანამ გული საბოლოოდ ამოუჯდებოდა, თქვა: ”თქვენი კითხვა, თხოვნა და რჩევა გაგონილი და მიღებულია”.
მთავარია გაგება. მისაღები უნდა მივიღოთ.

მოკლედ, პაჭკორიას გამოეხმაურა მედვედევი და თუ მიხვდებით, ვინ გამოეხმაურა მედვედევს? ოლოლო, თქვენა, ვერ გამოიცანით. მედვედევს გამოეხმაურა ნიკა გილაური. ”თუ რუსეთი საქართველოს მიბაძავს და სანქციებს შეასუსტებს, ეს მხოლოდ მისასალმებელია” - თქვა გილაურმა. არ ვიცოდი... თურმე საქართველოს რუსეთისთვის სანქციები ჰქონია დაწესებული (ალბათ, იგულისხმება 1991 წლის აპრილის აქცია სამტრედიის რკინიგზაზე), მერე ეს სანქციები შეუსუსტებია და ახლა რუსებისგან საპასუხო ნაბიჯებს ველით. ღირსების გრძნობა ავადმყოფობა რომ იყოს, თანაც ერთადერთი, პაჭკორია, გილაური და გრიგოლ ვაშაძე უკვდავები იქნებოდნენ. თენგიზ უკვდავი, ნიკოლოზ აღმაშენებელი, გრიგოლ თავდადებული...

და, ხისტი ზურაბა. იმათგან რომ ეწყინათ, რა უნდოდათ მოსკოვშიო, რატომ ნოღაიდელისგან არ წყინთ, კვირაში ერთხელ ცივ ქვეყანაში რომ დაფრინავს? აი, ახლაც, ამ სტრიქონს რომ წერს ზურიკო და მისი პეტრიკო მოსკოვში მიფრინავენ. მიზანი: ორი ტირძნისელი მოზარდის გათავისუფლება, რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, საქართველოდან რუსეთში პროდუქციის ექსპორტის განახლება და რუსეთში მცხოვრები ქართველი ამომრჩევლების რესგისტრაცია და სხვ. ამ ”და სხვ”-ში იგულისხმება გლობალური დათბობის შეჩერება, კენედის მკვლელობის გამოძიება და საბოლოოდ გარკვევა, არის თუ არა მარსზე სიცოცხლე.

მე, რა თქმა უნდა, ვხუმრობ, მაგრამ მთელი მუღამი იმაშია, რომ ხუმრობს ზურიკოც და მასთან ერთად - მისი პეტრიკოც.

ისე, მართლაც-და, რას მიმოფრინავს ამდენს, გადამფრენი ფრინველი ხომ არ არის? არ გამოვრიცხავ, რომ იმათი არ იყოს, ამასაც ცუმ-ში და გუმ-ში რიგები აქვს დაკავებული და ხშირ-ხშირად ამოწმებს, თავისი რიგი ხომ არ გავიდა, ვინმე ურიგოდ ხომ არ მიდის. არც იმას გამოვრიცხავ, რომ რიგი ლენინის მავზოლეუმში ჰქონდეს დაკავებული.

სანამ მოსკოვში წავიდოდა, ნოღაიდელმა შეხვედრები გამართა კახეთში და ნიუსს ერქვა ”ზურაბ ნოღაიდელი კახეთში შეხვედრით კმაყოფილია”. თუ ნოღაიდელის მეტსახელს გავიხსენებთ (შალვა ნათელაშვილმა რომ შეარქვა), იოლი მისახვედრია, რომ მასთან შეხვედრით კახელები ნამდვილად კმაყოფილები იქნებოდნენ. ”კახეთში მოსახლეობას იგივეს დავპირდი, რასაც გურიაში - არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ არჩევების გაყალბებას”, - აღნიშნა ნოღაიდელმა. არავითარ შემთხვევაშიო - გარანტიას იძლევა. მოკლდ, სულ რომ კობა ბექაური მოგვევლინოს თბილისის მერად, უნდა ვიყოთ ჩუმად, რადგან უკვე ვიცით, რომ ნოღაიდელი არჩევნების გაყალბებას არ დაუშვებს.

”გუბერნატორმა პროვოკატორი მიწოდა” - ნოღაიდელი გურიის გუბერნატორის მიმართ წყენას ვერ მალავდა და მეც მეწყინა. რა საჭიროა, ველოსიპედის გამოგონება და ახალ-ახალი მეტსახელების მიკერება, მაშინ როცა შალვა ნათელაშვილმა უკვე ველოსიპედიც გამოიგონა და ნოღაიდელის მეტსახელიც?

სიბნელის ჩამოდგომის გამო საღამოს გახსნილად ვაცხადებ (ოსტაპ ბენდერმა თქვა), ხოლო ნოღაიდელის თემას - ამოწურულად. გადავდივარ საკითხზე, რომლის ამოწურვასაც ცდილობს და ვერ ახერხებს ბუნების მომღერალი მინისტრი, გოგა ხაჩიძე. გასულ კვირაში ხაჩიძემ 2009 წლის ანგარიში წარმოადგინა: ”სხვადასხვა სიახლე დაინერგა საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით. ყოველთვიურად ვრცელდება სამინისტროს ღონისძიებების ამსახველი “Newsletter”, დაწესდა მოქალაქეთა მიღების საათები, ყველა სიახლესთან დაკავშირებით რეგულარულად ტარდება ონლაინ და პრესკონფერენციები (დაახლოებით 40-მდე პრეს-კონფერენცია), ძირეულად განახლდა სამინისტროს ვებ-გვერდი.

განახლებულ საიტს 400 ათასამდე ინტერნეტ-მომხმარებელი ესტუმრა. სამინისტროს მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა საზოგადოებრივი საბჭო, დაარსდა სტუდენტური ”მწვანე კლუბი,” ამოქმედდა სამინისტროს ცხელი ხაზი “070”, მოეწყო აქცია “პოლიეთილენის პარკები ბუნების მტერია”, სახალხო დიალოგის ფარგლებში მოსახლეობასთან 175 შეხვედრა გაიმართა...

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ დამსახურებებისა, რომლებიც მხოლოდ 2009 წელს მიუძღვის გოგა ხაჩიძეს საქართველოსა და კაცობრიობის წინაშე. ახლა, რომ ვიხსენებ, ვერაფრით გამიხსენებია, მიუძღვნა თუ არა ხაჩიძემ პრესკონფერენცია გარემოს დაცვის ინსპექციას და მის მექრთამე უფროსებს. მომკალი და, ვერ ვიხსენებ. რაც შემიძლია ზუსტად ვთქვა, არის ის, რომ 400 ათასი ინტერნეტ-მომხმარებელი 10-ჯერ მაინც არის გადაჭარბებული.

გუშინ დილით კი, გოგა წავიდა კოპენჰაგენში, სადაც შეეცდება წინ აღუდგეს არა მხოლოდ მოსალოდნელ გლობალურ დათბობას, არამედ გამყინვარებასაც, რომელმაც ათიათასობით წლის წინ უამრავი უდანაშაულო მამონტი შეიწირა.

კონსერვის ცარიელ ქილებს და მაწანწალა ძაღლებს შეეწირა ქუთაისის მერის, ნუგზარ შამუგიას კარიერა. თავიდან მართლა ასე მეგონა და გამიკვირდა, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ შამუგია ნინო ბურჯანაძის კადრი ყოფილა და ამის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დადგა. თუ მიშას გვერდით გინდა დგომა, შეგიძლია ხელები სისხლში გქონდეს გასვრილი, მაგრამ ვისაც ხელები ფქვილში აქვს გასვრილი, მისი ადგილი მხოლოდ ბურჯანაძის პარტიაშია. ქუთაისის მერის მოვალეობას ქუთაისის ვიცე-მერი ასრულებს. მან დროებით გვერდზე გადადო ლოზუნგები ”ქუთაისი სიღარიბის გარეშე” და ”ქუთაისი კორუფციის გარეშე”. დღეს გაცილებით აქტუალურია ”ქუთაისი მაწანწალა ძაღლების გარეშე”.

”არც ერთი კვირა პაესტკის გარეშე” - ეს არის გია ბარამიძის ლოზუნგი. გასულ კვირაში ბარამიძე ჩეხეთში აგემგზავრა. როგორც ყოველთვის - სამუშაო ვიზიტით. როგორც ყოველთვის, შეხვდება ვიღაცას და ვიღაც-ვიღაცეებს და ამის შემდეგ ჩვეული ოსტატობით იტყვის, რომ ნატომდე ორი ნაბიჯი გვიკლია, ხოლო ევროკავშირამდე - სამი. არ იფიქროთ, რომ ბარამიძე მხოლოდ მოგზაურობს და ადგილობრივი პრობლემებით არ ინტერესდება. ბარამიძე ისეთ საშვილიშვილო საქმესაც აკეთებს, როგორიცაა მკაცრი განცხადებების გაკეთება.

მაგალითად: ”დღეისათვის აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულია. ამასთანავე, ეთნიკური წმენდის გათვალისწინებით, არ შეიძლება აფხაზეთში რამე დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე იყოს საუბარი. ეს არის კრემლის მიერ დაგეგმილი პროპაგანდისტული აქცია”. ეს განცხადება ბარამიძემ ისეთი მკაცრი ტონით გააკეთა, რომ სვანეთის სასაფლაოებზე არ დარჩენილა არც ერთი შედარებით კარგად შემონახული თავის ქალა და ბარძაყის ძვალი, შიშით რომ არ აცახცახებულიყო.

აღსანიშნავია, რომ გია ბარამიძის ეს განცხადება მოისმინა ბოლო 300 წელიწადში გარდაცვლილმა ყველა სვანმა, ხოლო სახალხო დამცველის ანგარიშს მხოლოდ ხუთი დეპუტატი უსმენდა - გია არსენიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ისლახამ შამილოვი, არმენ ბაინდურიანი და ჰარუთინ ჰოვანესიანი. ამ ხუთეულს შემდეგ უმრავლესობის წევრები ლაშა თორდია და ზვიად კუკავა შეუერთდნენ, მაგრამ ბედნიერებისგან მთვრალები იყვნენ და ბევრი ვერაფერი გაიგეს. როგორც იცით, მთავარი გაგებაა.

რატომ იყვნენ მთვრალები? თუ გვინდა, რომ გავიგოთ ამ კითხვაზე პასუხი (მთავარია გაგება), უნდა გავიხსენოთ, რომ გასულ კვირაში საქართველოს სტუმრობდა ლატვიის პრეზიდენტი და რომ ”პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ გამართული მოლაპარაკების შემდეგ ლატვიის პრეზიდენტმა ვალდის ზატლერსმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ლატვიის უმაღლესი ჯილდო აღიარების ორდენი გადასცა. აღნიშნული ორდენი მინიჭებული აქვს ინგლისის დედოფალს, პოლონეთის პრეზიდენტს და სხვა ცნობილ მოღვაწეებს”.

აი, რატომ იყვნენ მთვრალები თორდია და კუკავა - სააკაშვილის აღიარება საქართველოს აღიარებაა, ხოლო საქართველოს აღიარება - კუკავას და თორდიას აღიარება. თანაც, ორდენს ”აღიარების ორდენი” ჰქვია. მოკლედ, მიშა აღიარეს. დადგება დღე, როცა მიშაც აღიარებს და იმედი მაქვს, ეს 2013 წლამდე მოხდება. ”საქართველოსა და ლატვიას საერთო ისტორია და საერთო ფასეულობები აერთიანებს” - თქვა მიშამ.

სამი წლის წინ სააკაშვილმა ქართველები ყაზახებად გამოგვაცხადა, ახლა კი ირკვევა, რომ ჩვენ და ლატვიელებს საერთო ფასეულობები გვქონია. ფასეულობები იქით იყოს, მაგრამ რომელ საერთო ისტორიაზეა საუბარი? საერთო ისტორიის ამბავში მხოლოდ ის მახსენდება, რომ შარშან, 11 აგვისტოს, რუსთაველის გამზირზე საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები ერთად ზეიმობდნენ რუსეთის დამარცხებას.

მიშა აღიარეს. ეს უდავოა. მიშაც აღიარებს და არც ამაში მეპარება ეჭვი, ნაურუს რესპუბლიკა კი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ნაურუს საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და ფინანსების მინისტრმა, კირენ კეკემ ცხინვალში ე.წ. პარლამენტის სპიკერ სტანისლავ კოჩიევთან შეხვედრაზე განაცხადა.

ვაღიარებ: მიშა რომ არა, ასი წელი ვერ გავიგებდი, რომ არსებობს სადღაც წყნარ ოკეანეში მიკარგული ნაურუს რესპუბლიკა. მიშას, როგორც პრეზიდენტს, არ ვაღიარებ, მაგრამ ვაღიარებ, როგორც გეოგრაფიის მასწავლებელს. მიშას წყალობითაა, მე რომ ნაურუს რესპუბლიკა ვიცი, ჯორჯ ბუშმა კი - იგოეთი და ორჭოსანი.

რადგან გეოგრაფიის მასწავლებელი ვახსენე, უხერხული იქნება განათლების სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილება რომ არ ვახსენო. იუსტიციის ყოფილი მინისტრი, გენპროკურორის ყოფილი მოადგილე, ”რა, სად, როდის” ყოფილი ვარსკვლავი და ბოლოს განათლების მინისტრი, ნიკა გვარამია სასწავლებლად უცხოეთში გაემგზავრა. განათლების ახალ მინისტრად დაინიშნა დიმიტრი შაშკინი. დაინიშნა და იმ დღის მერე განათლების სამინისტროს თანამშრომლების სახეზე ღიმილი არავის უნახავს. შაშკინი ხსნის ყველას და ხსნის ყველაფერს. სამინისტროს ფოიეში ყოფილი მინისტრების პორტრეტები რომ კიდია, მგონი იმათ ჩამოხსნასაც აპირებს.

რასაც ახლა გეტყვით, სრული სერიოზულობით მითხრა ერთმა სერიოზულმა ადამიანმა - სამინისტროს დაცვა გააფრთხილეს, რომ მინისტრს აუცილებლად ჩესტი უნდა აუღონ ხოლმე. ჩემი მხრივ დავამატებ, რომ ვაი იმას, ვისაც ჩესტის აღებისას ქუსლის ქუსლზე მირტყმა დაავიწყდება!

იმედი მაქვს, შაშკინი გამოიჩენს ჰუმანურობას, დროებით შეაჩერებინებს პრობაციონერების დასაქმებას და მათ ნაცვლად განათლების სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს დაასაქმებს.

მანანა ღურჭუმელიძემ ერთი კი წაიტირა, აფსუს, ნიკა, სად მიდიხარ, რატომ გვტოვებო... და მეცამეტე ხელფასს მიუბრუნდა. საქართველოს მანანების ერთ-ერთი ყველაზე სასიქადულო წარმომადგენლის გული გონება და სული ამჟამად მასწავლებელთა მატერიალური მდგოამრეობის გაუმჯობესებას დასტრიალებს. ისე, ჩვენში დარჩეს და, ღურჭუმელიძის ერთი თვის ხელფასი ჩვეულებრივი მასწავლებლის 13 თვის ხელფასს უდრის.
ნელ-ნელა უნდა დავასრულოთ და ამიტომ მოკლე-მოკლე ამბებით შემოვიფარგლები.

ხელოვნება - ფონდ ”იავნანას” საპირწონედ სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” დღეს საქველმოქმედო ფონდ ”ხელოვანები თანადგომისთვის” პრეზენტაცია გაიმართა. ფონდს წარმატება გარანტირებული აქვს, რადგან მისი სამეურვეო საბჭოს წევრია დიდი ქართველი მომღერალი და მანდილის ტარების ცნობილი ოსტატი ნინა წკრიალაშვილი.

ეკონომიკა - ზურაბ ნოღაიდელის განცხდებით, ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკას კატასტროფისკენ მიაქანებს.

ენერგეტიკა - გასულ კვირაში 15 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც გორის რაიონის სოფელ საქაშეთის საჯარო სკოლას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ტერიტორიული მთლიანობა - ევროკომისიის წარმომადგენლობამ ახალგორის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს უყიდეს პრინტერი, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ევროპა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საერთაშორისო ურთიერთობები - გრიგოლ ვაშაძე ვატიკანს ეწვია. არსებული ინფორმაციით, ვაშაძე ვატიკანის მოქალაქეობას ითხოვს. სპეციალისტების თქმით, ამას პასპორტოფილია ეწოდება.

საცირკო ხელოვნება - პარტიამ ”ნეიტრალური საქართველო” ვალერი კვრაცხელიას კანდიდატურა დაასახელა და, შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

პარტიული ცხოვრება - მიხეილ სააკაშვილმა და გიორგი თარგამაძემ ევროპის სახალხო პარტიის კონგრესში მიიღეს მონაწილეობა. შევარდნაძის შვილობილი ამომრჩევლებმა დააფინანსეს, აბაშიძის შვილობილი - მეგობრებმა.

ტურიზმი – კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ზოგი ჭირი მარგებელია. პრეზიდენტის განცხადებით, ომის შემდეგ საქართველოში ტურისტების რაოდენობამ მოიმატა და ის კიდევ უფრო გაიზრდება. მისი თქმით, ომამდე ბათუმში 500 ათასამდე ტურისტი იმყოფებოდა, ხოლო წელს ეს რიცხვი 600 ათასამდე გაიზრდება. სპეციალისტების შეფასებით, ერთი-ორი ომი, ამდენივე კატასტროფული მარცხი, კიდევ უფრო მეტი ტერიტორიების დაკარგვა და ტურისტების რაოდენობა 3 მილიონს გადააჭარბებს.

როკენროლი და ინვესტიციები - თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის პირველ სართულზე ამერიკული რესტორანი ”ელვის ამერიკან დაინერი” ოფიციალურად გაიხსნა. როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, რესტორნის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ელვის პრესლის პოპულარიზაციისთვისაც.

სკანდალი - ედპ-ს სანდომიანი ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, მათ თავიანთი ამჟამინდელი ოფისი “სისხლითა და ოფლით წაართვეს კომკავშირელებს” და არავის საჩუქარი არ არის. ქარდავამ ქალაქ თბილისის მერიის იმდროინდელი განკარგულების ასლი წარმოადგინა, რის საფუძველზეც მათ ოფისის ფლობისა და სარგებლობის უფლება მიეცათ. განკარგულებას ხელს აწერს თბილისის იმდროინდელი მერი ნიკო ლეკიშვილი. ანუ, კომკავშირლებს წაართვეს, ყოფილმა რაიკომის მდივანმა კი, დაუკანონათ.

მასმედია - ”სიმართლის დროში” ირინა სარიშვილი სერიოზულად დააგოიმეს. დაგოიმებული სარიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ სატელევიზიო შოუ - მის წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოიყენა.

. . . მორჩა, სულ ეგ იყო. ერთსაც ვიტყვი: აბსოლუტურად სერიოზულ მადლობას ვუხდი ლევან ვეფხვაძეს, რადგან იგი თოვლის პაპას გამოესარჩლა. ვუცქერდი სატელევიზიო სიუჟეტს, გოკა გაბაშვილს პროფილში აჩვენებდნენ, ირონიულად იღიმებოდა, ცხვირი მაგიდაზე ედო, ქვედა ტუჩი იატაკზე. მეთქი, ვიღაცას ვამგვანებ. ვის? ვის? და, გამახსენდა - ”რობინზონ კრუზოს” ილუსტრაციები. ველურები ადამიანის შესაჭმელად ემზადებიან და ცეცხლის გარშემო ასრულებენ ცეკვა ”კანიბალურს”. იმ მომენტში გოკა გაბაშვილი ერთ-ერთ მათგანს ჰგავდა, მარცხნიდან მესამეს.

დ.ხ.ზ. (დაანახეთ ხალხს ზღვა) ომარმა ზღვა პირველად ნახა და როცა იგრძნო, რა ინტერესით შევყურებდით, შეეცადა, მდგომარეობის სიმაღლეზე ყოფილიყო...

- არაფერი ისეთი არ ყოფილა... - ტუჩებმოღრეცილმა აგდებულად გადმოისროლა მან.
- მე უფრო დიდი მეგონა.
არანაკლები სისულელე იქნებოდა, რომ ზღვას გამოვქომაგებოდი და არ ვუპასუხე.
(ოთარ ჩიჯავაძე, ”თვითმკვლელები”)


[დიტო გელოვანი; ”ვერსია“; ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში]
Read more

ღია წერილი ია ანთაძეს


2009 წლის 4 დეკემბერს, სასტუმრო ”რედისონში”, ია ანთაძის ინიციატივით, ასზე მეტი ჟურნალისტი შეიკრიბა და ხელი მოეწერა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას… მაგრამ საზოგადოებას ისიც ახსოვს, რომ 2007 წლის 24 დეკემბერს, სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” ანალოგიურ დოკუმენტს 400-მდე ჟურნალისტი შეუერთდა… ოღონდ ჩვენს დოკუმენტს დეკლარაცია ერქვა. ბუნებრივია, მეც და სხვა ჩემს კოლეგებსაც უამრავი შეკითხვა გაგვიჩნდა და აქედან რამდენიმე ”facebook”-შიც გამოვაქვეყნე. ქალბატონმა იამ შეკითხვის დასმა ”დარტყმად” მიიღო, ამიტომ დასაწყისშივე მინდა ვუთხრა: ჩემო ია, მე შენ არ „გირტყამ“, არც „ქოლგით გჩხვლეტ“(როგორც შენს ბლოგერ-მეგობრებს ჰგონიათ), არც გეომები, არც მშურს შენი და არც მძულხარ… ამიტომ, როგორც კოლეგას, ღია და საჯარო დისკუსიაში გიწვევ და იმედი მაქვს, შენ… გამოცდილ პროფესიონალს, ყველა კითხვაზე არგუმენტირებული პასუხი გექნება.

ჩემო ია, ვწუხვარ, რომ ეს ვერ შენიშნე, მაგრამ მე ყოველთვის კოლეგიალობის დაცვის პრინციპით ვმოქმედებ და ”სხვის საქმეში” არ ვერევი, ანუ არ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას,- აზრი გამოვთქვა ერთი კონკრეტული, ან ათი ჟურნალისტის კერძო გადაწყვეტილებაზე. თუნდაც, ეს გადაწვეტილება ჩემთვის მიუღებელი, ან გაუგებარი იყოს… მაგრამ როცა თემა საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა, აზრის გამოთქმა აუცილებელია, ამიტომ აზრიც გამოვთქვი და, ვგონებ, კითხვებიც გასაგებად დავსვი. ამასთან, არც შეურაცხოფა მიმიყენებია ვინმესთვის… საპასუხოდ, შენ და (უფრო მეტად) შენმა მხარდამჭერებმა, შენსავე ბოლგზე რადიო „თავისუფლებაში“, ”facebook”-შიც და სხვაგანაც რამდენიმე საკითხი წამოწიეთ, რომლებსაც ვალდებული ვარ ვუპასუხო, ოღონდ… თქვენის ნებართვით, ამ კითხვებს უფრო ცივილური და ზრდილობიანი ფორმით ჩამოვაყალიბებ.

მაშ, ასე… ჩემო ია, შენი ბლოგერ-მეგობრები, რბილად და ზრდილობიანად რომ ვთქვათ, ინტერესდებიან: „საიდან მოვდივარ“. საკუთარ თავზე საუბარი უხერხულია და ასე ნამდვილად არ გიპასუხებდით, მაგრამ იმდენად შეურაცხყოფილი ვარ ტონით და ფორმით, რომ გპასუხობთ: საიდან, ჩემო უცნობო ”პატივისმცემელნო”, და 1992 წლის სამაჩაბლოდან და 1993 წლის აფხაზეთიდან, სადაც პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი… ომის შთაბეჭდილებებზე მისაუბრია, მაგრამ ხმამაღლა არასდროს მითქვამს… ახლა კი, იძულებული ვარ, გაცნობოთ, რომ აფხაზეთის ომი თავიდან ბოლომდე 40-ზე ნაკლებმა ჟურნალისტმა გამოიარა. ჭუბერის გზა, რომლის 200 კილომეტრიც ფეხით ორჯერ გავიარე, მხოლოდ 10-მა ჟურნალისტმა, ხოლო მთლიანად, აფხაზეთის ომიც და ჭუბერიც ერთად, სულ 5-მა ჟურნალისტმა იცის, რა ჯოჯოხეთი იყო… ჩემო ია, თამამად გეტყვი, რომ მსოფლიომ მხოლოდ ჩემი გადამღები ჯგუფის წყალობით ნახა და აღიქვა არა მარტო ჭუბერის ტრაგედია, არამედ შეიტყო იმ უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, რაც დევნილთა მიმართ მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. 1992-1993 წლების ომების პერიოდში ჩვენი გადამღები ჯგუფი ღიად და თამამად საუბრობდა იმაზე, ჯარისკაცებს ზურგიდან ფრონტის ხაზზე როგორ უგზავნიდნენ არა ტყვია-წამალს, არამედ კონსერვის ცარიელ ყუთებს… სამხედრო ცენზორებიც კი, რომლებიც ოფიციალურად მუშაობდნენ იმ პერიოდის ტელევიზიაში, ვერ ახერხებდნენ ჩვენი სიმართლის დაბლოკვასა და სიუჟეტების ეთერიდან მოხსნას. ახლა ხმამაღლა მინდა ვთქვა, რომ ყველა ტელევიზია, რომელიც გაჩვენებთ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომის ამსახველ კადრებს, იყენებს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გადამღები ჯგუფების ვიდეომასალას. არა 10%, ან 30%, არამედ 80% ჩემი და ჩემი მეგობრების კუთვნილი კადრებია, რომელთა გადაღებასაც საშკა იოსელიანის, გიორგი პოპიაშვილის, გრიშა დოლგოპულოვის, დათო ბოლქვაძის, გულიკო გოდოლაძის და 15-ზე მეტი ჟურნალისტის სიცოცხლე შეეწირა. თქვენ, ჩემო „იანეთელებო“, ალბათ, ვერ იხსენებთ ამ ადამიანების სახელებს და, რა თქმა უნდა, ისიც არ იცით, სამშობლოსათვის (პროფესიული მოვალეობის შესრულებისას) ვინ, სად და როგორ დაღუპა… თავს არ ვიქებ, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით: აი, აქედან მოვდივარ და ეს იცის ყველა იმ ჟურნალისტმა, ვისთან ერთადაც მიწა და ბალახიც მიჭამია, თვეების ბავშვებიც გადამირჩენია და ტყვიაც მომხვედრია…

ახლა, ჩემო ია, „იანეთელთა“ მეორე კითხვას ვპასუხობ, თუ სად ვიყავი „ვარდების

რევოლუციამდე“… სად ვიყავი და პირველ არხზე, მაგრამ უკანონობაზე თქვენზე არანაკლები

სიხშირით ვსაუბრობდით… თანაც, ღიად და პირდაპირ მთავრობასა, თუ პარლამენტში.

სპეცრეპორტაჟებს რომ ამზადებდიო?… დიახ, ვამზადებდი ჯეიჰანისა და შაჰ-დენიზის

მილსადენებზე, ვწერდი ექსკლუზიურ ინტერვიუებს ბილ ქლინტონთან, ჰანს დიტრიხ

გენშერთან, ჰავიერ სოლანასთან, შევარდნაძესთნ და სხვებთან… სხვათაშორის, თქვენი

მეგობრების… მაპატიეთ, ყოფილი მეგობრების პოლიტიკურ მამასთან, ჯორჯ სოროსთანაც,

რომლის გეგმებზეც ჯერ კიდევ 1999 წელს ვუამბე მაყურებელს… სიმართლეს პირდაპირ

შევარდნაძესაც ვეუბნებოდი და ჟვანია-სააკაშვილსაც, მაგრამ თქვენ ეს არ გახსოვთ… და აი,

რატომ: ჯერ იმიტომ, რომ თქვენთვის მე ბარიკადების სხვა მხარეს ვიდექი და ასეთი ხალხის

სიმართლეს თქვენ არ აფასებთ… მეორე იმიტომ, რომ მე სიმართლეს შევარდნაძესაც და მის

ოპონენტებსაც ვეუბნებოდი… თქვენ კი, მხოლოდ შევარდნაძეს აკრიტიკებდით, ხოლო

ჟვანია-სააკაშვილის ბოროტ სახეს სიმართლის ნიღბით ჰმოსავდით და საზოგადოება

შეცდომაში შეგყავდათ… ამიტომაც ვერასდროს დაინახავდით და ვერც გაიგებდით ჩემს

სიმართლეს… ახლა რომ რიტორიკულ შეკითხვას გვისვამ, ჩემო ია: „ვინც იცნობდით

სააკაშვილს, რატომ ვერ ხედავდით, როგორი ბრმები ვიყავით და როგორ შევქმენით “ჩვენი

სააკაშვილი”, რომელიც ისე განსხვავდება რეალურისგან, როგორც ცა-დედამიწისგანო?!“,

გპასუხობ: ვხედავდი, ”როგორი ბრმები იყავით” და კიდეც გეუბნებოდით, მაგრამ თქვენ ხომ

ჩვენ სიმართლეს არ აფასებთ, არ გესმით და ვერ გულისხმა-ჰყოფთ? ბოლო-ბოლო

შევარდნაძის მეხოტბეებმაც და ჟვანია-სააკაშვილის „ფანებმაც“ სკანდალური ჟურნალისტის

იარლიყი „მომაკერეს“… ასე აღმოვჩნდი ეკონომიკურ გადაცემაში, რომელიც, სხვათა შორის,

არაფრით ჩამოუვარდებოდა ”დიდი“ აკაკი გოგიჩაიშვილის ბიზნეს-პროექტს.

ზოგიერთი შენი მხარდამჭერი, ოდნავ განსხვავებულ კონტექტში მისვამს კითხვას: ვარდების რევოლუციისას სად იყავიო? სად ვიყავი და ხმამაღლა გეუბნებოდით: სიკეთის ნიღაბით შემოსილი ბოროტება მოდის-თქო… სად ვიყავი და ტელევიზიის წინ ვიდექი და თქვენს ყოფილ მეგობრებს ვეჭიდავებოდი, როდესაც შენობას იღებდნენ. ზუსტად ამ დროს, ქალბატონი ია, როგორც თავად წერს ”მიტინგურად” იქცეოდა და ამ ”მიტინგურ” საქციელს ასე აღწერს: ”ავტობუსზე ავძვერი და ვაფრიალებდი წინა, სამფეროვან დროშას…”, ხოლო, როცა რევოლუციონერები პარლამენტში შეიჭრნენ, ია თავის შთაბეჭდილებებს ასე გადმოგვცემს: ”როცა მართლა ვარდებით ხელში შეიჭრნენ რეზიდენციაში და შევარდნაძეს ჩაი სააკაშვილმა დალია, მე ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი. მივხვდი, რომ დამთავრდა საშინელი განუკითხაობა, მე მაშინ მეგონა განათდა მეთქი, გულწრფელად მეგონა, რომ ნოემბრის ის ცივი დღე, მეოცე საუკუნის საქართველოს ყველაზე ნათელი და თბილი დღე უნდა ყოფილიყო“, მაგრამ გავიდა წლები და ახლა, ამ მოვლენების შესახებ, ია განსხვავებულ სტილში გვიყვება: ”სულაც არ გამხარებია “ბატო ედუარდის” გადადგომა. რა ძალაც მოდიოდა და რა ნაყოფსაც შობდა, ალბათ გული მიგრძნობდა. არც წასვლა გამიხარდა და მოსულმაც უარეს საგონებელში ჩამაგდო. ბოროტი გმირის ამბავი გამახსენდა”. ჩემო ია, სხვა არაგულწრფელობას დაგაბრალებდა… მე კი, დარწმუნებული ვარ: ახლა შენ მართლა გულწრფელად გჯერა, რომ მაშინ ”გული გიგრძნობდა”, თუ ”რა ძალა მოდიოდა და რა ნაყოფსაც შობდა”, მაგრამ, სამწუხაროდ, თავს იტყუებ: სინამდვილეში, მაშინ შენ გულწრფელად ”ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყავი”. გავბედავ და პირდაპირ გეტყვი, ჩემო ია: ადამიანი ზოგჯერ აზრითაც ცდება, სიტყვითაც და საქმითაც, გარკვეული დროის შემდეგ თავის შეცდომას აცნობიერებს, მაგრამ ამის მერე თავი კი არ უნდა დაირწმუნოს, რომ… თურმე, არც შემცდარა და ”არც წასვლა გახარებია და მოსულმაც უარეს საგონებელში ჩააგდო”… ამიტომ, მომიტევე, მაგრამ ვალდებული ვარ, ასეთი რჩევა მოგცე: გულს მიხედე, უფრო სწორედ კი,- გულისხმის-ჰყოფას.

ერთ-ერთი შენი ”ფანი” მეკითხება: მიტინგებზე კი გხედავთ, მაგრამ ამ ბოლო წლებში, როგორც ჟურნალისტმა, რა გააკეთეო?… რა გავაკეთე და თქვენი ყოფილი მეგობრები: ლევან რამიშვილი, გიგა ბოკერია, ნოდარ ლადარია, თამარ კინწურაშვილი და კიდევ 7 კაცი საჯაროდ ვამხილე, როდესაც მათ დედა-ეკლესიასთან ბრძოლის სამგვერდიანი, საიდუმლო გეგმა შეიმუშავეს, ამისათვის ”გიჟად” შემრაცხეს: ხმამაღლა- ლევან რამიშვილმა და თამარ კინწურაშვილმა, რადგან ვძულდი… ხმადაბლა- გიორგი თარგამაძემ, რადგან გონუკეთურია, ზურგსუკან- ნინო ზურიაშვილმა, რადგან შურდა და… ჩურჩულით- შენ, ჩემო ია, და შენმა „ხუთეულმა“, რადგან… გულისხმის-ჰყოფა გაკლიათ. კიდევ რას ვაკეთებდი? რას ვაკეთებდი და ჟურნალისტთა კავშირ ”ობიექტივის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი. მართალია, შენ, ჩემო ია, გგონია, რომ მე ”სტუდია ”ობიექტივი” წამართვეს, მაგრამ ”სტუდია ”ობიექტივთან” შეხება არასდროს მქონია. აი, ტელეკომპანია ”ობიექტივს” კი, ნამდვილად ჩამოართვეს მაუწყებლობის უფლება, რასაც უკვე მეხუთე წელია ვასაჩივრებთ. რადგან ეს არ იცი, ისიც არ გეცოდინება, რომ ბოლო წლების ერთი-ერთი ყველაზე მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიება, 40-მდე ტელეარხის წართმევის შესახებ, ჩვენმა კავშირმა აწარმოა და რომ გამოძიების მასალები სრულად დაადასტურა ”Human Rights Watch”-მა და, შესაბამისად, ყურს როგორ მოკრავდი, რომ ამ გამოძიებაზე დაყრდნობით, ბევრმა ჩვენმა კოლეგამ სტატია, სიუჟეტი და ფილმიც მოამზადა… აი, ამას ვაკეთებდი და კიდევ, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ჩემი გადაღებული 5 ფილმი: ”ვარდების რევოლუცია”, ”დემოკრატიის გისოსები”, ”დემოკრატიის გისოსები II”, ”ჩიხი” და ”ჩიხი II” გაზეთებმა პრაქტიკულად სიტყვა-სიტყვით დაბეჭდეს (სცენარის სრული ვარიანტი!)… აი, ამას რომ ვაკეთებდი, შენ რას აკეთებდი, ჩემო ია? თავად ასე აღწერ, რასაც აკეთებდი: ”ერთი წლის თავზე ისევ ვამტკიცებდი, რომ საქართველო ვითარდება და რომ უნდა ვაცალოთ ამ ახლაგაზრდა დასავლეთელ ქართველებს… თუმცა აშკარად ვგრძნობდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო და თავს ვიტყუებდი”… გარდა ამისა, თურმე, ”შენს სააკაშვილს” ქმნიდი: „მეგონა სააკაშვილი, თავად ლაღი ადამიანი, ორგანულად ვერ იტანდა დამონებულ და დაშინებულ ადამიანს და თავად იქნებოდა გარანტი ადამიანის თავისუფლებისა. მეგონა ფაუსტის იდეალი “თავისუფალი ადამიანი თავისუფალ მიწაზე” ჩემს ქვეყანაში განხორციელდებოდა. სწორედ სააკაშვილის მიერ. მაშინ არ ვიცნობდი, მინდა ვკითხო იმ ხალხს, ვინც მას იცნობდა, თქვენ რამ დაგაბრმავათ? თქვენ რატომ ვერ ხედავდით როგორი ბრმები ვიყავით და როგორ შევქმენით “ჩვენი სააკაშვილი” რომელიც ისე განსხვავდება რეალურისგან როგორც ცა დედამიწისგან?!”. ჩვენ კი, ჩემო ია, ამ დროს, ხან უნივერსიტეტის და ხან პარლამენტის წინ ვმართავდით საპროტესტო აქციებს, რექტორის კაბინეტიც კი ”ავიღეთ”, მაგრამ შენ… ჩვენი სიმართლე მაშინაც არ გესმოდა, აკი გითხარი: გულისხმის-ჰყოფა გაქვს მისახედი-თქო!… ამასობაში, შენმა, იმ პერიოდში ჯერ კიდევ მეგობრებმა, 7 ნოემბრის მშვიდობიანი აქცია დაარბიეს და ხალხს საგანგებო მდგომარეობაც გამოუცხადეს, მაგრამ ნანა კაკაბაძე, მე და ჩვენი მეგობრები ამას არ შევუშინდით და 9 ნოემბერს, ნანამ თბილისში ევროპელი დისიდენტებიც ჩამოიყვანა, კონფერენციაც გავმართეთ და იმ საათებში, როცა ბევრი სდუმდა, დამნაშავე რეჟიმი მორიგჯერ ვამხილეთ… შენ კი, ალბათ, სახლში იყავი და აცნობიერებდი, რომ ”შენი სააკაშვილი – ისე განსხვავდება რეალურისგან როგორც ცა დედამიწისგან?!”…

მაგრამ ეს თუ გააცნობიერე, ჩემო ია, ისიც უნდა დაგენახა, რომ 7 ნოემბრის შემდეგ, თავისუფალი ტელევიზია საერთოდ ”მოკვდა”, შეშინებული ჟურნალისტები სახლებში გამოიკეტნენ. შენმა, უკვე ყოფილმა მეგობრებმა, ჟურნალისტიკის ანა-ბანა ფეხ-ქვეშ გათელეს და საზოგადოებას ახალი რეალობა მოახვიეს თავს. გარდა ამისა, ჩემო ია, იმასაც უნდა მიმხვდარიყავი, რომ მხოლოდ ფართო შეკრება თუ გაამხნევებდა ჩვენს კოლეგებს. აი, ამ დროს მე და ჩემმა მეგობრებმა, საერთო სულისკვეთების ასამაღლებლად, ჟურნალისტების შეკრება დავიწყეთ და 7 ნოემბრიდან ზუსტად თვენახევარში, 2007 წლის 24 დეკემბერს ”შერატონ მეტეხი პალასში” 400-ზე მეტი კოლეგა გვესტუმრა. შენც დაგპატიჟეთ, დეკლარაციასაც მოვაწერეთ ხელი. შენ კი, დეკლარაცია დაგვიწუნე და შეურაცხყოფაც მოგვაყენე: ”მხოლოდ ხუთ ჟურნალისტს ვიცნობ, ვისთანაც ერთადაც ამას ხელს მოვაწერდიო”. ახლა კი, თავს იმართლებ, თითქოს არ იცოდი, რას და რატომ ვაწერდით ხელს, ან ფორუმზე რატომ მოგიწვიეთ… მე კი, პირდაპირ გეუბნები, იმ დეკლარაციას ხელი იმიტომ არ მოაწერე, რომ ჩვენი შედგენილი იყო და არა შენი და შენი ინკოგნიტო „ხუთეულის“… დეკლარაცია იმიტომ არ აღიარე, რომ მაშინაც ბარიკადის სხვადასხვა მხარეს ვიდექით. თუმცა, პრინციპებს კი ვიზიარებო,- თქვი… დეკლარაციას იმიტომ არ შეუერთდი, რომ შენი ყოფილი მეგობრების ხორცშესხმა აღარ მოგწონდა, მაგრამ სულისკვეთებით ერთნი იყავით და ახლაც ერთნი ხართ! ხელი იმიტომ არ მოაწერე, რომ შენს გულში ახლაც ფრიალებს ვარდების რევოლუციის დროშა, ჩვენს გულებში კი, ეს დროშა არასდროს ფრიალებდა, რასაც კონკრეტული ქმედებებით ადასტურებ: თურმე, საქართველოს ჟურნალისტთა ფორუმის დახურვიდან სულ რაღაც 3-4 თვეში, უკვე დაგიწყია ჟურნალისტების ძებნა, ამაზე 20 თვე დაგიხარჯავს და აი, 2009 წლის დეკემბერში ახალი შეკრებაც ჩაატარე… ეთიკის ქარტიასაც მოაწერე ხელი! შეიძლება იკითხო: არასწორი, ან ცუდი რა არის ამ ამბავშიო?

არასწორი, ჯერ ერთი, ისაა, რომ ეს ჟურნალისტები პირადად შენ შეარჩიე… მათ უმეტესობას კარგად ვიცნობ და ,მართლაც, ქართული რეგიონული მედიის „მარგალიტები“ არიან, მაგრამ რითი ვერ გაიგეთ შენ, მიშამ, გიგამ და ძმებმან თქვენმან, რომ ჟურნალისტიკა, პოლიტიკა, ეკონომიკა, თუ ნებისმიერი სხვა სფერო ღია სივრცე უნდა იყოს და მისი პრივატიზების უფლება არავის არა აქვს!!! ჩვენს კავშირში 200-ზე მეტი წევრია, რომელს შეატყობინე და რომელი მიიწვიე ქარტიის საორგანიზაციო ჯგუფში? თურმე, არც სხვა მედია-ორგანიზაციები ჩაგირთავს საორგანიზაციო ჯგუფში. მაშინ რა სხვაობაა შენსა და მიშას შორის, თუ ისიც თავად შეარჩევს ყველა დეპუტატს და შენც თვითონ შეარჩევ ყველა მედია- ”მარგალიტს”? აკი, გითხარი,- სულისკვეთებით ერთნი ხართ-თქო. მიშასაც საქართველო ”მიშეთი” ჰგონია და შენც, მსგავსად სააკაშვილისა, ვირტუალური ”იანეთი” შექმენი…

მეორეც, ცუდი ისაა, რომ 100-ზე ცოტა მეტი ჟურნალისტის თვითრეგულირების მიზნით შექმნილ ორგანოს მედია-საბჭოს უწოდებ. მართალია, ამბობ: ეს მედია-საბჭო მხოლოდ ჩვენს ქარტიაზე ხელმომწერი ჟურნალისტების თვითრეგულირებას შეუწყობს ხელსო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თქვენს ქარტიას ”საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია” ჰქვია, ამ სახელწოდებას საზოგადოება ცალსახად შეცდომაში შეჰყავს. იცი, ჩემო ია, მახსენდება ”8-07” ბაზარზე შემოსვლის ისტორია, რომელსაც, წესით, საზოგადოებისათვის უნდა ეთქვა: აქამდე მხოლოდ ”8-10” გემსახურებოდათ და ახლა ჩვენც ვართ და ჩვენი ფასები ნახეთ, უკეთესიაო. ამის ნაცვლად, საზოგადოებას არწმუნებდა, აქამდე ”8-10”-ის სერვისით რომ სარგებლობდით, ახლა ”8-07” უნდა დარეკოთო.

მესამე, რაც არასწორიცაა და ცუდიც, ისაა, რომ მედია-საბჭოს წევრად, ანუ ნამდვილ მედია- მარგალიტებში ცრუ- ალმასად ნინო ზურიაშვილს ირჩევ… 2001 წლის 1 აპრილს ნაჩვენები ცნობილი სიუჟეტის ავტორს… იმ სიუჟეტის ავტორს, რომელმაც უდანაშაულო ვალერი ასათიანი მორალურად გაანადგურა, ხოლო მისი ავადმყოფი ვაჟი ფიზიკურად მოკლა… ახლა, 8 წლის შემდეგ გამომძიებელი-ჟურნალისტი ზურიაშვილი შეცდომას აღიარებს, სინანული კი, აშკარად არ აქვს, მაგრამ განა მისი აღიარება ვალერი ასათიანს შვილს გაუცოცხლებს?… ნინო ზურიაშვილის ნამოქმედარი უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე უნდა იხილებოდეს, როგორც ჟურნალისტური დანაშაულის მაგალითი… როგორც ცოცხალი თვალსაჩინოება იმისა, როგორი არ უნდა იყოს ჟურნალისტი… შენ კი, ზურიაშვილი მარგალიტებში ალმასი გგონია… ისევე როგორც მიშა გეგონა ”გარანტი ადამიანის თავისუფლებისა”! მაგრამ მარტო შენთვის რომ გეგონოს, რა უჭირს. ზურიაშვილის მედია-ალმასობაში კოლეგებსა და საზოგადოებასაც რომ არწმუნებ, ესაა უბედურება…

ახლა კი, მოისმინე ჩემი კითხვები შენდამი. აღმოჩენა არაა, რომ „თავისუფლების ინსტიტუტი“: თუთბერიძეები, რამიშვილები და ძმანი მათნი, დღეს მარგინალებად იქცნენ და საზოგადოების ნდობით აღარ სარგებლობენ, პირიქით… მათდამი მხოლოდ ზიზღი და აგრესიაა… არც ისაა საიდუმლო, რომ სოროსი და ძმანი მისნი, ანუ ის ხალხი, რომელიც „თავისუფლების ინსტიტუტის“ უკან დგას, ახალი ორგანიზაციების შექმნას გეგმავს, რათა ქართული საზოგადოება კვლავ დააბრმავონ და სიბოროტე კვლავ შემოსონ სიკეთის ნიღბით. ჩემო ია, პირდაპირ გეკითხები: არის, თუ არა ალბათობა, რომ შენი ინიციატივით შექმნილი მედია-ორგანიზაციის უკან სწორედ ეს ხალხი აღმოჩნდეს? იქნებ უკვე დგანან კიდეც და თავად არაფერი უწყი ამის შესახებ? ნათელია, რომ თუ ფარული გეგმა არსებობს, ქარტიას მიერთებული ჟურნალისტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ამის თაობაზე არაფერი იცის… სწორედ მათ მინდა მივმართო: ჩემო დანო და ძმანო, ამ ექვსი წლის მანძილზე, ჟურნალიტთა კავშირმა ”ობიექტივი” უამრავი ფილმი გადაიღო, უამრავი გამოძიება ჩაატარა, შექმნა გადაცემათა ციკლი, ხორცი შეასხა ”ქუჩის ტელევიზიას”, მაგრამ არასოდეს არ მიუღია უცხოური გრანტი. იცოდეთ, რომ ქართულ საქმეს არც დასავლეთი აფინანსებს და არც რუსეთი. მოკლედ, რაც უნდა იყოს, ერთი რამ ცხადია, ჩემო ია: 100-ზე მეტი ჟურნალისტი თავად იმიტომ შეარჩიე, რომ განსხვავებულად მოაზროვნენი არ მოხვედრილიყვნენ „შენს ჩაკეტილ წრეში“ და ზედმეტი კითხვები არ დაესვათ… შენი გაგებით, ნეიტრალური, 100- ზე მეტი არ აღმოჩნდა… აკი გითხარი, მედია- სივრცე საპრივატიზაციო სფერო გგონია-თქო… ზურიაშვილი კი, იმიტომ წაახალისე, რომ „ვარდების რევოლუციის“ სულისკვეთებაც და, ხაზს ვუსვამ, ხორცშესხმაც მის გონშიცაა და გულშიც. თუ ეს მიამიტობით მოგივიდა, მაშინ ვალდებული ვარ გითხრა: ჩემო ია, თავსაც მორიგჯერ იტყუებ და საზოგადოებაც მორიგჯერ შეგყავს შეცდომაში!


ტელეჟურნალისტი ირმა ინაშვილი.
2009 წლის 10 დეკემბერი. თბილისი.
Read more

500 "ღორის გრიპით” დაავაებული


ღორის გრიპის ვირუსის სიმპტომებით იაშვილის სახელობის კლინიკაში პაციანტების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაწესდებულებას 42-მა პაციენტმა მიმართა, მათგან ათს გრიპის კლინიკური ნიშნები დაუდასტურდა. ამჟამად, იაშვილის სახელობის კლინიკაში 32 ბავშვი წევს, აქედან 22-ს ტამიფლუთი მკურნალობენ. ლაბორატიულად კლინიკაში დადასტურებულია ღორის გრიპის 13 შემთხვევა, ხოლო დანარჩენ 19-ს მკვეთრად გამოხატული ნიშნები აქვს. H1N1 ვირუსით დაავადებულთა დადასტურებული რაოდენობა კიდევ 20-ით გაიზარდა. ამჟამად ე.წ. ღორის გრიპით სულ დაახლოებით 500 ადამიანია დაინფიცირებული.

[factnews.ge]
Read more

სოფლის შენებას რა უნდა


ოპოზიცია ამბობს რომ ხელისუფლებას რამდენჯერმე წამოცდა და ისიც საპარლამენტო დებატებზე, პარლამენტის ახალი შენობა რომლის აშენებაც ქუთაისში იგეგმება ქვეყანას 60 მილიონი ლარი დაუჯდება.მთავრობა აღნიშნულ ინფორმაციას ჯერ ჯერობით არ ადასტურებს, უმრავლესობაში ამბობენ, რომ თანხას ითვლიან. ბობოხიძის სპეც პროექტი და პრეზიდენტის თანხმობა. თბილისსა და ქუთაისში გადანაწილებული პარლამენტარები და დავით ზურაბიშვილის შეკითხვა იდეის ავტორებს. ნახეთ თბილისის განტვირთვის სამთავრობო გეგმა ნინი საყვარელიძის სიუჟეტში. [video]

[itv.ge]
Read more

დაცული ვართ თუ არა?!


ცხინვალის აღმოსავლეთით მდებარე სოფელი ფრისი კოკითის შეიარაღებული ძალების მიერ პრაქტიკულად სათავდაცვო ნაგებობად არის გადაქცეული. ეს სოფელი, ერთის მხრივ, ცხინვალს იცავს, მეორეს მხრივ კი, დიდი და პატარა ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებს აკონტროლებს. სოფელ ფრისის მთაზე მე-12 საუკუნის ქართულ ციხეში განლაგებულია ოსი სეპარატისტების არტილერიის დიდი ნაწილი.

ოსი სეპარატისტების სამხედრო პოტენციალი მთლიანად რუსული ფულით და შეირაღებით სულდგმულობს. ბარაკ ობამას არაერთი დამაიმედებელი გამოსვლის მიუხედავად, რუსული შეიაღაღებული ძალები განაგრძობენ როკის გვირაბიდან შეუზღუდავ გადმოსვლას და ჯავის რაიონში იკავებენ პოზიციებს. რუსეთი ერთის მხრივ, ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდასა და უფლებების გაფართოებას ცდილობს. თუმცა, უკვე გამოიკვეთა რუსული სტრატეგიის ყველაზე მზაკვრული დეტალები.

სამაჩაბლოში ახალი ომის დაწყების შემთხვევაში, ქართული მშვიდობიანი მოსახლეობის რეგიონიდან და არა მხოლოდ კონფლიქტური რეგიონიდან ევაკუაციისათვის, როგორც ჩანს ამჯერადაც არ ვემზადებით. ჩეჩნეთის ომში პირველი კომპანიის დროს იმდენად ჰქონდათ ჩეჩნებს მიწისქვეშა, თუ მიწისზედა კომუნიკაციები, რომ ფედერალურ ჯარებს უძნელდებოდათ საომარი მოქმედებების განხორციელება. სულ სხვა მდგომარეობაა საქართველოში.

სხვა არის საომარი მოქმედება. აქ შესაძლოა იყოს გარკვეული დრო ხალხის თანდათანობითი ევაკუაციისთვის. მაგრამ არის ისეთი გეგმაც, რომლის მიხედვითაც თბილისი ორ-სამ დღეში უნდა დაიცალოს. ამის ტექნიკური საშუალება არსებობს, მაგრამ ამის გამოყენების მექანიზმები არ არის.

ომის დროს ცენტრალურ გზაზე არცერთი საკუთარი მანქანა არ უნდა გავიდეს მარტო მძღოლით. მას ოთხი კაცი უნდა ეჯდეს. უნდა იყოს გადაადგილების საშვი, ყველაფერი უნდა იყოს რეგისტრირებული.

საევაკუაციო გეგმები მზადდება ორი მიმართულებით: სტიქიები და საომარი ვითარებები. საბჭოთა კავშირის დროს აქცენტი კეთდებოდა ბირთვული ომის პირობებში გასატარებელ უსაფრთხოების ღონისძიებებზე. დღეს სხვა სიტუაციაა, მაგრამ საევაკუაციო ღონისძიებების წინასწარ დაგეგმვაზე უარი რომ ითქვას, ეს სწორი არ იქნება.

საომარ მოქმედების ზონიდან ხალხის გახიზვნა აუცილებელია. სოხუმსა და გაგრაში მშვიდობიან მოსახლეობას რა უნდოდა? ხალხი რომ გამოეყვანათ, ამხელა მსხვერპლი ხომ არ იქნებოდა? აქ დამოკიდებულია ყველაფერი ადგილობრივი ხელისუფლების გონივრულ მოქმედებაზე. სოფელს მტერი თუ მოადგა, სოფელი უნდა გაიხიზნოს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად აღმოცენდა სხვადასხვა კონფლიქტები, ანუ, ომის საშიშროება დღესაც არსებობს. ჩვენ გვაქვს უმძიმესი გამოცდილება სამაჩაბლოსა და აფხაზეთთან დაკავშირებით, სადაც საევაკუაციო ღონისძიებები არასწორად იქნა გატარებული და ეს საშინელი შედეგებით დასრულდა.

სტიქიის დროს, თუ საომარ ვითარებაში, როცა მოსახლეობას საფრთხე ექმნება, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს მისი გამოყვანა საშიში ზონიდან. ეს კი, წინასწარ შემუშავებული გეგმების არსებობის გარეშე ვერ განხორციელდება. ამისთვის არსებობს სამსახური, რომელსაც ეწოდება საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის სისტემის მთავარი სამმართველო. მოგეხსენებათ, პანიკაში ჩავარდნილი ადამიანების ორგანიზებული მართვა ძალიან ძნელია.

გარდა ამისა, არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანის სიცოცხლე ერთ საათზე და ერთ წუთზეა დამოკიდებული. კარგი მაშველი ამ შემთხვევაში საკმარისი არ არის. საგანგებო ვითარებაში მოქმედებას წინასწარი დაგეგმარება და მომზადება სჭირდება.

კოტე ფირალაშვილი, მაიორი:”ადამიანმა უნდა იცოდეს, სად წავა საშიშროების არსებობის შემთხვევაში. წინასწარ უნდა გაეცნოს იმ ზონას, სადაც მიდის, იმ სახლს, სადაც მოუწევს ცხოვრება. ეს არის კომპლექსური ღონისძიება, თუ როგორ უნდა მიიღოს, ვთქვათ რეგიონმა ქალაქიდან გამოქცეული მოსახლეობა, როგორ უნდა მოხდეს მათი ტრანსპორტით თუ საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა. ამისათვის მთელი ინფრასტრუქტურის არსებობაა საჭირო. გზაში ადამიანს წყალი სჭირდება, საკვები, მედიკამენტები, სამედიცინო პუნქტები. ეს ყველაფერი დაგეგმილია. გვაქვს მარშრუტები - საიდან ხდება ევაკუაცია, სად შესვენების ადგილია, სად - წყლით მომარაგება, ზამთრის პირობებში სხვა მოთხოვნილებებია, ზაფხულში - სხვა. ეს არის, ასე ვთქვათ, დიდი, კომპლექსური ღონისძიება”.

რაკი ასეთ არეულ რეგიონში ცხოვრობ, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ქვეყანა გადადის მშვიდობიანი პერიოდიდან საომარ პერიოდში. ამ დროოს ტარდება გრძელვადიანი ღონისძიებების სერია, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. ამ დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მოსახლეობის გაყვანა დიდი ქალაქებიდან. საევაკუაციო ღონისძიებები ხორციელდება იმისდა მიხედვით, თუ როგორია მოწინააღმდეგის გეგმები, თუ ხდება მისი გააქტიურება რომელიმე მიმართულებით. ანუ ამას განსაზღვრავს ომის მთელი დინამიკა. როდესაც რეალური საშიშროება იქმნება ამოქმედდება ექსტრემალური გარემოებებისთვის მომზადებული გეგმები, რომელიც ყველა ცივილიზებურ სახელმწიფოს გააჩნია.

ასეთი გეგმები წესით უნდა ჰქონდეს საქართველოსაც, მაგრამ ამ სფეროში პრობლემები ნამდვილად დიდია.

კოტე ფირალაშვილი: ”ევაკუაციისთვის პირველი პრობლემა ის გახლავთ, რომ საქართველოს სოფლები, სადაც ხალხი უნდა გაიხიზნოს, ინფრასტრუქტურის მხრივ ფაქტობრივად მოშლილია უზრუნველყოფისთვის. მარტო პური რომ ავიღოთ, პურის საცხობებიც არ არის საჭირო რაოდენობის. კახეთის რეგიონისთვის ეს უფრო ადვილია, რადგან ყველას აქვს თონე. მაგრამ ამ საკითხების ასე მარტივად გადაწყვეტა არ შეიძლება. საჭიროა ხალხის უზრუნველყოფა ყველა საჭიროების მიხედვით. ამისათვის საჭიროა შესაბამისი ქსელი, წარმოება-დაწესებულებების მუშაობა, ამას შესაბამისი მუშა-ხელის შემოყვანა სჭირდება. ენერგომომარაგება და ა. შ”.

ეს პრობლემატური საკითხები მეტყველებს ქვეყნის სიძლიერეზე. სახელმწიფო ძლიერია, როცა მას შეუძლია, თავისი მოსახლეობის დაცვა ყველა პირობებში.

[ლევან სეფისკვერაძე, presa.ge]
Read more

პრემიერა "გოგონა სლაიდიდან" [video]

Read more

"ღია გაკვეთილები ხელისუფლებისთვის"


თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველოს“ წევრებმა ზუგდიდში საპროტესტო აქცია განაახლეს. ქალაქის ცენტრში, რაიონის გამგეობის შენობის წინ საკანი კვლავ გამოჩნდა. პროტესტი, რომელიც 6 თვე მიმდინარეობდა, შიმშილობის აქციაში გადაიზარდა.

“დაიცავი საქართველოს“ წევრებმა პროტესტის გამოხატვის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც ხელისუფლებამ მათი ერთადერთი მოთხოვნა-დაგეგმილი შეხვედრის გამართვის მიზნით ქალაქის ცენტრში არსებული ერთერთი დარბაზის გამოყოფა არ დააკმაყოფილა.

დაგეგმილი შეხვედრა კი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას უკავშირდება, რომელიც მოძრაობის წევრებს ზუგდიდის საზოგადოებასთან ერთად უნდა გაემართათ.

“დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა მიქაია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მათი მოთხოვნები ჯიუტად მაშინ არ შეასრულა, როცა ამის აუცილებლობა არ არსებობდა. ხელისუფლების მიმართ წაყენებული ორდღიანი ულტიმატუმის ვადაც ამოიწურა.

კახა მიქაია: “ყველანაირად ვეცადეთ, რომ შიმშილობა არ დაგვეწყო, მაგრამ ხელისუფლებამ სხვა გზა არ დაგვიტოვა. როცა „დაგვითმეს“ ენგურქარალდკომბინატის კულტურის სახლი, უარი ვუთხარით, რადგან იქ ოპოზიციას იმიტომ “ეპატიჟებიან“, რომ შენობა ავარიულია, არც ელექტროგაყვანილობაა. ქალაქის ცენტრში მდებარე დარბაზები კი თითქოს დაკავებულია, არადა ჩვენთვის კარგად არის ცნობილი რომ გუბერნატორმა გოროზიამ და გამგებელმა ქობალიამ უარზე პირდაპირი მითითება გასცეს“.

“დაიცავი საქართველოს“ წევრები შეხვედრაზე ხელისუფლებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიწვევასაც გეგმავდნენ, სადაც როგორც კახა მიქაია ამბობს: “გვინდოდა მეცადინეობა და წვრთნა ჩაგვეტარებინა მათთვის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებათა დაცვაში... ისინი არანაირ კონტაქტზე არ წამოვიდნენ და ჩვენ იძულებული ვართ ღია გაკვეთილები საჯაროდ ჩავუტაროთ“.

კახა მიქაიასთან ერთად “დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთმი წევრი, დათო სორდიაც შიმშილობს.

შიმშილობის აქციასთან დაკავშირებით რაიონის გამგეობაში კომენტარს არ აკეთებენ. როგორც “პრესა.გე“-მ გაარკვია გამგებელი ალექსანდრე ქობალია “ადგილზე“ არ იმყოფება. ის კი, ვინც იმყოფებოდა, მისი მოადგილე დარეჯან გაბედავა, ირწმუნებოდა, რომ “დაიცავი საქართველო“ განცხადებაზე პასუხსაც მიიღებდა და საკანსაც აიღებდა.

გაბედავასგან განსხვავებით, აიღებენ თუ არა საკანს და გაგრძელდება თუ არა ხანგრძლივად საპროტესტო აქცია, ჯერჯერობით უცნობია ლევან გაჩეჩილაძისთვის. “დაიცავი საქართველოს“ ლიდერი ზუგდიდის აქციას სიმბოლურად მიიჩნევს.

ლევან გაჩეჩილაძე: “მაშინ, როცა ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები სრულიად იგნორირებულია, ზუგდიდის აქციას სიმბოლური დატვირთვაც აქვს. მე და კახას გვქონდა შეთანხმება იმაზე, რომ ეს დღე საზოგადოებასთან შეხვედრით აღგვენიშნა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ხელისუფლებამ არცერთი დარბაზი არ დაგვითმო, როცა ისინი რეალურად ცარიელია და იმ დღეს იქ არანაირი ღონისძიება არ ტარდება.

ეს იქნება დროებითი აქცია, მაგრამ უფლებათა დაცვის დღეს უკვე ამ ფორმით შევხვდებით. ახლა ვერ გეტყვით რა იქნება შემდეგ, მაგრამ 10 დეკემბერს მოსიმსილეებთან ჩასვლას ვგეგმავ და სხვა დეტალებს კახა მიქაიასთან ერთად გავარკვევთ“.

[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი presa.ge]
Read more