თავს დაესხნენ ჟურნალისტს


გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს ცნობას იმის შესახებ, რომ 10 ივნისს, თბილისში, თავს დაესხნენ რაგნარ სკრეს, ნორვეგიელ ჟურნალისტს, რომელიც „რეზონანსის“ სიტყვებით, „წარმატებული ჟურნალისტი და საქართველოს დიდი მეგობარია.“
ნორვეგიელი ჟურნალისტი „რეზონანსს“ დეტალურად უყვება თავს გადამხდარი კრიმინალური შემთხვევის შესახებ:„2009 წლის 10 ივნისს, საღამოს 9 საათზე, კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. გავაღე და 5 შავნიღბიანი და შავხელთათმანიანი მამაკაცი ბინაში შემომივარდა. პირველმა იარაღი მომიშვირა. იარაღი წავართვი და წავიჩხუბეთ. თუმცა წართმევისას რამდენიმე წამს მეჯაჯგურა. ამასობაში მას მეორე მიეხმარა და სამზარეულოსკენ გამაგდეს. იარაღს ხელიდან არ ვუშვებდი. მათ იატაკზე პირქვე დამაგდეს და ერთ-ერთმა მათგანმა მეორე პისტოლეტი დამიმიზნა.შევძახე: „მიშველეთ!“ (ინგლისურად)ერთ-ერთმა მათგანმა შავი, ნაქსოვი ხელთათმანი ცხვირპირზე ამაფარა და თავით იატაკზე გამაკრა ისე, რომ სუნთქვა შემეკრა. დავინახე, რომ ერთ-ერთს განიერი „სკოჩი“ ჰქონდა, რომლითაც ჩემი პირის აკვრა სურდა. სწორედ ამ მომენტში მომესმა მათი ლაპარაკი, იქამდე ჯერ არ გამეგონა. ჩემი ვარაუდით, რუსულ ენაზე ლაპარაკობდნენ. ამ ენაზე კი მე არც ერთი სიტყვა არ მესმის.
ვიდრე იატაკზე ვიყავი გართხმული, იარაღიც წამართვეს. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ ისინი წავიდნენ და ეს ეპიზოდიც დასრულდა.მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ მათ წაეღოთ მობილური და ჩანთა, რომელშიც მედო ფოტოკამერა, დიქტოფონი, ქაღალდები (ჩემი ჩანაწერები) და საფულე ცოტაოდენი ფულით (60 ლარი). მაგრამ არ წაიღეს მეორე საფულე, რომელიც საკმაოდ თვალსაჩინოდ იდო 3 მეტრში შემოსასვლელი კარიდან. ჩემი ჯიბეებიც არ გაუჩხრეკიათ. ის ფაქტი, რომ ძალიან წყნარად და დისციპლინირებულად იქცეოდნენ და ისინი ჩემს ძვირფას ნივთებს არ დახარბებიან, მაფიქრებინებს, რომ მომხდურებს ჩემი ფული კი არა, ჩემი ჟურნალისტური მასალები აინტერესებდათ.ჩაფსკვნილი გარეგნობა ჰქონდათ და კარგად იყვნენ მომზადებულნი. თავდასხმის განმავლობაში არანაირ ემოციას არ ამჟღავნებდნენ.პოლიციის მოსვლის შემდეგ სამართალდამცავების 2 ლიდერი კამათობდა იმაზე, თუ რომელს წარემართა გამოძიება. აღმოჩნდა, რომ 2 უბნის პოლიციის წარმომადგებლობა მოვიდა და იმაზე დავობდნენ, ვის მიეღო ჩემი საქმე წარმოებაში.კამათი შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა და ჩემმა მეზობელმა დაინახა, სამართალდამცავები კიბეებიდან როგორ დაგორდნენ.
ამ შემთხვევას უკვე იძიებს ისანი-სამგორის რაიონის პოლიცია და მასთან ერთად- კიდევ სხვა დეპარტამენტი, რომელიც თავის მხრივ ახორციელებს გამოძიებას. საინტერესოა, რომ ამ საგამოძიებო დეპარტამენტიდან (არ ვიცი, კონკრეტულად რა საგამოძიებო ჯგუფია) შაბათს მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს, რომ თავდასხმას მოწმე არ ჰყავს. ეს მე უცნაურად მომეჩვენა, რადგან იმ დროს (საღამოს 9 საათსა და 10 წუთზე) ქუჩაში ხალხი აუცილებლად იქნებოდა.მოპარულ მასალებს შორის ბევრი იყო ისეთი, რომელიც, ჩემი აზრით, ექსკლუზივად ითვლება. მათ დაბეჭდვას ვგეგმავდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასლები არ გამაჩნია. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ აღნიშნული შემთხვევა უკვე, „ნორმალური“ კრიმინალური მოვლენაა: 6 თვის წინ ჩემი ვიდეოკამერა თბილისის იმავე რაიონში წამართვეს.“
წყარო: მედია.გე