
ის, რომ ჟურნალისტები ხშირ შემთხვევაში ”სცოდავენ” და საზოგადოების ”ინფორმაციულ შიმშილსა” თუ სულიერ წყურვილს ”ექსპრომტად” შექმნილი თეატრალიზებული წარმოდგენით კლავენ, სიახლე არ არის, მაგრამ იმას, რასაც სამეგრელოს ”ტელემედიაკორპუსი” ქმნის, ვერავინ შეედრება. ”მეგრული პროდუქცია” მსოფლიო ტელესივრცეში უპრცენდენტოა და ”სიტყვის თავისუფლების მაღალი ხარისხით” გამოირჩევა.
ტელედეზინფორმაციების ნაკვალევზე გუშინ საინტერესო ფაქტებს ”წავაწყდით””. ტელეკომპანია ”რუსთავი2” მთელი დღის განმავლობაში იუწყებოდა, რომ ”თავდასხმა მოხდა გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში. სამმა შეიარაღებულმა პირმა ამავე სოფლის მკვიდრი, ქართლოს გაგუა დაჭრა.
მას დაზიანებები მუცლის არეში აქვს მიყენებული. გაგუას გადმოყვანა ზუგდიდში მხოლოდ შემოვლითი გზებით მოხერხდა. ამჟამად იგი ”წმინდა ლუკას სახელობის” ჰოსპიტალში იმყოფება. დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია”.
”განსხვავებული” ინფორმაცია გაავრცელა ”ტელეიმედმაც”, სადაც დაზარალებულად, სხვა ადამიანი გამოაცხადდა. ”მორიგი თავდასხმა გალის რაიონში. უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა 35 წლის იაგო ქორთუა ცივი იარაღით დაჭრეს. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
დაშავებული ამ დრომდე უგონოდ არის, ამიტომ თავდასხმის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მიზეზების დადგენა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ოჯახის წევრებმა ქორთუა უკვე გადაიყვანეს ზუგდიდის საავადმყოფოში, სადაც დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა”.
კორესპონდენტებს ფაქტის ”დასამტკიცებლად” ექიმის ინტერვიუც არ გამორჩენიათ. ქირურგი პაატა ადამია აცხადებდა, რომ დაზარალებულს მუცლის ღრუში შემღწევი ჭრილობა აღენიშნებოდა, რასაც სწორი ნაწლავისა და ღვიძლის დაზიანება მოჰყვა. ავადმყოფის მდგომარეობა მძიმედ შეფასდა.
”პრესა.გე”-მ ვერ დაადგინა, თუ რა წყაროზე დაყრდნობით მოხდა ინფორმაციის მოპოვება. თუ გაგუა უგონო მდგომარეობაში იყო და ამიტომაც თავდასხმის მიზეზები გაურკვეველი იყო, რაღა მაინცდამაინც ჭუბურხინჯში უნდა დაეჭრათ.
თუმცა ”ნიუსი” სხვაგვარად როგორ უნდა გამოსულიყო. მითუმეტეს ცხელ წერტილში ჟურნალისტური ”სტრატეგია”ერთი მიზნისკენაა მიმართული-კონფლიქტის ზონაში თავს ესხმიან ქართულ მოსახლეობას... საზიზღარი რუსები და აფხაზები...
თავდასხმიდან მეორე დღეს ”პრესა.გე”-მ დაზარალებულ ქორთუას საავადმყოფოში მიაკითხა. დაჭრილი პალატაში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ”ყველა არხი ამას აცხადებდა მთელი დღე, თითქოს ამის მეტი არაფერი მომხდარიყოს. შემოცვენილან აქ კამერებით და გადაუღიათ გათიშული კაცი... არ არის საჭირო ამდენი ჟურნალისტი და გადაღება, შეგვეშვით!” - უკმაყოფილო ტონით განაცხადა გაგუას მეუღლემ.
ინტერვიუზუ უარს ამბობდა დაზარალებულიც: ”გამომძიებელი მოვიდა, ვუპასუხე, თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს...ცუდად ვარ”.
თუმცა გაგუა ”პრესა.გე”-ს მიერ დასმული ერთი კითხვის შემდეგ ”გამოცოცხლდა” - ”მართალია, რომ ჭუბურხინჯში კი არა ზუგდიდში ნათესავმა დაგჭრათ?”
დაზარალებულის პასუხი: ”ენგურის ნაპირებით გადმოვდიოდი, ტყიდან გამოვარდნენ, მძარცველები იყვნენ, ქურთუკის გახდა მომთხოვეს... რა ნათესავი, რის ნათესავი...”.
”პრესა.გე”-ს აცნობეს, რომ გაგუა სოფელ წარჩედან დევნილია და ამჟამად თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. უთხრეს ისიც, რომ გალის რაიონში მისი გადაადგილება დიდიხანია არავის უნახავს...რომ იგი ცოლის ძმამ, პაატა შონიამ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაჭრა...
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია თუ არა ს.ს.საქმე და საერთოდ რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ვერსიები, ”პრესა.გე” ზუგდიდის პოლისიის სამმართველოს უფროსს, გიორგი ნინუას დაუკავშირდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მან შსს პრესცენტრში გადაგვამისამართა.
ზურაბ გვენეტაძე ვითარებაში გარკვევას დაგვპირდა, მაგრამ შემდეგ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ზუგდიდის პოლიციის შეფმა კი, ”კავშირი აღადგინა”, მაგრამ ”ფრიად მნიშვნელოვანი” განცხადება გააკეთა, რომელსაც ვერაფერი გავუგეთ: ”ჟურნალისტს რატომ გეშლებათ ამდენი?!”...