ფარისევლობის მწვერვალი



საქართველოს ხელისუფლების დამქაშები ამ ბოლო დროს დიდი რაოდენობით და კოლექტიურად მოსთქვამდნენ გამოხატვის თავისუფლების უქონლობისა გამო. აქაოდა,მართლმადიდებლების ტერორი ისეთი მრისხანეა, რომ ვერაფერი გვითქვამსო. თავისუფლების ინსტიტუტი თითქოს სააკაშვილსა და მერაბიშვილსაც შემოსწყრა.

– “თქვე, ფარჩაკებო, რატომ არ აპატიმრებთ უცხო ქვეყნის აგენტ პატრიარქს და ეპისკოპოსებსო”. თეა თუთბერიძე პირდაპირ ეთერში იწყებს მისი “მამა მარჩენალის” ძაგებას და საყვედურობს ხელისუფლებას, რომ ისინი თურმე ძალიან რბილნი არიან ამ საძაგელ ფუნდამენტალისტებთან ბრძოლაში. ბუნებრივია სიტყვის თავისუფლება ნებისმიერ ჯანმრთელ საზოგადოებაში ხელშეუხებელი უფლებაა და ფუნდამენტალიზმსაც ყველგან უნდა ებრძოდეს საზოგადოება.

მაგრამ საინტერესოა, მართლა ფუნდამენტალიზმს ებრძვის ლევან რამიშვილის და თუთბერიძის გუნდი, თუ უბრალოდ მხოლოდ ქართულ ეკლესიას? ეს კითხვა ბუნებრივია ჩნდება, რადგანაც არსებობს ხალხი, რომელსაც რელიგიურ დენომინაციებთან ბრძოლა საკუთარი მემარცხენე თუ ლიბერტარიანული მრწამსის ნაწილად აქვს ქცეული. ბევრი მემარცხენე სეკულარისტი დასავლურ საზოგადოებაში უპირისპირდება ფუნდამენტალისტური ცხოვრების სტილს და კულტურას.

ეს აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა. მაგრამ, არსებობს აგრეთვე ხალხი რომელიც ამ ყველაფერს ძალაუფლების ხელში ჩაგდების გულისათვის აკეთებს. საინტერესოა, მართლაც უპირისპირდება თუ არა ფუნდამენტალიზმს თავისუფლების ინსტიტუტი.

როგორც ცნობილია, თავისუფლების ინსტიტუტმა ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში პრაქტიკულად ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ბუშის ჯვაროსნულ, ფუნდამენტალისტურ ომს ერაყში. საინტერესოა, რომ ყველასათვის ცნობილი ჯვაროსნული ლაშქორბების შემდეგ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფუნდამენტალისტური ომი, რომელიც ჩვენმა “ერთმორწმუნე” ქვეყნებმა დაიწყეს.

საქმე იქამდე მივიდა, რომ გასულ წელს თვით ამერიკის მოქალქეთა უმრავლესობამ განაჩენი გამოუტანა ასეთი ტიპის ფუნდამენტალიზმს და იმედია დიდი ხნით პენსიაზე გაუშვა მათი ინტერესების დამცველი პოლიტიკოსები დიკ ჩეინისა და დონალდ რამსფელდის თამადობით. თუმცა თავისუფლების ინსტიტუტი ალბათ ერთ-ერთი იშვიათი ადგილია მთელი მსოფლიოს სამოქალაქო სექტორში, რომელიც ბუშისა და კარლ როუს ფუნდამენტალისტი კოალიციის თაყვანისმცემელი იყო.

გიგა ბოკერიამ, ლევან რამიშვილმა, გივი თარგამაძემ არაერთხელ დაადასტურეს საკუთარი მხარდაჭერა ამერიკელი ფუნდამენტალისტების მიმართ. ეს მხარდაჭერა არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის თვალთახედვიდან გამოიხატებოდა, არამედ თავისუფლების ინსტიტუტის წევრები არც მალავდნენ საკუთარ აღტაცებას ამერიკელი ფუნდამენტალისტების საშინაო პოლიტიკით.

ლევან რამიშვილი ახლაც ღიად აცხადებს, რომ ჯორჯ ბუშის და მისი ფუნდამენტალისტური ჯგუფის “რედნეკული”, რასისტულ-ბიურგერული იდეოლოგიის მხარდაჭერას. რაღა თქმა უნდა ყველა რესპუბლიკელი ასეთი არ არის ამერიკაში - არიან ზომიერი რესპუბლიკელებიც, მაგრამ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში ასეთი ზომიერი რესპუბლიკელები ჩრდილში უფრო იყვნენ.

ეს ფუნდამენტალისტები იყვნენ ადამიანის წამების პოლიტიკის პირდაპირი სანქციონერები, რაზეც ახლა სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული შეერთებული შტატების ახალი გენერალური პროკურარის ერიკ ჰოლდერის მიერ. რეალურად ქრისტიანი ფუნდამენტალისტების ეს ჯგუფი იმდენად ცდილობდა ადამიანის უფლებების უგულებელყოფას, რომ მათ დროს ამერიკა ორველის 1984-თან ისე ახლოს იყო, როგორც არასდროს.

აი, ასეთ ფუნდამენტალისტურ პოლიტიკას მხარს უჭერდა ლევან რამიშვილი და თავისუფლების ინსტიტუტის აქტივი და ახლა ეს ადამიანები გამოდიან ამის წინააღმდეგ მებრძოლნი. სხვათა შორის, რამიშვილი და მისი გუნდი იმასაც არ აღიარებს, რომ ქართულ ეკლესიას ამ “ჯვაროსნულ ომში” მონაწილეობა არ მიუღია ამ ომის დაწყების წინ პატრიარქმა ილოცა ყველას მშვიდობისათვის - თვით სხვა რჯულის წარმომადგენელთა გადარჩენისათვისაც კი.

ხოლო სამოქალაქო საზოგადოების მიერ მოწყობილ მცირერიცხოვან დემონსტრაციაზე 2003 წლის მარტში თავისუფლების ინსტიტუტი არათუ არ მოვიდა, არამედ პირდაპირ დაგვიპირისპირდა რადიო დებატებში. მაშინ გიგა ბოკერია მოვიდა “ჯვაროსანთა ომის მომხრე” ბანაკიდან რადიო დებატებზე და ეს ავანტიურისტული წამოწყება გაამართლა “დემოკრატიისათვის ბრძოლით”.

ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია ეს კითხვა - როდესაც ამერიკელ ფუნდამენტალისტებს ასე აშკარად უჭერ მხარს - თუნდაც ადამიანების წამებისა და მათი კერძო საუბრების მოსმენის საქმეში - მაინცდამაინც საქართველოში ებრძვიან ფუნდამენტალიზმს? სრულიად გულწრფელად შემიძლია ვთქვა რომ არანაირად არ მჯერა ამ “ბრძოლის” გულწრფელობის.

ამ ჯგუფს ხელისუფლების დაკარგვის პანიკური შიში აქვს და ახლა პარანოიალური მოლანდებების გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. მეორე უბედურება რასაც ახლა ვაწყდებით, ეს ჩვენთვის კარგად ცნობილი “აგენტომანიაა”. ცხადია, ძალიან კარგი იქნება, თუ მართლა მოხდა საბჭოთა უშიშროების თანამშრომელთა ლუსტრაცია და თუ მათ აეკრძალათ საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე მუშაობა. მაგრამ, კერძო და რელიგიურ დაწესებულებებში “აგენტების” ძიება აშკარად 37 წლის ბოლშევიკური სინდრომის განმეორებაა.

საერთოდ, აგენტობა ისეთი პოზიციაა, რომლის დამტკიცებაც მეტად რთულია, რადგანაც ყველა ქვეყნის საგარეო დაზვერვის სამსახური ბოლომდე ცდილობს უცხო ქვეყანაში საკუთარი თანამშრომელი არ გაამჟღავნოს. ამ ტიპის კლანდესტინური სერვისის გაშიფრვა აშკარად აღემატება თეა თუთბერიძის პროფესიულ ღირსებებს.

ის ფაქტი, რომ ეკლესია საბჭოთა ხელისუფლების მუდმივი თვალთვალის ქვეშ იყო ყველამ იცის, მაგრამ კონკრეტული აგენტების გამომჟღავნებას რუსული დაზვერვა როგორც მინიმუმ შემდეგი 50 წლის განმავლობაში მოერიდება, სწორედ იმიტომ, რომ მიიღოს არსებული ღირებული ინფორმაციები. ხოლო ყურმოკრული ინფორმაციების სიმართლედ გასაღება აშკარა ცილისწამებაა.

ვაშინგტონში უამრავი ეგრეთთწოდებული “პერებეჟჩიკია”, რომელიც საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ფლობს და ამჟღავნებს. თუმცა მათ მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები მაინც ძნელია რომ მიაკუთვნო უტყუარ მასალებს, რადგანაც ყოველთვის არის შანსი რომ ეს იყოს ან შეგნებული დეზინფორმაცია ან კი უბრალოდ შეცდომით გამოწვეული გადაჭარბება.

ერთ-ერთი ასეთი “პერებეჟჩიკის” ვერსიით, საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი იური ანდროპოვის კარზეა გაზრდილი და პირადად კარგი ნაცნობობა აკავშირებს ანდროპოვის შვილთან, რომელიც მისი ოჯახის მეგობარია. გარდა ამისა, ამავე “პერებეჟჩიკის” ინფორმაციით, სააკაშვილის ოჯახი დღესაც აქტიურად არის ჩართული გრუ-ს მიერ ორგანიზებულ იარაღის ვაჭრობის ბიზნესში და კავკასიაში არსებულ იარაღის ვაჭრობის არტერიებს სწორედ ისინი აკონტროლებენ.

ეს ინფორმაცია, დარწმუნებული ვარ მარტო მე არ მაქვს, და საინტერესოა ამ ბოლო 6 წლის მანძილზე თავისუფლების ინსტიტუტის არც ერთ წევრს რატომ არ გაუჩნდა სურვილი რომ ამდაგვარი ინფორმაცია საჯაროდ გადაემოწმებინა? თუ მხოლოდ პატრიარქზეა ნადირობა ნებადართული და პრეზიდენტის პიროვნებასა თუ ოჯახს იმუნიტეტი აქვთ ასეთი შეკითხვებისაგან?

ფარისველობაა, როდესაც ქვეყნის პირველი პირის ბიოგრაფიაში ოფიციალურად ჩაწერილ თანამშრომლობას ყურადღებას არ აქცევენ და მხოლოდ კერძო პირების ბიოგრაფიებით ინტერესდებიან. ფარისევლობაა როდესაც ვითომდა ქართულ ფუნდამენტალიზმს ვებრძვით და ჯვაროსნულ ომებში პირდაპირი მნიშვნელობით ვმონაწილეობთ. ფარისევლობაა როცა ქვეყანაში ამდენი ღატაკი და გაჭირვებულია და ამდენი ფული ომზე იხარჯება.

ფარისევლობაა, როდესაც ქვეყნის მმართველ ძალას ხალხის გაჭირვების მიზეზების მაგივრად მუდმივად “აგენტების” ვინაობა აინტერესებს. ფარისევლობაა როდესაც საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის ოჯახი რუსული იარაღით ვაჭრობაზე მდიდრდება და სხვებს რუსების აგენტობაში სდებს ბრალს.

ჯანმრთელ საზოგადოებაში რაღა თქმა უნდა უნდა იყვნენ სხვადასხვა აზრის წარმომადგენლებიც, ათეისტებიც, აგნოსტიკოსებიც და უამრავი დენომინაციის მორწმუნეებიც. ჩვენს ისტორიაში ასეთი მრავალფეროვნების ნაკლებობას არ ვუჩივით. მაგრამ, ამავე დროს ფარისევლობაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ნაკლია - ხშირად საკუთარ თვალში მთელს ხეს ვერ ვამჩნევთ და სხვებს პატარა ბეწვის ამოღებისათვის ჯვარს ვაცვამთ.
[presa.ge]