"ღია გაკვეთილები ხელისუფლებისთვის"


თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველოს“ წევრებმა ზუგდიდში საპროტესტო აქცია განაახლეს. ქალაქის ცენტრში, რაიონის გამგეობის შენობის წინ საკანი კვლავ გამოჩნდა. პროტესტი, რომელიც 6 თვე მიმდინარეობდა, შიმშილობის აქციაში გადაიზარდა.

“დაიცავი საქართველოს“ წევრებმა პროტესტის გამოხატვის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც ხელისუფლებამ მათი ერთადერთი მოთხოვნა-დაგეგმილი შეხვედრის გამართვის მიზნით ქალაქის ცენტრში არსებული ერთერთი დარბაზის გამოყოფა არ დააკმაყოფილა.

დაგეგმილი შეხვედრა კი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას უკავშირდება, რომელიც მოძრაობის წევრებს ზუგდიდის საზოგადოებასთან ერთად უნდა გაემართათ.

“დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა მიქაია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მათი მოთხოვნები ჯიუტად მაშინ არ შეასრულა, როცა ამის აუცილებლობა არ არსებობდა. ხელისუფლების მიმართ წაყენებული ორდღიანი ულტიმატუმის ვადაც ამოიწურა.

კახა მიქაია: “ყველანაირად ვეცადეთ, რომ შიმშილობა არ დაგვეწყო, მაგრამ ხელისუფლებამ სხვა გზა არ დაგვიტოვა. როცა „დაგვითმეს“ ენგურქარალდკომბინატის კულტურის სახლი, უარი ვუთხარით, რადგან იქ ოპოზიციას იმიტომ “ეპატიჟებიან“, რომ შენობა ავარიულია, არც ელექტროგაყვანილობაა. ქალაქის ცენტრში მდებარე დარბაზები კი თითქოს დაკავებულია, არადა ჩვენთვის კარგად არის ცნობილი რომ გუბერნატორმა გოროზიამ და გამგებელმა ქობალიამ უარზე პირდაპირი მითითება გასცეს“.

“დაიცავი საქართველოს“ წევრები შეხვედრაზე ხელისუფლებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიწვევასაც გეგმავდნენ, სადაც როგორც კახა მიქაია ამბობს: “გვინდოდა მეცადინეობა და წვრთნა ჩაგვეტარებინა მათთვის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებათა დაცვაში... ისინი არანაირ კონტაქტზე არ წამოვიდნენ და ჩვენ იძულებული ვართ ღია გაკვეთილები საჯაროდ ჩავუტაროთ“.

კახა მიქაიასთან ერთად “დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთმი წევრი, დათო სორდიაც შიმშილობს.

შიმშილობის აქციასთან დაკავშირებით რაიონის გამგეობაში კომენტარს არ აკეთებენ. როგორც “პრესა.გე“-მ გაარკვია გამგებელი ალექსანდრე ქობალია “ადგილზე“ არ იმყოფება. ის კი, ვინც იმყოფებოდა, მისი მოადგილე დარეჯან გაბედავა, ირწმუნებოდა, რომ “დაიცავი საქართველო“ განცხადებაზე პასუხსაც მიიღებდა და საკანსაც აიღებდა.

გაბედავასგან განსხვავებით, აიღებენ თუ არა საკანს და გაგრძელდება თუ არა ხანგრძლივად საპროტესტო აქცია, ჯერჯერობით უცნობია ლევან გაჩეჩილაძისთვის. “დაიცავი საქართველოს“ ლიდერი ზუგდიდის აქციას სიმბოლურად მიიჩნევს.

ლევან გაჩეჩილაძე: “მაშინ, როცა ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები სრულიად იგნორირებულია, ზუგდიდის აქციას სიმბოლური დატვირთვაც აქვს. მე და კახას გვქონდა შეთანხმება იმაზე, რომ ეს დღე საზოგადოებასთან შეხვედრით აღგვენიშნა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ხელისუფლებამ არცერთი დარბაზი არ დაგვითმო, როცა ისინი რეალურად ცარიელია და იმ დღეს იქ არანაირი ღონისძიება არ ტარდება.

ეს იქნება დროებითი აქცია, მაგრამ უფლებათა დაცვის დღეს უკვე ამ ფორმით შევხვდებით. ახლა ვერ გეტყვით რა იქნება შემდეგ, მაგრამ 10 დეკემბერს მოსიმსილეებთან ჩასვლას ვგეგმავ და სხვა დეტალებს კახა მიქაიასთან ერთად გავარკვევთ“.

[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი presa.ge]