დაცული ვართ თუ არა?!


ცხინვალის აღმოსავლეთით მდებარე სოფელი ფრისი კოკითის შეიარაღებული ძალების მიერ პრაქტიკულად სათავდაცვო ნაგებობად არის გადაქცეული. ეს სოფელი, ერთის მხრივ, ცხინვალს იცავს, მეორეს მხრივ კი, დიდი და პატარა ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებს აკონტროლებს. სოფელ ფრისის მთაზე მე-12 საუკუნის ქართულ ციხეში განლაგებულია ოსი სეპარატისტების არტილერიის დიდი ნაწილი.

ოსი სეპარატისტების სამხედრო პოტენციალი მთლიანად რუსული ფულით და შეირაღებით სულდგმულობს. ბარაკ ობამას არაერთი დამაიმედებელი გამოსვლის მიუხედავად, რუსული შეიაღაღებული ძალები განაგრძობენ როკის გვირაბიდან შეუზღუდავ გადმოსვლას და ჯავის რაიონში იკავებენ პოზიციებს. რუსეთი ერთის მხრივ, ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდასა და უფლებების გაფართოებას ცდილობს. თუმცა, უკვე გამოიკვეთა რუსული სტრატეგიის ყველაზე მზაკვრული დეტალები.

სამაჩაბლოში ახალი ომის დაწყების შემთხვევაში, ქართული მშვიდობიანი მოსახლეობის რეგიონიდან და არა მხოლოდ კონფლიქტური რეგიონიდან ევაკუაციისათვის, როგორც ჩანს ამჯერადაც არ ვემზადებით. ჩეჩნეთის ომში პირველი კომპანიის დროს იმდენად ჰქონდათ ჩეჩნებს მიწისქვეშა, თუ მიწისზედა კომუნიკაციები, რომ ფედერალურ ჯარებს უძნელდებოდათ საომარი მოქმედებების განხორციელება. სულ სხვა მდგომარეობაა საქართველოში.

სხვა არის საომარი მოქმედება. აქ შესაძლოა იყოს გარკვეული დრო ხალხის თანდათანობითი ევაკუაციისთვის. მაგრამ არის ისეთი გეგმაც, რომლის მიხედვითაც თბილისი ორ-სამ დღეში უნდა დაიცალოს. ამის ტექნიკური საშუალება არსებობს, მაგრამ ამის გამოყენების მექანიზმები არ არის.

ომის დროს ცენტრალურ გზაზე არცერთი საკუთარი მანქანა არ უნდა გავიდეს მარტო მძღოლით. მას ოთხი კაცი უნდა ეჯდეს. უნდა იყოს გადაადგილების საშვი, ყველაფერი უნდა იყოს რეგისტრირებული.

საევაკუაციო გეგმები მზადდება ორი მიმართულებით: სტიქიები და საომარი ვითარებები. საბჭოთა კავშირის დროს აქცენტი კეთდებოდა ბირთვული ომის პირობებში გასატარებელ უსაფრთხოების ღონისძიებებზე. დღეს სხვა სიტუაციაა, მაგრამ საევაკუაციო ღონისძიებების წინასწარ დაგეგმვაზე უარი რომ ითქვას, ეს სწორი არ იქნება.

საომარ მოქმედების ზონიდან ხალხის გახიზვნა აუცილებელია. სოხუმსა და გაგრაში მშვიდობიან მოსახლეობას რა უნდოდა? ხალხი რომ გამოეყვანათ, ამხელა მსხვერპლი ხომ არ იქნებოდა? აქ დამოკიდებულია ყველაფერი ადგილობრივი ხელისუფლების გონივრულ მოქმედებაზე. სოფელს მტერი თუ მოადგა, სოფელი უნდა გაიხიზნოს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად აღმოცენდა სხვადასხვა კონფლიქტები, ანუ, ომის საშიშროება დღესაც არსებობს. ჩვენ გვაქვს უმძიმესი გამოცდილება სამაჩაბლოსა და აფხაზეთთან დაკავშირებით, სადაც საევაკუაციო ღონისძიებები არასწორად იქნა გატარებული და ეს საშინელი შედეგებით დასრულდა.

სტიქიის დროს, თუ საომარ ვითარებაში, როცა მოსახლეობას საფრთხე ექმნება, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს მისი გამოყვანა საშიში ზონიდან. ეს კი, წინასწარ შემუშავებული გეგმების არსებობის გარეშე ვერ განხორციელდება. ამისთვის არსებობს სამსახური, რომელსაც ეწოდება საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის სისტემის მთავარი სამმართველო. მოგეხსენებათ, პანიკაში ჩავარდნილი ადამიანების ორგანიზებული მართვა ძალიან ძნელია.

გარდა ამისა, არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანის სიცოცხლე ერთ საათზე და ერთ წუთზეა დამოკიდებული. კარგი მაშველი ამ შემთხვევაში საკმარისი არ არის. საგანგებო ვითარებაში მოქმედებას წინასწარი დაგეგმარება და მომზადება სჭირდება.

კოტე ფირალაშვილი, მაიორი:”ადამიანმა უნდა იცოდეს, სად წავა საშიშროების არსებობის შემთხვევაში. წინასწარ უნდა გაეცნოს იმ ზონას, სადაც მიდის, იმ სახლს, სადაც მოუწევს ცხოვრება. ეს არის კომპლექსური ღონისძიება, თუ როგორ უნდა მიიღოს, ვთქვათ რეგიონმა ქალაქიდან გამოქცეული მოსახლეობა, როგორ უნდა მოხდეს მათი ტრანსპორტით თუ საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა. ამისათვის მთელი ინფრასტრუქტურის არსებობაა საჭირო. გზაში ადამიანს წყალი სჭირდება, საკვები, მედიკამენტები, სამედიცინო პუნქტები. ეს ყველაფერი დაგეგმილია. გვაქვს მარშრუტები - საიდან ხდება ევაკუაცია, სად შესვენების ადგილია, სად - წყლით მომარაგება, ზამთრის პირობებში სხვა მოთხოვნილებებია, ზაფხულში - სხვა. ეს არის, ასე ვთქვათ, დიდი, კომპლექსური ღონისძიება”.

რაკი ასეთ არეულ რეგიონში ცხოვრობ, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ქვეყანა გადადის მშვიდობიანი პერიოდიდან საომარ პერიოდში. ამ დროოს ტარდება გრძელვადიანი ღონისძიებების სერია, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. ამ დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მოსახლეობის გაყვანა დიდი ქალაქებიდან. საევაკუაციო ღონისძიებები ხორციელდება იმისდა მიხედვით, თუ როგორია მოწინააღმდეგის გეგმები, თუ ხდება მისი გააქტიურება რომელიმე მიმართულებით. ანუ ამას განსაზღვრავს ომის მთელი დინამიკა. როდესაც რეალური საშიშროება იქმნება ამოქმედდება ექსტრემალური გარემოებებისთვის მომზადებული გეგმები, რომელიც ყველა ცივილიზებურ სახელმწიფოს გააჩნია.

ასეთი გეგმები წესით უნდა ჰქონდეს საქართველოსაც, მაგრამ ამ სფეროში პრობლემები ნამდვილად დიდია.

კოტე ფირალაშვილი: ”ევაკუაციისთვის პირველი პრობლემა ის გახლავთ, რომ საქართველოს სოფლები, სადაც ხალხი უნდა გაიხიზნოს, ინფრასტრუქტურის მხრივ ფაქტობრივად მოშლილია უზრუნველყოფისთვის. მარტო პური რომ ავიღოთ, პურის საცხობებიც არ არის საჭირო რაოდენობის. კახეთის რეგიონისთვის ეს უფრო ადვილია, რადგან ყველას აქვს თონე. მაგრამ ამ საკითხების ასე მარტივად გადაწყვეტა არ შეიძლება. საჭიროა ხალხის უზრუნველყოფა ყველა საჭიროების მიხედვით. ამისათვის საჭიროა შესაბამისი ქსელი, წარმოება-დაწესებულებების მუშაობა, ამას შესაბამისი მუშა-ხელის შემოყვანა სჭირდება. ენერგომომარაგება და ა. შ”.

ეს პრობლემატური საკითხები მეტყველებს ქვეყნის სიძლიერეზე. სახელმწიფო ძლიერია, როცა მას შეუძლია, თავისი მოსახლეობის დაცვა ყველა პირობებში.

[ლევან სეფისკვერაძე, presa.ge]