რუსეთის ორთავიანი არწივი


”გლობალურ დათბობასთან და წყნარი ოკეანის დონის ამაღლებასთან დაკავშირებით, რათა ნაურუ წყალმა არ შთანთქოს, სასწრაფოდ დასჭირდათ დამატებითი თანხა კლდეებისა და ქვიშის შესაძენად. ეტყობა ნაურუში საკმარისად აღარ მოდის ქოქოსი და დამატებითი შემოსავლის წყაროც ვეღარ ნახეს”- ასე აფასებენ პუტინი-მედვედევის ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი რუსი ექსპერტები, ნაურუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

აფხაზეთის დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მეტი დამაჯერებლობა და საქმიანი იერი რომ მიენიჭებინათ, ოფიციალურმა მოსკოვმა მარიონეტული არჩევნების დასრულებიდან მეორე დღესვე პოლიტიკურ არენაზე ახალი ქვეყანა გამოიყვანა, რომელმაც სეპარატისტულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა და ამ გზით მისი სუვერენიტეტი სცნო.

რუსეთის არაოფიციალურ წრეებში იმასაც ამბობენ, რომ აფრიკის ამ ჯუჯა სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ერთ-ერთი კონფლიქტური რეგიონის აღიარება მოსკოვს 50 მილიონი აშშ დოლარი უჯდება, რაც ნაურუს ხელისუფლების გათვლით, გადაუდებელი სოციალური და ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვისაა საჭირო.

რუსეთის ორთავიანი არწივი აშკარად შეზოფრენიის სტადიაზეა, რადგან ისედაც განიავებული სახელმწიფო ბიუჯეტით ახლა აფრიკის ქვეყნების სოციალურ- ეკონომიკური დონის გაუმჯობესებაზე ”იწყებენ ზრუნვას”.

რუსი პოლიტოლოგი ვალერია ნოვოდვორსკაია მიიჩნევს, რომ რუსეთს განზრახული აქვს აზია-აფრიკის ქვეყნების შესყიდვა, მაგრამ ამჯერად ფული მხოლოდ აფრიკის ერთი ქვეყნისთვის ეყოთ.

”როგორც ჩანს პატარა კუნძულებისთვის რუსეთს ფული ჯერ კიდევ ჰყოფნის. აფხაზეთმა გადაწყვიტა წავიდეს თავის დიდ ძმასთან, მაგრამ ვგონებ უკვე თვითონაც აღარ იციან რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან. ერთ ჯიბეში რუსული პასპორტი უდევთ, მეორეში კი აფხაზური,”- აცხადებს ნოვოდვორსკაია.

მისი შეფასებით, მეტად საინტერესო ისტორია გამოდის, როდესაც აფხაზეთში პრეზიდენტს სულ სხა ქვეყნის მოქალაქეები ირჩევენ.

”რამდენადაც ვიცი რუსული პასპორტები მისცეს ყველას, როგორ ირჩევს პრეზიდენტს ეს ვითომც და დამოუკიდებელი რესპუბლიკა, როდესაც მისი მოქალაქეები პარალელურად რუსეთის მოქალაქეებიც არიან. ჩემთვის უკვე სულერთია ამ ჯუჯა სახელმწიფომ მიიღო თუ არა ბედიერება რუსეთის ბიუჯეტის წყალობით, რადგან მე, როგორც გადასახადების გადამხდელს, მიმაჩმია, რომ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტი განიავებულია,”- ამბობს რუსი ექსპერტი.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება იხტიბარს არ იტეხს. ის ფაქტი, რომ რუსეთის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობების გაბმა სოხუმს მსოფლიოს ყველაზე პატარა ქვეყანასთან მოუხდა, დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასთვის არაფერს ნიშნავს, უფრო მეტიც, ნაურუ მის კარიერაში უდიდეს გამართლებად ჩაიწერება.

50 მილიონი აშშ დოლარში საქართველოს მეორე კონფლიქტური რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებაც შედის თუ არა, ამ ეტაპზე უცნობია. ვინ იცის იქნებ ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა ნაურუმ შეღავათიან ფასშიც შეძლოს. რუსეთის გარდა აფხაზეთი ნიკარაგუამ და ვენესუელამ აღიარა.

ახალი ჯუჯა სახელმწიფოების გამოჩეკაში მონაწილეობის გარდა, ოპოზიციურად განწყობილი რუსი პოლიტოლოგები პრეზიდენტ მედვედევს პუტინის ”შესტიორკობასაც” საყვედურობენ. რუსეთის პოლიტიკურ წრეებში პროგნოზირებენ, რომ ”ორთავიანი არწივი ერთ თავს” ახალი, 2010 წლის დადგომამდე დაკარგავს.

პოლიტოლოგ ვალერია ნოვოდვორსკაიას კი მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი პრემიერ-მინისტრის მიმართ არანაირ პოლიტიკურ შეტევას არ განახორციელებს და არც სახელმწიფო გადატრილებას მოახდენს, რათა ამ გზით ბოლოსდაბოლოს გახდეს პრეზიდენტი და პუტინის მთავრობა დაითხოვოს.

”რა თქმა უნდა კანონიერად არჩეული პრეზიდენტის მხრიდან (როგორადაც მედვედევი მიიჩნევს თავს), ეს სახელმწიფო გადატრიალებაა. მას უფლება აქვს დაითხოვოს მთავრობა, მაგრამ ამას არ გააკეთებს. მედვედევი ყოველთვის საუბრობს ისეთ საგნებზე, რაც ემთხვევა პუტინის პოსტულატებს. მედვედევს უდიდესი ძალაუფლება აქვს, მაგრამ ვერ იყენებს. არც ხადარკოვსკისთან დაკავშირებით გამოუთქვამს ჯერ აზრი, არც პოლიტპატიმრების შეწყალებაზე საუბრობს.

ამდენად, არ არის საჭირო ორთავიან არწივს მოვაცალოთ ერთი თავი და გვქონდეს იმის ილუზია, თითქოს ეს თავები შეზოფრენიის სტადიაზე გაიყოფა და ერთი დაკორტნის მეორეს. არ არის საჭირო ახალი რუსული ზღაპრის მოგონება, თითქოს ”ზმეი გარინიჩის” ერთი თავი კონფლიქტში შევა მეორე თავთან და გაუშვებს მას თანამდებობიდან, ასეთი რამ რუსულ ხალხურ ზღაპარებში არ წერია,”- განაცხადა ”the new times”-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ვალერია ნოვოდვორსკაიამ.