ცნობილი ადამიანების ახალი წელი


მწერალი გიზო ნიშნიანიძე იხსენებს, რომ ახალგაზრდობაში იგი კარგ მეკვლედ ითვლებოდა. მართალია, გურამ პატარაიას ფილმის - “კუჩხი ბედინერის“ პერსონაჟის მსგავსად სიებით არ დადიოდა, მაგრამ მასზე ტაციაობა იყო.

ძველ თბილისში, სადაც კარი არ იკეტებოდა, ალბათ განსაკუთრებულად თენდებოდა ახალი წელი.
- თუ ერთად ყოფნას ვახერხებდით, ჩვენთვის მუდამ ახალი წელი იყო. სამი ბოთლი ღვინის ფული რომც გვქონოდა, ვიკრიბებოდით, ვმღეროდით და მეზობელი სუფრებიდან ივსებოდა ჩვენი მაგიდა. ღამისთევა შეგვეძლო. ჩვენი თაობის თბილისში ბაზარი იქცეოდა ხოლმე საახალწლო სუფრად. მთელი საქართველო ჩამოდიოდა, რომ თბილისს მოფერებოდა.

როგორც ვიცი, მთაწმინდაზე განსაკუთრებულად აღგინიშნავთ ახალი წელი.
- ეს რამდენიმე წლის წინ იყო, როცა კოკა იგნატოვის პანო ჯერ კიდევ ამშევენებდა მთაწმინდას. ხუთასამდე კაცი ავედით. პურმარილის თავკაცმა გვითხრა, ერთი კარგი სადღეგრძელო მოვიფიქროთო. მაშინ ვიკითხე, ვინმეს თბილისთან ერთი-ერთზე დაგილევიათ-მეთქი? აღმოჩნდა, რომ ეს უცნაური სადღეგრძელო არავის შეესვა. წამოვუდექით დედა-თბილისს, გამოვედით აივანზე და მისი სადღეგრძელო ერთი-ერთზე შევსვით. ამის შემდეგ ვიღაცამ თქვ, ამ ჭიქით უკეთესი სადღეგრძელო აღარ უნდა დაილიოსო. ყველამ გაუშვა ჭიქას ხელი და ხუთასი სასმისი დაიმსხვრა.

მომღერალი თამარ ჭოხონელიძე, როგორც წესი, ცდილობს ახალ წელს სამშობლოში შეხვდეს და სულაც არ ხიბლავს უცხოეთში გატარებული ახალი წლის დღეები:

- არასდროს გამიტარებია უცხოეთში ახალი წელი, რადგან ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ სახლში ჩამოვსულიყავი. “მზიურმა”, ჩემმა გოგონებმა, რამდენჯერმე გაატარეს ახალი წელი უცხო ცის ქვეშ, თუმცა მე, ყველამ კარგად იცის, როგორი ბავშვი ვიყავი. იყო ამაზე ლაპარაკი, რომ მე ხშირად არ დავდიოდი საზღვარგარეთ და ზუსტად იმ გასტროლზე ვამბობდი უარს, სადაც მომიწევდა უცხოეთში ან მატარებელში ახალი წლის შეხვედრა. არ შემეძლო ოჯახის ღალატი და მადლობა ღმერთს, ეს შემრჩა დღემდე. ღმერთმა ნუ ქნას, ისე დავისაჯო, როდესმე ახალ წელს სახლში არ შევხვდე.

ახალ წელს თქვენს ოჯახში კვლავაც ისმის სიმღერა?
- რა თქმა უნდა, მე ისეთი მამის გაზრდილი ვარ, სხვაგვარად არც შეიძლება. ის იყო ადამიანი, რომელიც ამბობდა, ქართული ხალხური სიმღერა არა მარტო სამი ხმის ერთად ჟღერაა, არამედ მასში უდიდესი სიბრძნეაო. სამი ხმის ჟღერადობას მარტო მაგიური დანიშნულება არ აქვს, არამედ ჩვენი სიმღერა საუკეთესო მასწავლებელია - თუნდაც დიდი გასაჭირის მიუხედავად, ქართულ სიმღერაში არასდროს სასოწარკვეთა არ იგრძნობა.

დღესაც ჩვენ არ გვაქვს უფლება, სასოწარკვეთილები ვიყოთ. ამიტომ მამაჩემის მერე, თუ შეიძლებოდა, ჩემს სახლში მრავალჟამიერი გაჟღერებულიყო, საერთოდ ვერ წარმომედგინა. მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემი წინაპრების დიდი ლოცვა დამეხმარა, რომ მრავალჟამიერის დაგუგუნება შევძელი. მამაჩემი ამ ქვეყნიდან წავიდა 5 წლის წინ, მაგრამ მან დამიტოვა მრავალჟამიერის სახლში დაგუგუნების უფლება.

ახალი წლის ქუჩაში შეხვედრა თქვენთვის მიუღებელია?
- შემაშფოთებლად მიმაჩნია, რომ ახალ წელთან დაკავშირებული ერთ-ერთი ფესვგამდგარი ტრადიცია იკარგება საქართველოში. ამ ტრადიციას ჰქონდა თავისი განუსაზღვრელი ძალა ოჯახის შეკვრის მხრივ. ოჯახში ჭერის, სითბოს, ერთმანეთის გატანის თვალსაზრისით. ჩემთვის საგანგაშოა, რომ იშლება ახალი წლის ოჯახში აღნიშვნის ტრადიცია. გაცვივდნენ ახალგაზრდები გარეთ, ქუჩაში. მშობელიც იძულებულია, შვილს გარეთ გაყვეს და ამ დროს სახლი, კარი, კერა იკეტება. მომავალი წელი სახლში არ შეჰყავთ, კარს უკეტავენ. რაღაც ველურ ცხოვრებას აჩვევენ ახალგაზრდებს.

ჩემთვის საოცარი საჩუქარია პატრიარქის გვერდით ყოფნა და სიმღერით დღესასწაულების მილოცვა. როცა 20 წლის წინ მარიამს ველოდებოდი, სულ ორი დღით ადრე სიონში წირვაზე ვიდექი და იმ ადამიანებს შევნატროდი, რომლებიც ახლოს იდგნენ იმ ადგილთან, სადაც უნდა გამოევლო პატრიარქს. გამოიარა კიდეც და ყველას ხელი თავზე დაადო, დალოცა.

მე შორს ვიდექი, ვერ მივდიოდი ახლოს, უცბად ვიღაც ქალმა მომკიდა ხელი და მითხრა, მოდი, შვილო, შენ ყველაზე მეტად გჭირდება დალოცვაო. მიმიყვანა პატრიარქთან, მანაც ჩამიხუტა გულში და მითხრა, აი, ნახე, ყველაფერი კარგად იქნება. მახსოვს, პატრიარქმა თავი ამაწევინა, გამისწორა სახე და მითხრა, აბა, შენ იცი, ღირსეულ დედაშვილობას გისურვებო. ცრემლები წამომივიდა. მაშინ მან მე ვერ მიცნო, მისთვის ერთი რიგითი მორწმუნე ვიყავი, მართლაც, ორ დღეში გაჩნდა მარიამი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს ის მარიამი ჩნდებოდა, რომელსაც უდიდეს პატივს დასდებდა თვითონ პატრიარქი, რომ მის საგალობელს მარიამი შეასრულებდა ყოველ კვირას.

ალბათ ნაძალადევ თავმდაბლობაში არ ჩამითვლის ამას მკითხველი, მაგრამ მე მართლა არ ვიცი, რითი გავხდი იმის ღირსი, რომ ასე ძალიან შეგვიყვარა პატრიარქმა, მე და მარიამსაც გვერგო უდიდესი პატივი, რომ ორივემ შევასრულეთ მისი სიმღერა.

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ მანანა ბერიკაშვილს.

როგორ აღინიშნება თქვენს ოჯახში ახალი წელი?
- ახალი წელი, შობა, აღდგომა, ჩვენს ოჯახში ოჯახური დღესასწაულია, არასდროს დავდივართ სხვაგან, არ ვხვდებით ქუჩაში ან რესტორანში. შეიძლება მოგვიანებით სადმე წავიდეთ, მაგრამ ტრადიციად გვაქვს, რომ ოჯახის წევრები აუცილებლად ერთად ვიყოთ სახლში. სიმართლე გითხრათ, ეს რიტუალური ჩვევები უფრო ჩემი დანერგილია ჩვენს ოჯახში საახალწლოდაც, საშობაოდაც და სააღდგომოდაც.

როგორია ისეთ ოჯახში ცხოვრება, სადაც ბატონი გივი ძალიან კარგ მეკვლედ ითვლება და მასზე დიდი მოთხოვნილებაა? მისი სახლში გაჩერება არ გიჭირთ?
- ახალ წელს ყოველთვის სახლში ხვდება, ერთხელ მახსოვს, რუსთავი 2-ის მეკვლე იყო. მაშინ ჩვენთან ერთად არ შეხვდა ახალ წელს, რადგან ეთერი ჰქონდა. ეტყობა, კარგი ფეხი აქვს. გამოკითხვები ტარდებოდა და ბევრჯერ გავიდა პირველ ადგილზე, როგორც საუკეთესო მეკვლე. ჩემი აზრით, მისი კარგი მეკვლეობა, ზოგადად მისი ბუნებიდან გამომდინარეა, ის კეთილმოსურნე ადამიანია, უყვარს ხალხი და ყველა ფენის ადამიანთან შეუძლია ურთიერთობის დამყარება. მისთვის არ არსებობს ჩემი წრე და სხვისი წრე, ან ეს ჩემი წრე არაა და ამიტომ მასთან არ ვურთიერთობ. ის ყველას ახლობელია.

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი აცხადებს, რომ ბოლო წლებში არაფერი გასახარელი არ ჰქონია, რადგან ქართველი ერი გაჭირვებაშია ჩავარდნილი.

წელს როგორ შეხვდით ახალ წელს და რაიმე განსაკუთრებული თუ იყო თქვენთვის?
- არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა, იმიტომ, რომ რა უნდა მივულოცო მე ქვეყანას. მისალოცი არაფერი აქვს. კარგი იქნება, თუ რაიმე სიახლე მოხდება ამ ქვეყანაზე. მთავარია, როცა სულში ნამდვილად გიხარია და მაშინ გაქვს კონცერტი. როცა შენს ქვეყანას არ უჭირს და მაშინ გემღერება. თორემ ისე, მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ჩვენი სიმღერა და ჩვენი ტირილი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და ორივე ჩვენი ისტორიაა - ტირილიცა და სიმღერაც. ამ საახალწლოდ მე ასეთი გახარებული საქართველო ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს. ბათუმიდან მოყოლებული, მართლა მაღალი დონის კონცერტები გაიმართა და ამ გაჭირვებულ და მშიერ ქვეყანას ძალიან დიდი მილიონები დაეხარჯა, რომ როგორმე ხალხს გახარებოდა.

თქვენს ოჯახში მეკვლე ვინ იყო?
- ჩემი შვილიშვილი, ირმა გიგანი. ასევე, მეწვია ჩემი სეხნია ჯაკო, ჩემი შვილიშვილი და ამ სიყვარულში შევხვდით ახალ წელს.

ძველით ახალ წელს ანიჭებთ უპირატესობას თუ ახალს?
- რა ვიცი, ხასიათს გააჩნია. ახალ წელს ოჯახში ყოველთვის აღვნიშნავდით ხოლმე. ჩემი მეუღლე ახალ წელს, ზუსტად პირველ იანვარსაა დაბადებული და ისედაც იკრიბებიან ჩვენი ოჯახის წევრები თუ ახლობლები.

ყველაზე ბედნიერი ახალი წელი როდის გქონდათ?
- გვიჭირდა თუ გვილხინდა, ახალი წელი ყოველთვის ახალი წელი იყო. ლოცვისაა ეს ქვეყანა, უნდა შეხვიდე და კაცს, მეზობელს, ახლობელს მიულოცო და რაღაც კარგი უთხრა. მაგრამ ბედნიერი ახალი წლები, რა თქმა უნდა, უფრო ადრეულ წლებში მახსენდება. პირდაპირ გეუბნებით, ბოლო წლებში არაფერი გასახარელი მე არ მქონია. ჩემზე კი არაა ეს ყველაფერი დამოკიდებული. მე მაშინ მიხარია, როცა ჩემს ხალხს უხარია. როცა მათ გასახარელი არაფერი აქვთ, მე რა გამახარებს? იმიტომ, რომ მე ჩემს ხალხთან ვარ მთელი ჩემი ცხოვრება. სხვა უფლება მე უფლისგან არ მაქვს.

[მანანა ნოზაძე, პრესა.გე]