შენც, ბაქო?!


30 მარტს, მოსკოვის მეტროში მომხდარი ტერორისტული აფეთქებების მეორე დღეს, დასავლურმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს სკანდალური ინფორმაცია აზერბაიჯანში ტერორისტული აქტის აღკვეთის შესახებ.

„ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში, კერძოდ, ნათქვამი იყო, რომ აზერბაიჯანის უშიშროების სამინისტრომ ბაქოს ერთ-ერთ სკოლაში აღმოაჩინა იარაღის სამალავი, რომელშიც ავტომატები, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერება ინახებოდა.

პარალელურად, აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტრომ დააკავა რვა პირი, რომლებიც ბაქოში სკოლებსა და საბავშვო ბაღებზე ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ. ცნობებში ხაზგასმული იყო, რომ ჯგუფი აზერბაიჯანში საქართველოდან შევიდა და მათ ხელთ არსებული მთელი არსენალიც კონტრაბანდული გზით სწორედ საქართველოდან მოხვდა აზერბაიჯანში. ინფორმაციაში მაშინვე მიიქცია ყურადღება ორმა, ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულმა, თარიღმა - აღმოჩნდა, რომ სავარაუდო ტერორისტების ჯგუფი ბაქოში ჯერ კიდევ 16 მარტს დაუკავებიათ, მაგრამ აზერბაიჯანის უშიშროების სამინისტრომ ოფიციალური ინფორმაცია ტერაქტის აღკვეთის თაობაზე რატომღაც 30 მარტს, მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქებების მეორე დღეს, გაავრცელა.

ბაქოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის კვლევითი ცენტრის“ დირექტორი არასტუნ ორუჯულუ ვარაუდობს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ორი კვირის წინ გახსნილი არშემდგარი ტერორისტული აქტი 30 მარტს შეგნებულად წამოსწია და საქართველოზეც ყურადღება მოსკოვის გულის მოსაგებად გაამახვილა:

„პრინციპში, აზერბაიჯანის სპეცსამსხურებმა წინასწარ იცოდნენ, რომ რუსეთის მხარე დაიწყებს ქართული, აზერბაიჯანული ან რომელიმე სხვა ქვეყნის კვალის ძიებას და, უბრალოდ, შეეცადნენ დაეზღვიათ საკუთარი თავი და, ფაქტობრივად, მიუთითეს რა, რომ იარაღი და საბრძოლო მასალა საქართველოდან შევიდა, ამით დე ფაქტო მიუთითეს მეზობელ ქვეყანაზე, რითაც, შეიძლება ითქვას, ირიბად კვერი დაუკრეს რუსეთის სპეცსამსახურებს.“

მოსკოვი გასაგებია, მაგრამ შენც, ბაქო?!

კი, მაგრამ სად წავიდა ილხამ ალიევისა და მიხეილ სააკაშვილის ძმური მეგობრობა, ლეგენდები აზერბაიჯანისა და საქართველოს უღრუბლო სტრატეგიულ პარტნიორობაზე, პრივილეგიები ნავთობკომპანია „სოკარისათვის“, ყბადაღებული საუკუნის მილსადენები, ერთობლივი პროექტი „ნაბუკო“ და, ბოლოს, ნავრუზ-ბაირამი, ზუსტად იმ დროს აყვანილი აწ უკვე საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური დღესასწაულის რანგში, როდესაც აზერბაიჯანის სპეცსამსახურები, როგორც ორუჯულუ ამბობს, კერავდნენ მორიგი ტერაქტის ვერსიას და ცდილობდნენ კვერი დაეკრათ რუსეთისათვის: ჩვენ რა შუაში ვართ, ტერორისტები და იარაღი საქართველოში ეძებეთო?

ეჰ, არადა, მართლა დასანანია. იყო დრო, როდესაც აზერბაიჯანი, თავისი შინაგან საქმეთა მინისტრის რაულ უსუპოვის ხელით, სპეცდანიშნულების ტექნიკას უგზავნიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს, რათა ქართულ პოლიციას 2007 წლის 7 ნოემბერს საფუძვლიანად დაერბია თბილისის ქუჩებში გამოსული ეგზალტირებული მომიტინგეები. „დავნო პარა“, - მაშინ ამ სიტყვებით უკრავდა კვერს რაულ უსუპოვი ქართველ კოლეგას. „დავნო პარა“, - ახლა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს უკრავს კვერს აზერბაიჯანის სპეცსამსახური და თითს საქართველოსაკენ იშვერს.

მაგრამ ეს იყო სამი წლის წინ, ახლა კი ბაქოსა და თბილისს შორის ურთიერთობა გაცივდა, ბევრი რამის, მათ შორის, სომხეთის ტვირთებისათვის ზემო ლარსი-დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნის გამო, -ამბობს არასტუნ ორუჯულუ, ბაქოში არსებული არასამათავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის კვლევითი ცენტრის“ დირექტორი:

„იყო გაკეთებული განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, სამი პუნქტისაგან შემდგარი განცხადება, საკმაოდ მკაცრი რეაქცია ზემო ლარსის გახსნაზე. და მე ვფიქრობ, რომ გარკვეული გაციება ურთიერთობისა მოხდა, რაც ჯერ არ გახმაურებულა. თუმცა აქ შეიძლება არსებობდეს მეორე მომენტიც. საქმე ისაა, რომ დღეისათვის აზერბაიჯანი, რომელიც გარკვეულ ზეწოლას განიცდის დასავლეთისაგან, სულ უფრო უახლოვდება ჩრდილოეთ მეზობელს, რუსეთს. და სწორედ ასეთი - ქართული კვალის ძიებით მიღებული - დანაშაული, რომელიც არც მომხდარა, რადგან მხოლოდ იარაღი იპოვეს, შესაძლოა, შემოგდებული იყოს სწორედ ჩრდილოელი მეზობლის მიერ.“

საქართველოს ხელისუფლება გაოგნებულია უახლოესი მეზობლის, აზერბაიჯანის, ასეთი დიპლომატიური ორპირობის გამო, თუმცა ამას არ იმჩნევს. რაიმე მკვეთრი მინიშნება ოფიციალური ბაქოს არამეგობრულ საქციელზე, შესაძლოა, ნიშნავდეს აზერბაიჯანიდან შეტანილი ბენზინის გაძვირებას ან, კიდევ უარესი, თბილისში მცხოვრები რამდენიმე ათასი აზერბაიჯანელის ხმის დაკარგვას კარსმომდგარ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მაგრამ ორცეცხლშუა მყოფ საქართველოს ხელისუფლებას, ალბათ, არ გაემტყუნება. როგორც უნდა იყოს, დიპლომატიაში ნაჩქარევ რეაქციას თავშეკავება სჯობია - მით უფრო, რომ აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა კვირის ბოლოს ერთგვარად გააფერმკრთალეს „ქართული კვალი“ აღკვეთილ ტერაქტში და შემდგომ ინფორმაციაში ზოგადად მიუთითეს, რომ ქვეყანაში „რეგულარულად ხდება აღკვეთა ტერორისტული აქტებისა, რომელთა სამიზნე ან უცხოეთის ქვეყნების საელჩოებია, ანდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.“

თანაც, ერთ კვირაზე მეტი გადის და არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი, თუ რა ეროვნებისაა ის სამი ქალი და ხუთი მამაკაცი, რომლებიც აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა დააკავეს, როგორც ეჭვმიტანილები.

არა, მეტად ფაქიზია აღმოსავლეთი, მისი სპეცსამსახურები კი - კიდევ უფრო ნატიფი...

[რადიო "თავისუფლება"]