
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი გადაწყვეტილია და შესაბამის ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. ამის შესახებ თბილისში მყოფ ეროკავშირის ელჩებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა. მისივე თქმით, წინსვლაა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებითაც, რომლის ირგვლივ უახლოეს მომავალში "უფრო კონკრეტული საუბრები წარიმართება". პრემიერის ინფორმაციით, ელჩებთან შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება იყო. "საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და უფრო ბრიფინგი იყო, ვიდრე რაიმე სახის შეთანხმების მიღწევის მიზნით გამართული დიალოგი. კითხვებს პასუხები გაეცა. საუბარი შეეხო კერძოდ, ენერგოუსაფრთხოებას, "ნაბუკოს" და სხვა იმ პროქტებს, რომელიც ევროკავშირს აინტერესებს, ასევე გამარტივებულ სავიზო რეჟიმსა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას", - განმარტა გილაურმა. მისიევ ინფორმაციით, შეხვედრის დროს განხილულ იქნა ასევე საქართველოსთვის დონორების მხრიდან დახმარების გამოყოფის საკითხები და ის, თუ რა გეგმები აქვს მომავალ წელს თავად საქართველოს და საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირს. ამ დროსითვის ევროკავშირის ელჩები ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტ სააკაშვილს ხვდებიან.
[სააგენტო "პირველი"]