
"ოკუპირებულ ტერიტორიებთან სახელმწიფოს ახალი სტრატეგია კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტას გამორიცხავს" - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში. თემურ იაკობაშვილმა დოკუმენტის შესახებ დღეს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ერთობლივი სხდომაზე ისაუბრა. მინისტრის განაცხადებით ეს არის პირველი დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ დასახული მიზნების განხორციელებას საქართველო გეგმავს მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით. მისივე თქმით, ექსპერტებსა და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად დოკუმენტიდან ამოღებულია ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი - სტატუსისა და უსაფრთხოების საკითხები. მინისტრის განმარტებით, სტატუსზე საუბარი რეალურად მხოლოდ დეოკუპაციისა და დევნილთა დაბრუნების შემდეგ იქნება ეფექტური. რაც შეეხება უსაფრთხოებას, იაკობაშვილმა განაცხადა, რომ რუსული ტანკების ქართული ტანკებით ჩანაცვლებას არავინ გეგმავს. ახალი სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან სამგზავრო მიმოსვლისა და ვაჭრობის აღდგენასაც ითვალისწინებს
[itv.ge]