პატარკაციშვილის ოჯახი გაამართლეს


გიბრალტარის სასამართლომ ჯოზეფ ქეის მიერ წარმოებულ დავასთან დაკავშირებით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბადრი პატარკაციშვილის დამ, ნანა პატარკაციშვილმა და ოჯახის ადვოკატმა, ლაშა ბირკაიამ განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, 1 თებერვალს გიბრალტარის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ყველა აქტივი, რომელზეც ამ დავის ფარგლებში ჯოზეფ ქეი პრეტენზიას აცხადებდა, 100%-ით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ეკუთვნის.

“ჯოზეფ ქეის სურდა, ბადრის მთელი ნაშრომი მიესაკუთრებინა, მაგრამ მოგებულია თამაში, რომელიც ქეიმ ძალიან ბინძურად დაიწყო. გიბრალტარის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება უკვე გამოიტანა. მოსამართლემ საბოლოო სიტყვაში ისიც კი განაცხადა, რომ ქეი მატყუარა პიროვნებაა. ჩვენი პრობლემებისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის საზოგადოებას მადლობას ვუხდი და ჩვენი ოჯახის სახელით ვაცხადებ, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ~, – განაცხადა ნანა პატარკაციშვილმა.

ადვოკატ ლაშა ბირკაიას ინფორმაციით, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ქეის აეკრძალა, განახორციელოს ნებისმიერი იურიდიული ქმედება აღნიშნულ აქტივებთან დაკავშირებით. აგრეთვე, დაეკისრა ოჯახის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების სრულად ანაზღაურება.

“ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მოსამართლემ, ასევე, ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ქეის პირად აქტივებზე ყადაღის დადების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ჯოზეფ ქეი დაარღვევს ან არ დაემორჩილება სასამართლო გადაწყვეტილებებს, შესაძლებელია მისი დაპატიმრება გიბრალტარში ჩასვლისთანავე”, – განაცხადა ბირკაიამ და დასძინა, რომ ქეის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაც არ არის გამორიცხული.

["ინტერპრესნიუსი"]