
საპატრიარქოს შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და გაერო-ს სპეციალური მიმართვას ქართული საზოგადოების ნაწილიც უგზავნის. "უკანასკნელ წლებში ევროპაში ადამიანის უფლებების ფუნდამენტალიზაციის პროცესი სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. სამყარო, რომელშიც საკვების, სასმელი წყლისა და ელემენტარული სამედიცინო დახმარების არქონის გამო ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი იღუპება, უცნაური ჟინით ცდილობს, ეგზოტიკური ჯგუფების ისეთ უფლებათა დაცვას, რომელთაც გარდაცვლილი და მილიონობით, ჯერჯერობით ცოცხალი ადამიანი სრულიად მოკლებულია. სამყაროში, სადაც მილიონობით ადამიანი საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან არის აყრილი, ევროპის სოციალისტებმა ყველაზე დაუცველ ჯგუფად სექსუალური ნიშნით დისკრიმინირებულნი გამოყო. განსაკუთრებული ცინიზმი იმაშია, რომ აღნიშნული კანონპროექტი იმ დღეებში განიხილება, როდესაც თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი ჰაიტიზე მიწისძვრამ იმსხვერპლა," - ნათქვამია მიმართვაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ "ევროპა ადამიანის უფლებათა დარღვევებს მხოლოდ მაშინ ხედავს, როცა ეს მისი "ბირთვი ქვეყნების" პოლიტიკურ ინტერესს ემთხვევა. სიტყვის, გამოხატვის, მიტინგებისა და თვით სიცოცხლის უფლებაც კი საყოველთაო არ არის და მასზე ხმამაღლა მაშინ საუბრობენ, როცა რომელიმე ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაა გასამართლებელი, მაგალითად, ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის მოტივით შეჭრა ან "ფერადი რევოლუციებისთვის" სასურველი პოლიტიკური ფონის შექმნა." მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად ერთადერთი გზა - რომელიმე უმცირესობაში გაერთიანება რჩება. ამასთან, მათი თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია და ამიტომ მათი სატკივარი არც საქართველოში აინტერესებთ და არც ევროპაში. "ჩვენი, ისევე როგორც ყველა ტრადიციული რელიგიის მიმდევართა რწმენა არ ებრძვის ცოდვილს, მაგრამ ვერ გაამართლებს თავად ცოდვას. ჰომოსექსუალიზმი ცოდვად მიიჩნევა როგორც მართლმადიდებლების, ისე კათოლიკეთა, იუდეველთა, მუსლიმთა, გრიგორიანთა მიერ. ცოდვის გამართლება და წახალისება, რისი ტენდენციაც აშკარად შეიმჩნევა არამარტო ამ ახალ კანონპროექტში, არამედ ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ ადრინდელ დოკუმენტებში, ჩვენი მრწამსისთვის მიუღებელია და ჩვენი გრძნობების შეურაცხყოფაა. ამ და სხვა მიზეზების გამო გადავწყვიტეთ, სახალხო-მართლმადიდებლური მოძრაობა დავაფუძნოთ. მიგვაჩნია, რომ ადამიანის დისკრიმინაცია, მისი ღირსების ფეხქვეშ გათელვა დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, უმრავლესობაშია იგი, თუ უმცირესობაში, ძველ სამყაროს წარმოადგენს თუ ახალ ევროპას. მოგიწოდებთ, შემობრუნდეთ ადამიანების რეალური პრობლემებისაკენ და მათი უფლებების დაცვის ადეკვატურ ზომებს მიმართოთ,"- ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის სახელით, მისი თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილი, "სახალხო პარტიის" ლიდერი მამუკა გიორგაძე, ყოფილი ომბუდსმენი ნანა დევდარიანი, საქართველოს უხუცესთა დარბაზის თავმჯდომარე ელიზბარ ჯაველიძე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი ლევან ჩაჩუა,ერთიანი ახალგაზრდული მოძრაობის "წინ" ლიდერი შოთა აფხაიძე, პოლიტოლოგი ჯიმი ჯალიაშვილი, დოქტორი გოგი ბაღათურია, "ქართული ფილმის" პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი და პოეტი რეზო ამაშუკელი აწერენ ხელს.
„პირველი“