სკანდალი


გიორგი ბარათელზე ნათესავებმა არაფერი იციან, სასამართლომ ინფორმაცია დაგვიმალა

აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის შესახებ მისი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა არაფერი იციან – არც ის, რომელ საპყრობილეშია და არც ის, თუ როგორ გრძნობს თავს. ბარათელის ნათესავებმა პრესა.გე–ს მათთან მეორედ დარეკვა აუკრძალეს.

რადგან ჯერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა, ხოლო შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია დაგვიმალა, პრესა.გე იძულებული გახდა სააპელაციო სასამართლოსთვის მიემართა, სადაც სარჩელი 9 მარტს შევიტანეთ – ჩვენ ვითხოვთ ინფორმაციას, რომელიც საჯაროა და ამავდროულად, წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, რადგან, გურამ შარაძის ოჯახი, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, დარწმუნებულია, რომ ბარათელი მკვლელი არ არის და რომ ნამდვილი მკვლელი დაუსჯელია.

გიორგი ბარათელის მდგომარეობის დასადგენად დახმარებისთვის წერილობით სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი არსენიშვილს და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი ლორთქიფანიძესაც მივმართავთ; პრესა.გე მათ სთხოვს გამოიყენონ კანონით მინიჭებული მექანიზმები, გაარკვიონ, რა პირობებში იხდის სასჯელს გიორგი ბარათელი, როგორია მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობა (სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში) და ეს ინფორმაცია წერილობით გვაცნობონ.

მას შემდეგ, რაც ბარათელის ნათესავებისგან შევიტყვეთ, რომ მის შესახებ არაფერი იციან და ამასთან, საქალაქო სასამართლომაც დაგვიმალა ეს ინფორმაცია, გურამ შარაძის ქალიშვილს, რუსუდან შარაძეს, რომელიც ამჟამად ჟენევაში სასწავლებლად იმყოფება, ინტერნეტის საშუალებით, ორი კითხვით მივმართეთ; პასუხები მასალის ბოლოს შეგიძლიათ წაიკითხოთ.

მანამდე სიტყვა–სიტყვით გთავაზობთ იმ საუბრის შინაარს, რომელიც ჩვენსა და გიორგი ბარათელის ნათესავებს შორის შედგა. გიორგი ბარათელის გამზრდელ ბიძას (დედის ძმას), როლანდ გრიქუროვს ტელეფონით დავუკავშირდით.

ბატონ როლანდს სთხოვეთ.
– ვინ ხართ?

მე ნინო მიქიაშვილი ვარ, ჟურნალისტი.
– დიახ. რა გნებავთ?

ბატონი როლანდი ბრძანდებით?
– დიახ.

მე ვწერ თქვენი დისშვილის, გიორგი ბარათელის შესახებ – ბოლოს როდის ნახეთ, ან ამანათი როდის გაუგზავნეთ?
– ერთი წუთით მომისმინეთ, ყურადღებით! ძალიან გთხოვთ, ამ ნომერზე არასდროს დარეკოთ, იმას ჰყავს მამა და მიაკითხეთ იმას.

ხომ ვერ დამეხმარებით?! როგორ ვიპოვო?
– ზუსტი მისამართი მე არ ვიცი. თქვენ თუ ჩემი გაიგეთ, იმისი რატომ არ შეგიძლიათ გაიგოთ?

თქვენი მისამართი საქმის მასალებიდან გავიგე.
– საქმის მასალაში მე რა მინდა გენაცვალე?! მე ვარ ბიძამისი და ძალიან გთხოვთ, ნუ მაწუხებთ რა, ძალიან გთხოვთ.

ამ სიტყვების შემდეგ როლანდ გრიქუროვმა ტელეფონი გათიშა. საქმის მასალებში გიორგი ბარათელის ძმის, მამუკა ბარათელის კოორდინატებად იგივეა მითითებული, რაც როლანდ გრიქუროვის შემთხვევაში. რამდენიმე დღის შემდეგ მამუკა ბარათელთანაც ვცადეთ დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ – როლანდ გრიქუროვმა გვითხრა, რომ მამუკა ბარათელი მასთან არ ცხოვრობს და მას ვერ გვაპოვნინებს.

გიორგი ბარათელის მშობელი მამის, ვახტანგ ბარათელის ოჯახშიც დავრეკეთ. ტელეფონზე მისმა მეუღლემ გვიპასუხა და ჩვენს შორის ასეთი საუბარი შედგა:

ბატონ ვახტანგს სთხოვეთ, თუ შეიძლება.
– ვინ ბრძანდებით?

მე ნინო მიქიაშვილი ვარ, ჟურნალისტი.
– ვახტანგი საერთოდ არ არის სახლში, მივლინებებშია და რაიონებში თვეობით რჩება.

თქვენ მისი მეუღლე ბრძანდებით?
– დიახ.

– მე ვარ ინტერნეტგამოცემა პრესა.გე-ს კორესპონდენტი; ერთადერთი კითხვის დასმა მინდა, რომელზე პასუხიც თქვენც შეიძლება იცოდეთ, თუ ნებას დამრთავთ და არ გამიბრაზდებით.
– არ ვიცი, ვნახოთ.

თქვენი მეუღლე მის შვილს ნახულობს, ან ამანათს უგზავნის?
– არ ვიცი, მე გიორგის არ ვეკარები და არც ჩემი მეუღლე მგონია უჩემოდ რამეს აკეთებდეს; ამანათი თუ მოამზადა, ესე იგი მე უნდა მივიღო მონაწილეობა; მე არაფერში მიმიღია მონაწილეობა და არც ჩემს მეუღლეს.

თქვენს მეუღლეს შვილთან მიმოწერა აქვს?
– არავითარი.

იცით რომელ საპყრობილეშია გიორგი ბარათელი?
– არ ვიცით, არ ვიცით ნამდვილად.

ბოდიში რომ შეგაწუხეთ, კარგად ბრძანდებოდეთ.
გიორგი ბარათელის მამის ოჯახში მეორედ 8 მარტს დავრეკეთ; ვახტანგ ბარათელთან საუბარი და შეხვედრა გვინდოდა. ყურმილი ისევ მისმა მეუღლემ აიღო:

გამარჯობათ, მე ნინო მიქიაშვილი ვარ, ჟურნალისტი, რამდენიმე დღის წინ დავრეკე.
– ჟურნალისტი?! სულ არ მჭირდება, ჩემთან რატომ რეკავთ? ვერ გავიგე. მე არავითარი კავშირი არა მაქვს იმ ბიჭთან და მამამისი ცუდად არის, დასავლეთში წევს, გაცივდა კაცი, გაუბედურდა და მეტი რაღა ვქნა?! აღარ მაქვს ეს ნერვები; ძალიან გთხოვთ, აქ აღარ დარეკოთ, რა.

პრესა.გე–ს მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ჩვენ საქალაქო სასამართლოსგან მოვითხოვდით ინფორმაციას ამირან (ბუტა) რობაქიძის, გიორგი გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების (გრიგოლ ბაშალეიშვილისა და ვახტანგ აბუაშვილის) შესახებ, რომელიც დაკმაყოფილდა, ხოლო მეორე სასარჩელო მოთხოვნა, გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულს ეხებოდა.

რუსუდან შარაძის პასუხები, პრესა.გე–ს კითხვებზე, ასეთია:
როგორ აფასებთ საქალაქო სასამართლოს 29 იანვრის გადაწყვეტილებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა პრესა.გე–ს სარჩელი, იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა მამათქვენის მკვლელობაში მსჯავრდებულის ირგვლივ არსებული ვითარების გარკვევას?
– საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება და განსაკუთრებით, ის ფაქტი, რომ პრესა.გე-ს სარჩელის მხოლოდ ერთი ნაწილი დაკმაყოფილდა, საბოლოოდ მარწმუნებს ჩემს აზრში, რომ გურამ შარაძის მკვლელობის მთავარი მოწმე, გიორგი ბარათელი მოკლულია. პოლიციელების – აბუაშვილისა და ბაშალეიშვილის შემთხვევაში რამეს მოიფიქრებენ, რათა საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ისინი სასჯელს ნამდვილად იხდიან, მაგრამ გიორგი ბარათელს ხომ ვერ გააცოცხლებენ?!

მას შემდეგ, რაც უამრავ მოწმეს შევხვდი, “ალდაგის’’ ფირი სკრუპულოზურად შევისწავლე და საქმის მასალებს გავეცანი, დეტალურად აღდგა სურათი, თუ რა მოხდა 2007 წლის 20 მაისს, მელიქიშვილის გამზირზე და მის მიდამოებში. დასკვნა ერთია – გურამ შარაძე ორმა დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა, რომელთა შორის, გიორგი ბარათელი, არც ერთი არ არის და მეტიც, ის მკვლელობის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა.

ფაქტებზე დაყრდნობით, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გიორგი ბარათელი არათუ არ თანამშრომლობდა მკვლელებთან, არამედ, პირველივე წუთებიდან, მათ წინააღმდეგობას უწევდა. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ბარათელს, დაკავებისას, არცერთ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია. ეს იქვე სამართალდამცავების მიერ იმითაა ახსნილი, რომ ბარათელი დაჭრილია მარჯვენა მხარში. არადა, თუნდაც “ინტერპრესნიუსის’’ ფოტოებზე (რომელიც თქვენც მოგაწოდეთ), სისხლის კვალის მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ ბარათელი მარცხენა მხარშია დაჭრილი.

ამასვე ადასტურებს საქმის მასალებში არსებული ექიმის დასკვნაც. იმავე საქმის მასალებში დევს გიორგი ბარათელის ნათესავის, ალექსანდრა პირუმოვას ჩვენება, რომლითაც ბევრ რამეს ფარდა ეხდება; თუმცა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილს, საჭიროდ არ ჩაუთვლია პირუმოვას მოწმედ გამოძახებაც კი. ამ ქალბატონის ჩვენებას უცვლელად გადმოგცემთ:

“2007 წლის 14 მაისს ბარათელის ბიძა როლანდ გრიქუროვი მოვიდა ჩემთან სახლში და მოიყვანა თავისი დისშვილი. მთხოვა, რომ გიორგის დეიდა ცუდად არის და ნემსებს რომ უკეთებენ, გიორგი ცუდად ხდებაო. დავთანხმდი და დავიტოვე ჩემთან. “რუსთავი 2-ში“ მუშაობდა. დილის 9-ზე გადიოდა სახლიდან და 15 საათზე ბრუნდებოდა. მის ხელში იარაღი არ შემინიშნავს. ერთხელ მთხოვა, რომ სჭირდებოდა ნაჭერი, რაღაც ნივთის გასაწმენდად. 20 მაისს, 19-20 საათისთვის, დაურეკეს, რის შემდეგაც სწრაფად გავარდა. მითხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა. გიორგი ხმამაღლა ელაპარაკებოდა ვიღაცას. უთხრა, აქ აღარ დარეკოო.“

აქვე ვიტყვი, რომ მამაჩემის მკვლელობა დიდი ხნით ადრე იგეგმებოდა. მკვლელობის შემკვეთებს, გურამ შარაძის ყოველდღიურ ცხოვრებასთან ერთად, ზედმიწევნით შესწავლილი ჰქონდათ მისი თითქმის უცვლელი განრიგი და მარშრუტი. კარგად იცოდნენ, რომ ყოველ კვირა დღეს, მამა უშვებდა მძღოლს, მთელ დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში ატარებდა და საღამოს შინ, ჭავჭავაძეზე ფეხით ბრუნდებოდა. გადასასვლელებს თავს არიდებდა და როგორც წესი, ყოველთვის ირჩევდა პირველი სკოლის მხარეს და ბაზალეთის კუთხემდე იმ ტროტუარს მოუყვებოდა. პირუმოვას ჩვენების მიხედვით, ბარათელს დაახლოებით იმ დროს დაურეკეს, როდესაც მამაჩემი საჯარო ბიბლიოთეკიდან გამოვიდა და შინისაკენ ფეხით გაემართა (აქ აღარ მოვყვები, თუ რა უცნაური ამბები მოხდა, იმ დღეს, საჯარო ბიბლიოთეკაში).

სახლიდან იძულებით გამოყვანილი ბარათელი მკვლელობიდან 15 წუთის შემდეგ (დაახლოებით ეს დრო სჭირდებოდა მკვლელების სამშვიდობოზე გასვლას) მიიყვანეს შანიძისა და ხორავას ქუჩების გადაკვეთასთან და უბრძანეს გაევლო ის გზა, რაც 15 წუთის წინ ერთ-ერთმა მკვლელმა გაირბინა და პეტრიაშვილის ჩიხით, კეკელიძის ქუჩაზე, სამშვიდობოს გავიდა. სწორედ მკვლელობიდან თხუთმეტ წუთში ნახა ჩვენმა საერთო ნაცნობმა გიორგი ბარათელი, მშვიდი ნაბიჯებითა და შეშლილი სახით მიმავალი, შანიძისა და ხორავას კუთხეში და მიესალმა კიდეც (?!). ბარათელი გზად “კლეჩატ საროჩკას’’ იხდიდაო, – იმავე ადამიანის (თვითმხილველის) სიტყვებია. ეს ხდება იმ დროს, როდესაც პატრულს უკვე გადაკეტილი აქვს ყველაფერი და ყველა ეძებს მკვლელს, წესით, ბარათელს! ისიც ცნობილია, რომ პატრულმა ქუჩა მკვლელობიდან 15 წუთის შემდეგ გადაკეტა.

ის, რომ გიორგი ბარათელი ნემსებზე ცუდად ხდებოდა და ამიტომ გაარიდა ბიძამისმა სახლს, განწირული ადამიანის არგუმენტს ჰგავს. აქ კიდევ ერთი საქმეა ჩახლართული, რაც ამტკიცებს, რომ სამართალდამცავების მიერ გიორგი ბარათელზე გურამ შარაძის მკვლელობამდეც მიმდინარეობდა ზეწოლა: ოფიციალურად ცნობილია, რომ 2007 წლის 5 მაისს გიორგი ბარათელი, ყოვლად უმიზეზოდ მიუვარდა სახლში თავის ყოფილ ექიმს, გრიგოლ ტირზიკიანს და დაჭრა (სხვათაშორის, ის ამისთვისაც იხდის, თუ იხდიდა 27–წლიან სასჯელს). იცით როდის ჩაუტარდა ტირზიკიანს ექსპერტიზა? – მამაჩემის მკვლელობის მეორე დღეს, 21 მაისს (ეს ექსპერტიზის დასკვნა საქმის მასალებში დევს). რას ელოდებოდა ტირზიკიანი 16 დღე, იარების მოშუშებას? რაც მთავარია, მკვლელობიდან ძალიან მალე ტირზიკიანი ოჯახით სამუდამოდ გადასახლდა უკრაინაში და ამასთან დაკავშირებითაც, საქმეში დევს სასამართლოსთვის გამოგზავნილი მისი განმარტებითი წერილი.

2007 წლის 20 მაისის დილას, გიორგი ბარათელს, რომელიც “ფარული კამერის’’ ოპერატორი იყო, პოლიციამ “რუსთავი 2’’-ში მიაკითხა, რაც ცხელ კვალზე, დავით კიკალიშვილმა “კურიერი P.S’’-ში გამოაცხადა, რომელიც ეთერში მკვლელობიდან რამდენიმე წუთში გავიდა. რისთვის ეძებდა ბარათელს პოლიცია, მაინცდამაინც იმ დღეს, როდესაც ის 5 მაისის შემდეგაც სამსახურში ყოველ დღე პატიოსნად დადიოდა და ამას “რუსთავი 2’’-ის თანამშრომლებთან, მათ შორის მის უშუალო ხელმძღვანელთან, ალეკო ალხაზიშვილთან ერთად, ალექსანდრა პირუმოვაც ჩვენებაც ადასტურებს?! ტირზიკიანის ისტორია ეს არის ფონის შესაქმნელად გამოგონილი სიცრუე (და რის ფასად, ეს ტირზიკიანის სინდისზე იყოს), რომ ბარათელი არის ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი და ჭრის და კლავს ყველას, მათ შორის გურამ შარაძეს.

მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ბარათელისა და მკვლელების ჩაცმულობა. როგორც გითხარით, ის ნახეს “კლეჩატ საროჩკაში’’, რომელსაც გზადაგზა იხდიდა. დაკავებისას მას ეცვა ლურჯი პერანგი, რომელიც, სავარაუდოდ, მკვლელთან შეხამებისთვის ჩააცვეს, რადგან ერთ-ერთ მკვლელს სწორედ მსგავსი პერანგი ეცვა. მაგრამ აქ ვერ გაითვალისწინეს რამდენიმე რამ: სხვადასხვა მოწმეთა მონათხრობით, მკვლელს, რომელმაც მოახდინა ორი საკონტროლო გასროლა და აირბინა შანიძის ქუჩაზე, ეცვა მოკლესახელოებიანი ლურჯი პერანგი, რაც განასხვავებს მას “ალდაგის’’ ფირზე აშკარად აღბეჭდილი მკვლელისგან, რომელიც ახდენს პირველ გასროლას და აცვია გრძელმკლავიანი, ფართხუნა პერანგი; ამასთან, ბარათელისთვის სწორად ვერ შეარჩიეს შესაბამისი ზომის (ის ტანად არის დაახლოებით 1.60 სმ) ტანსაცმელი. ზემოაღნიშნულ ფოტოებზეც თვალნათლივ ჩანს, რომ მას სხვისი პერანგი აცვია.

ამასთან, როდესაც სასამართლოზე ცრუ მოწმეს, პოლიციელ ბოჭორიშვილს მისდა მოულოდნელად ვკითხე – რა ეცვა ბარათელს, როდესაც გურამ შარაძეს კლავდა-მეთქი, დაუფიქრებლად მიპასუხა: “კლეჩატი საროჩკა’’!

ბევრის მთქმელია ის, რომ გიორგი ბარათელმა მაისიდან ნოემბრამდე დუმილის უფლება შეინარჩუნა და ბოლოს, მისი “აღიარებითი’’ ჩვენება იყო, რომ მკვლელობა ხან რუსთაველზე ჩაიდინა, ხან უნივერსიტეტთან. ამასთან, როდესაც პირველ სასამართლოზე ბარათელი ვნახე და შევძახე – გიო, გამაგრდი, ვიცით, მკვლელი არ ხარ და შენთან ვართ! მან თავი დამიქნია და თვალები აუწყლიანდა... ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტია და ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

რა კომენტარი შეგიძლიათ გაუკეთოთ გიორგი ბარათელის გამზრდელი ბიძის და მშობელი მამის ოჯახის განცხადებებს?
– ვერ დავიბრალებ იმას, რომ გიორგი ბარათელის სიცოცხლე ჩემთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე მისი გამზრდელი ბიძისთვის; თუნდაც, ძმისთვის, რომელიც სასამართლოზე ამტკიცებდა, ჩემი ძმაა მკვლელიო. თუმცა ფაქტია, რომ მათი საქციელი არაადეკვატურია. რაც შეეხება მამამისს, ის ერთხელ სასამართლოზე ვნახე. მომხდარს ძალიან განიცდიდა და ჩემს თხოვნაზე – იქნებ მიაწვდინოთ გიორგის ხმა, თქვას სიმართლე და ამით თავი გადაირჩინოს, თორემ ისედაც მოკლავენ-მეთქი, ცხარე ცრემლებით ატირდა.

ამას პირველად ვამბობ – იმ დროს, როდესაც პრესის წინაშე ვაკეთებდი პირველ განცხადებას, რომ გურამ შარაძის მკვლელობა პოლიტიკური იყო და ეს ჩაიდინა ხელისუფლებამ, ბეწვზე ეკიდა ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოება და შეიძლება, სიცოცხლეც კი. არ ვიცი საიდან და რა იყო ცნობილი ნესტან კირთაძისთვის, მაგრამ შემდგომში მან ერთ-ერთ ინტერვიუში ამაზე მინიშნებები გააკეთა. საქმე მხოლოდ დასწრებაზე იყო – ვიცოდი, რომ როგორც კი მამას ცხედარს მიწას მივაბარებდით, იგეგმებოდა პროვოკაცია ჩემი ძმის, გიორგი შარაძის წინააღმდეგ, რათა მამაჩემის მკვლელობაში გიორგი ბარათელის “მონაწილეობა’’ გაემართლებინათ. გიორგი ბარათელი ხომ სწორედ ამ მიზნით შეარჩიეს, რომ გურამ შარაძის მკვლელობისთვის საყოფაცხოვრებო ელფერი მიეცათ და ხალხის თვალში ყოველგვარი პოლიტიკური მკვლელობა გამოერიცხათ.

ე.წ. ვარდების რევოლუციისთანავე, მამაჩემს ჯერ გადაუკეტეს აბსოლუტურად ყველა სატელევიზიო არხი (“იბერიას’’ და “202’’-ს არ ვგულისხმობ, რომელთა ბედი კარგად მოგეხსენებათ), რათა შეექმნათ ფონი, რომ ის წავიდა პოლიტიკიდან, შემდეგ “წვრილმანი ხულიგნობის’’ მუხლით ორჯერ დააპატიმრეს; საბოლოოდ კი, როდესაც პირად ცხოვრებაში, “საყოფაცხოვრებო ელფერისთვის’’ ვერაფერი უპოვნეს, ეს ყველაფერი ირიბად, მაგრამ მაინც დაუკავშირეს ჩემი ძმის სახელს. ასევე, ოფიციალური ვერსიის გამყარებას ემსახურებოდა წინასწარ დაგეგემილი და მკვლელობისთანავე გავრცელებული ათასგვარი ბინძური ჭორი.

დარწმუნებული ვარ, გურამ შარაძის მკვლელობის საქმის გამოძიება, ამ სისხლიანი რეჟიმის დასრულებისთანავე მოხდება. სხვას რომ თავი დავანებოთ, მოწმეთა რიცხვი ათეულებს აღწევს – ეს პატიოსანი ადამიანები, რომლებიც არ შეშინდნენ, მოგვძებნეს და გვიამბეს საკუთარი თვალით ნანახი, თავიანთ სიტყვას აუცილებლად იტყვიან; ოღონდ, ეს დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე მოხდება და ყველაფერს ფარდა აეხდება.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ ყველაფერს შევეგუეთ და ხელი ჩავიქნიეთ, ძალიან ცდება. წელს მამას სამოცდაათი წლის იუბილეა. “გურამ შარაძის საზოგადოება“ ამ თარიღის ღირსეულად აღნიშვნას აპირებს. ვმუშაობთ წიგნზე, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება – “გურამ შარაძე ცხოვრებაში’’ და “გურამ შარაძის სიკვდილი და დასაფლავება”, რომელიც იმითაც არის საინტერესო, რომ აიგება მხოლოდ და მხოლოდ ინტერვიუებზე, ანუ დოკუმენტურ მასალაზე. დღეს, როდესაც საქართველოში სამართლის პოვნის არავითარი გზა არ არსებობს, ეს წიგნი იქნება პასუხი ყველაფერზე და უპირველეს ყოვლისა, იმაზე თუ ვინ, და რატომ მოკლა გურამ შარაძე.
[პრესა.გე]