კიდევ ერთი ჩანაწერი


16 მარტს გავრცელდა სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერი, სავარაუდოდ, პრეზიდენტ სააკაშვილსა და კულტურის მინისტრს ნიკა რურუას შორის, რომელიც ტელეკომპანია ”იმედის” იმიტირებულ რეპორტაჟს უკავშირდება.

აუდიო ჩანაწერი იმავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ანონიმურმა მომხმარებელმა, სადაც 15 მარტს ტელეკომპანია ”იმედის” ხელმძღვანელს გიორგი არველაძეს და მის მოადგილეს შორის სატელეფონო ჩანაწერი დაიდო.

ჩანაწერის ნაწილი ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა თავის 6-საათიან ”კურიერში” გაუშვა.
მამაკაცი, რომლის ხმაც ნიკა რურუას ხმას ჰგავს და რომელიც პარიზიდან საუბრობს, ეუბნება თანამოსაუბრეს ”დაწყნარდა თუ არა” პანიკა, რომელიც ”იმედის” რეპორტაჟმა გამოიწვია.
ხმა, რომელიც სააკაშვილის ხმას ჰგავს, პასუხობს: ”არა 5-წუთიანი პანიკა იყო რა. უნდა გაეფრთხილებინა ”იმედს”, ქვემოთ წარწერა უნდა გაეკეთებინა, რომ იმიტაციაა, მაგრამ არ გააფრთხილეს ამ ს...მა. მაგრამ, მეორეს მხრივ, სცენარი დახატეს რაც ზუსტი იყო აბსოლუტურად. ეს მართლა ეგრეა, მართლა რუსული სცენარი ეგ არის”.

”ხო, მაგრამ მასეთი პანიკის გამოწვევა მაინც არ ღირს,” - პასუხობს სავარაუდოდ ნიკა რურუას ხმა.

”არ უნდა გამოეწვია და ამიტომ უნდა გაეფრთხილებინათ, რომ ეს არის იმიტაცია და უნდა დაეწერათ, რომ. მე ახლა დავურეკე არველაძეს და ვუთხარი. ხო ნუ, მაგრამ რაც არის ეგ არის, რა მნიშვნელობა აქვს,”- ამბობს, სავარაუდოდ, სააკაშვილის ხმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
არველაძეს და მის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერში ტელეკომპანია ”იმედის” ხელმძღვანელი ამბობს, რომ ”მიშას” სურვილი იყო, რომ რეპორტაჟი გამაფრთხილებელი ტიტრის გარეშე და ასევე სიუჟეტის გაშვებამდე გაფრთხილების გარეშე გასულიყო.

არველაძემაც და მისმა მოადგილემაც, ეკა წამალაშვილმა, განაცხადეს, რომ ჩანაწერი იყო ”ფაბრიკაცია”, რომელიც ცალკე აღებული საუბრების შეკრებით იქნა შედგენილი.

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მოუწოდა ხელისუფლებას ჩანაწერს ექსპერტიზა ჩაუტაროს უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, რათა დადგინდეს მისი აუთენტურობა.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ პარლამენტის სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდა ამ ფაქტის გამოსაძიებლად. თუმცა, მმართველი პარტიის დეპუტატებმა მის წინადადებას ”არასერიოზული” უწოდეს.

[სივილ ჯორჯია]