გუანტანამო თბილისში


გუანტანამოს ციხის სამი ყოფილი პატიმარი საქართველოში გუშინ დილით ჩამოიყვანეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შსს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა განუცხადა.

"ამ ადამიანებს ციხეში არ მოვათავსებთ, ისინი თავისუფლად იცხოვრებენ. ვიდრე საქართველოში გადმოვიყვანდით, წინასწარ შევისწავლეთ მათი საქმეები. ისინი არ არიან განსაკუთრებულად საშიში დამნაშავეები და განსაკუთრებულად მკაცრი რეჟიმით არც გუანტანამოს ბანაკში იხდიდნენ საასჯელს. ამდენად, იმედი გვაქვს, რომ მათ საქართველოში ჩამოყვანას არანაირი პრობლემა არ მოჰყვება", - აღნიშნა შოთა უტიაშვილმა.

მისივე თქმით, უკვე მოგვარებულია სამი ყოფილი პატიმრის საცხოვრებელი ფართის საკითხი. უტიაშვილმა, მათივე უსაფრხოების მიზნით, ყოფილი ტყვეების ვინაობა არ დაასახელა.

"შემიძლია, მხოლოდ ის ვთქვა, რომ ეს ადამიანები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეები არიან. არ იგეგმება მათი სამშობლოში დაბრუნება, ისინი საქართველოში იცხოვრებენ", - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

გუანტანამოს ბანაკის სამი პატიმრის მიღების გამო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა.
["ინტერპრესნიუსი"]