მიშამ ფარმაცევტებს გადაჰკრა


ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ახლა აღმოაჩინა, რომ ფარმაცევტულ ბიზნესში სრული განუკითხაობაა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სააკაშვილი არც პრესას ეცნობა და არც ობიექტურ ინფორმაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქამდე ერთხელ მაინც მოკრავდა ყურს მედიკამენტების საარაკო სიძვირის თაობაზე ინფორმაციას, რომლისშესახებაც ბოლო ორი წელია სპეციალისტები და ჟურნალისტებიდაუღალავად საუბრობენ.

წამლების გაძვირების შესახებ ცნობა საქართველოს პრეზიდენტის ყურს ვაზისუბანში, ცოტნიაშვილების ოჯახში სტუმრობისას მიწვდა.მედიკამენტებით ხელდამშვენებული ქვეყნის პირველი პირი დაინტერესდა, თუ როგორ იღებს პენსიონერი ცოლ-ქმარი სამეციდინო დახმარებას, მოქმედებს თუ არა დაზღვევის სისტემა და რამდენად ძვირის გადახდა უწევთ მედიკამენტებში.

მოხუცებისგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ, რომ მათ პენსიის თითქმის ნახევარი წამლებში ეხარჯებათ, სააკაშვილმა საქართველოში მოქმედი ფარმაცევტული კომპანიები გააკრიტიკა და განაცხადა, ქვეყანაში მედიკამენტები რეალურ ფასზე 40%-ით ძვირია.

- ”რატომ უნდა ღირდეს წამლები საქართველოში უფრო ძვირი? იმიტომ, რომ რომელიღაცა მონოპოლისტ კომპანიას ხალხის ხარჯზე ხელის მოთბობა უნდა. ახლა ვმუშაობთ ახალ კანონზე, რომელიც ამ ყველაფერს დაარეგულირებს”, - განაცხადა პრეზიდენტმა, რომლის განმარტებითაც, ახალი კანონის დამტკიცების შემდეგ მედიკამენტების ფასი საქართველოში 4-ჯერ გაიაფდება დასამედიცინო დახმარებაც ყველასთვის ხელმისწავდომი იქნება.

სააკაშვილი ამას ისეთი სახით ამბობდა, თითქოს მან პირველმა აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში მედიკამენტებზე მონოპოლიური ფასებია. თითქოს ბოლო 3 წელია ექსპერტები და სპეციალისტები გაუთავებლად სწორედ ამაზე არ საუბრობდნენ, თითქოს ახალი ამბავია, რომ ბოლო წელიწადნახევარში წამლები 150%-ით გაძვირდა.

პრეზიდენტმა ისიც არ იცის, რომ მის მეირ ნახსენები ახალი კანონპროექტი უკვე შემუშავებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებულია. მიუხედავად ამისა, ჯერ მედიკამენტები არ გაიაფებულა. როგორც სპეციალისტები ეჭვობენ, თუ გაიაფდება, მხოლოდ ის წამლები, რომლებიც ფართო მოხმარების არ არის და მისი რეალიზაცია ისედაც ჭირს. აბა, ყოველდღიური საჭიროების მედიკამეტებს ვინ გააიაფებს. ის მაღალ ფასშიც უპრობლემოდ იყიდება.

პრეზიდენტის შეცდომის გამოსწორება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კოკა ფრუიძემ ითავა. მისი განცხადებით, პრეზიდენტი ფარამცევტული საქმიანობის შესახებ არსებული კანონის კანონქვედებარე აქტებს გულისხმობდა, რომლებიც წამლების გაიაფებას შეუწყობს ხელს. ფრუიძის მტკიცებით, საუბარია რამდენიმე ახალ ინიციატივაზეც, დაფინანასების ახალ მოდელებზე, რაც ასევე წამლების გაიაფებისკენაა მიმართული.

ცნობისათვის, 15 ოქტომბრიდან ”წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონში მთავრობის ინიცირებული ცვლილებები ამოქმედდა, რომლის მიზანი ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიის მოსპობა, კონკურენციის ამაღლება და მედიკამენტების გაიაფება იყო. ახალი წესების თანახმად, მაღალი სანდოობის ქვეყანაში, ან ორგანოში დარეგისტრირებული პრეპარატის ქვეყანაში შემოტანისას იმპორტიორი აღარ გადის რეგისტრაციას და მხოლოდ საჭირო დოკუმენტაციას წარმოადგენს. ამასთან, თუკი აქამდე მედიკამენტების შემოტანა პირდაპირ მწარმოებლისაგან ხდებოდა, ახლა უკვე წამლის ბაზარზე შეძენა და შემოტანა შეიძლება.

კიდევ ერთი სტრუქტურა, რომელიც პრეზიდენტის კრიტიკის ობიექტი გახდა, პატენტების ბიუროა. სააკაშვილის თქმით, ფარმაცევტული კომპანიები, პარლამენტის გვერდის ავლით, სწორედ პატენტების ბიუროსთან კორუფციული გარიგების შედეგად ცდილობენ ქვეყანაში მედიკამენტებზე მაღალი ფასები შეინარჩუნონ.

- ”კომპანიებმა ნახეს პატენტების უსაქმური ბიურო, რომელიც უუნარო და უქნარა ხალხითაა დაკომპლექტებული და გადაწყვიტეს,მოგვატყუონ. ჰგონიათ, გვძინავს და ეს ქვეყანა იდიოტებისგან შედგება”, - განმარტა სააკაშვილმა.

ეს ქვეყანა ვისგან ”შედგება” ძერ კიდევ გასარკვევია, მაგრამ ხელისუფლებას რო ძინავს, ეს უდოვოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფარმაცევტული კომპანიები ასე ვერ გაილაღებდნენ და ბაზარზეც ოლოგოპოლიურ ვითარებას არ მივიღებდით.

აბობოქრებული პრეზიდენტის დამშვიდებას ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი შეეცადა, რომელიც თურმე მედიკამენტების გაიაფებას 2010 წლის გაზაფხულიდან ვარაუდობს.

- ”წამლებზე ფასების შემცირებას მარტი-აპრილიდან მოველით”, -უპატაკა კვიტაშვილმა სააკაშვილს, თუმცა მინისტრს საკუთარისიტყვების ბოლომდე არც ეჯერა.

[თემურ დოლიძე, presa.ge]
Read more

გაჩეჩილაძე ზუგდიდში


[ფოტო] ლევან გაჩეჩილაძე დღეს ზუგდიდს სტუმრობდა. თანამოაზრეებთან შეხვედრა "დაიცავი საქართველოს" ოფისში შედგა. განიხილებოდა 15 დღის წინ დაწყებული შიმშილობის აქცია. ორი მოქალაქე ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით შიმშილობდა. ლევან გაჩეჩილაძემ მოშიმშილეებს აქციის შეწყვეტისა და კარვის აღებისაკენ მოუწოდა. მოძრაობის ლიდერმა დღეს თანამოაზრეებს სამომავლო გეგმები გააცნო და განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან უკვე "ძალის ენით" ლაპარაკია საჭირო.

მისი თქმით, მშვიდობიანი აქციებით და მოთხოვნებით ადამიანის უფლებებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან ვერაფერი მოახერხეს. გაზაფხულიდან კი გაჩეჩილაძე საპროტესტო მოძრაობის ახალი ტალღის დაწყებას აპირებს. [ვიდეო]

["რუსთავი2"]
Read more

ვახანიას პროცესი


9 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას სასამართლო პროცესი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2008 წლის 12 ოქტომბერს იარაღის უკანონოდ შენნახვის და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს. განსასჯელის ადვოკატების ნუგზარ კვარაცხელიას, გია ებრალიძის, ლალი აფციაურის, ილია ლომიას და ლილი გელაშვილის მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გაზეთ "სამეგრელოს ქრონიკას" ჟურნალისტმა ლელა ხუბულავამ აუდიოფირი, რომელიც დაკავებულის სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზეზი გახდა, საკუთარი ნებით გადასცა ვლადიმერ ვახანიას. დევნილი აკადენიკოსის დამცველების, ოჯახის წევრების და მოწმეების მტკიცებით კი ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა თავად შეიტანეს და ის ვახანიას საკუთრებად გაასაღეს.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბატონ ვლადიმერს 4 წლით თავისუფლების აღკვთა მიუსაჯა.
არანაკლებ ცივსისხლიანი აღმოჩდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები მარინა სირაძე, მარინა იმერლიშვილი და მურთაზ კაპანაძე, რომლებმაც პროცსზე ადვოკატების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს და ჯანმრთელობის მძიმე მგომარეობით დარბაზში მყოფ ვახანიას, ოჯახის წევრთა კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად სასმელი წყალი არ მიაწოდეს. ამ ფაქტს განსასჯელის დის ნანი ვახანიას პროტესტი მოჰყვა, ის წყობიდან გამოსული სასამართლოს თავმჯდომარე სამივე მოსამართლეს მისი ძმის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებდა. სირაძემ, იმერკლიშვილმა და კაპანაძემ კი მისი სხდომიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს. შოკურ მდგომარეობაში მყოფი ნანი ვახანია მანდატურებმა ძალის გამოყნებით დარბაზიდან გაიყვანეს. ინციდენტი "კონსერვატიული" პარტიის ლიდერებმა კახა კუკავამ და ზვიად ძიძიგურმაც გააპროტესტეს, მხოლოდ მათი და ადვოკატების ჩარევის შემდეგ მოხდა ვლადიმერ ვახანიას სასმელი წყლით მოსულიერება.
ნანი ვახანია: "მე ვითხოვდი მხოლოდ ერთს ჩემი ძმისთვის მიეცათ წყალი, რადგან ის ძალიან ცუდადაა. ჩემი პროტესტის შემდეგ წყალი დაალევინეს. თუ შესაძლებელი იყო მანმადე რატომ არ დააკმაყოფილეს ეს მოთხოვნა?! ძალიან ძნელია ადამიანმა ეს ყველაფერი მოითმინოს. მაქვს საფუძვიანი ეჭვი, რომ ვლადიმერის მოწამლვა გრძელდება. დაახლოებით ერთი კვირის წინ შევხვდი მას და თავს შედარებით კარგად გრძნობდა, დღეს კი ფერდაკარგული და ბევრად გამხდარია. ეს ჩემთვის მტკივნეულია~.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარეს პროკურორი დიმიტრი ხვიტია და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის როლანდ ახალაიას პირველი მოადგილე მამუკა ბალიაშვილი წარმოადგენდნენ. დარბაზში ბალიაშვილის გამოჩენამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქმე კვლავ საოლქო პროკურორ როლანდ ახალაიას პირად კონტროზლზეა.
განხილვა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა დაცვის მხარემ სახელმწიფო ბრალმდებელთან ვერანაირ შეთანხმება ვერ მიაღწია. ადვოკატ ლალი აფციაურის მიერ დაყენებული შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების გათავისუფლებით შეცვილს თაობაზე მოსამართლეებმა და პროკურორებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, მათ არად ჩააგდეს გუკლის იშემიური სენით დაავადებული და უეცარი სიკვდილის მაღალი რისკის მქონე აკადემიკოსის მძიმე მდგომარეობა, და პროცესი 25 დეკემბრის 12:00 საათამდე გადადეს.
ლალი აფციაური: "დაცვის მხარის მიერ ჩატარებული იქნა სასამართლო სამედიცინო კომისიური ექსპერტიზა, რომლის საფუძველზეც მტკიცებულების სახით მოგვეცა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ვლადიმერის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება. ის გახლავთ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფი. რაც შეეხება დაკავებულის მოწამლვის ფაქტებს, ჩვენ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში არ მოგვეცა ციხეში ექპერტების შეყვანის საშუალება სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ჯიუტად გვეუბნებოდა უარს ვახანიას გამოკვლევაზე. საქმეში ჩავრიეთ ევროპული სასამართლო, მათ 39 მუხლის რეგლამენტის მიხედვით სახელმწიფოს დაავალეს შეეშვათ სამედიცინო ექსპერტები პატიმართან. ნაწილობრივ დადასტურდა, რომ ვახანიას წამლავდნენ.
გვაქვს ახალი მტკიცებულებები, რომელიც უკვე წარვუდგინეთ ქუთაისის სასამართლოს და იმედს ვიტოვებთ, რომ მათ მიერ მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება".
ლილი გელაშვილი: "დღეს იყო მოსამზადებელი სხდომა. მინდა აღვნიშნო, რომ ჯერ არ ვართ სასამართლო გამოძიების ეტაპზე გადასული. 25 დეკემბერს კვლავ გაგრძელდება შუამდგომლობების დაყენება და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება~.
პროცესზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, ზვიად ძიძიგურმა კახა კუკავამ და "კონსერვატიული" პარტიის სხვა წევრებმა მოძრაობა `მთლიანი საქართველოს" მომხრეებთან ერთად სასამართლოს შენობსთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციაც გამართეს.
ზვიად ძიძიგური: "ეს პროცესი იყო უსამართლობის ზეიმი. პირადად მე არ მაქვს იმედი, რომ სააპელაციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, თუმცა საბოლოო ჯამში ბატონი ვახანია აუცილებლად გამართლდება, რადგან როლანდ ახალიას მიერ ეს საქმე ძალიან ცუდად გახლავთ "შეკერილი". გაყალბებულია მოწმეთა ხელმოწერები, ვახანიასთვის "ჩაგდებულია" იარაღი გვხვდება ბევრი არაკვალიფიციურად შექმნილი მტკიცებულება.
ამ საქმით უნდა დაინტერესდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები. დარწმუნებული ვართ, რომ ისისნი სიმართლეს იტყვიან საქართველოში არსებული მართლმსაჯულების შესახებ.
საჭიროა საზოგადოების აქტიურობა. ეს პოლიტიკური პროცესია, და საქართველოში არსებული რეპრესიების ბრწყინვალე მაგალითი. მოვუწოდებ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს და რიგით მოქალაქეებს აქტიურად ჩაერთონ პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას დაცვის საქმეში".
კახა კუკავა: "ეს არის იშვიათი საქმე, აკადემიკოს ვახანიას ბრალად ედება ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა ტარება – ასეთივე ბრალდება ხელისუფლების უამრავ პოლიტიკურ ოპონენტს აქვს წაყენებული. ეს საქმე უნიკალურია იმით, რომ დაცვის მხარეს აქვს ვიდეომტკიცებულება, რომელიც ამტკიცებს ბრალდებულის უდანაშაულობას. ზუგდიდის პროკურატურა აღმოჩნდა ისეთივე უნიჭო მტკიცებულებების განადგურებაში როგორც მათ შექმნაში. როდესაც სამართალდამცავებმა ჩხრეკის დროს დააზიანეს ვახანიას სახლში არსებული დაცვის კამერები, ვერ წაშალეს ის კადრები, რომელიც იქ არსებულ რეალურ სიტუაციას ასახავდა. ვიდეოში ჩანს, რომ ჩხრეკა ჩაატარა 100 მდე ფორმიანმა სპეცრაზმელმა და არა 5-მა გამომძიებელმა, როგორც ამას როლანდ ახალაიას პროკურატურა ამტკიცებს. დღეს ადვოკატებმა სწორედ ეს ჩანაწერი წარადგინეს პროცესზე.
მომდევნო განხილვას ჩვენი თხოვნით დაესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ვახანიას საქმე შეიძენს საერთაშორისო რეზონანსს. ვიმეორებ, რომ არსებობს უნიკალური ჩანაწერი, სადაც ჩანს თუ როგორ ახორციელებენ ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლები იარაღის "ჩადებას" და ნორმალური სასამართლოს პირობებში უნდა დადგეს ვლადიმერ ვახანიას გამამართლებელი გადაწყვეტილება".
პროცესის დასრულების შემდეგ "ასავალ დასავალმა" ვლადიმერ ვახანიასთვის რამოდენიმე კითხვის დასმა მოახერხა.
–ბატონო ვლადიმერ რას იტყვით დღევანდელ პროცესზე?
–ძნელია რამის თქმა.
–როგორ ფიქრობთ გაგამართლებენ?
–ვნახოთ, ეტაპობრივად მიმდინარეობს ყველაფერი.
მხრების აჩეჩვით გვიპასუხა ფერდაკარგულმა აკადემიკოსმა და მიუხედავად დიდი სურვილისა ჩვენთან საუბარი გაეგრძელებინა ბადრაგის კატეგორიულ მოთხოვნას დაემორჩილა...

[ილია ჩაჩიბაია, "ასავალ დასავალი"]
Read more

ჟურნალისტური სკანდალი



სამეგრელო ზემო სვანეთში გამომავალ, ჟურნალ “ღია ბოქლომის” ვებ.გვერდზე, დაიდო გამოკითხვა, რომელიც ჟურნალისტ ელისო ჯანაშიას ეხება. გამოკითხვის შინაარსიდან გამომდინარე, “ჯეოტოპნიუსი” ჟურნალ “ღია ბოქლომის” მთავარ რედაქტორს, ილი ჩაჩიბაიას დაუკავშირდა.

ილია, “ღია ბოქლომის” ვებ.გვერდზე, დაიდო გამოკითხვა, ჟურნალისტ ელისო ჯანაშიას შესახებ. რამ განაპირობა ამ გამოკითხვის ჩატარება?


ილია ჩაჩიბაია

“ეს იყო ჩვენი მკითხველის მოთხოვნაც. მე, როგორც ჟურნალისტი, დღემდე ელისო ჯანაშიას ვთვლიდი კოლეგად და ამის გამო არ მინდოდა მისი შავი საქმეების გამომზიურება, მაგრამ ის გუშინ ყოველგვარ ზღვარს გადავიდა და მომაყენა შეურაცყოფა. ერთ–ერთ ცნობილ საიტზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დიალოგი მქონდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრთან თამარ გურჩიანთან, ფოთის გაზეთის რედაქტორი ჯანაშია კი ამ დროს შემოგვეჭრა საუბარში და ჩემზე ათასი სისაძაგლე დაწერა კომენტარებში.

ეს ქალბატონი არის რუსეთის აგენტი და მე ამას მალე დავამტკიცებ. ჩემი სტატიის მეშვეობით. ღიად აცხადებს თითქოს სოროსის ფონდისგან ფინანსდება, სინამდვილეში კი ბერეზოვსკია მისი სპონსორიც და მამაც. აბა გადავხედოთ მის გაზეთს, რუსეთის ქება დიდების მეტს ვერაფერს ნახავთ”.

საკმაოდ მძიმე ბრალდებაა. რა მტკიცებულებებით შეგიძლია ამის დადასტურება?

” ჯანაშია თვის თავს ჟურნალისტს უწოდებს, თუმცა ავიწყდება, რომ საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს გიორგი თარგამაძის ”ქრისტიან დემოკრატებიდან”. არ ვაპირებ ამ “უღირს დედაკაცზე” ამ დროისთვის სხვა სახის კომენტარი გავაკეთო. მალე ნახავს ვინც არის ილია ჩაჩიბაია!

ილია ჩაჩიბაიას განცხადებებზე, ”ჯეოტოპნიუსი” კომენტარისთვის, ფოთში გამომავალ გაზეთ “თავისუფალი სიტყვის” რედაქტორს, ელისო ჯანაშიას დაუკავშირდა.

ელისო ჯანაშია: რადგან “ღია ბოქლომის” თავხედობაზეც მომიხდა პასუხის გაცემა, დიდი სიამოვნებით შევეცდები

მაგრამ დღეს მან “ფეისბუქზე” სიტყვიერი შეურაცხყოფაც მომაყენა და ეს უკვე ნამდვილად ბოლო წვეთი იყო. ვინც დამიჯერებს დიდი მადლობა, ვინც არა, გთხოვთ წაიკითხოთ ჩვენი მასალები და დასკვნა თავად გააკეთოთ. მე ფაქტებით ცამოვთვალე ფაქტები, მან ჯერ პირადი შეურაცხყოფის გარდა, ჩემი თაღლითობისა და მატყუარობის დამადასტურებელი ფაქტი ჯერჯერობით ვერ დაასახელა”, განუცხადა “ჯეოტოპნიუსს” ელისო ჯანაშიამ.

რაც შეეხება ელისო ჯანაშიას წინააღმდეგ გაჟღეებულ ბრალდებებს, ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, მტიცებულებეს ის უახლოეს დღეებში წარმოადგენს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მას ცილისწამებისთვის, პასუხის გაცემა უკვე სასამართლოში მოუწევს.


[რომან ქევხიშვილი, gtn.ge
(ამონარიდი სააგენტო გეოტოპნიუსის
მიერ გამოქვეყნებული სტატიიდან)]
Read more

მსოფლიოს "თხის გრიპი" ემუქრება


ქათმისა და ღორის გრიპების შემდეგ, მსოფლიოს მოსახლეობას ამჯერად თხის გრიპი ემუქრება. უცხოური მედია-საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თხის გრიპის გავრცელების შესახებ შემაშფოთებელი ცნობა ნიდერლანდებიდან ვრცელდება.

ავსტრიული გამოცემის მონაცემებით, ახალი ვირუსით ქვეყანაში უკვე 2300 ადამიანია დაავადებული, მათგან 6 გარდაიცვალა. ჰოლანდიის მთავრობა ვირუსის გავრცელების მასშტაბებით შეშფოთებულია და ათობით ათასი სული თხისა და ცხვრის განადგურებას მოითხოვს. ამჟამად ეპიდემია ნიდერლანდების სამხრეთ ნაწილში მძვინვარებს – ქვეყნის სწორედ ამ ნაწილშია თავმოყრილი ფერმების დიდი ნაწილი, რომელშიც 375 ათასი თხა ბინადრობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალმა გრიპმა 350-დან 55 ჰოლანდიური ფერმა უკვე დააზარალა.

უცხოური მედიის ცნობით, თხის გრიპს სხვა გრიპების მსგავსი სიმპტომები აქვს. დაავადებულს ყელის ძლიერი ტკივილი, სურდო, სისუსტე, თავის ძლიერი ტკივილი, მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. თუ დაავადებული ადამიანი დროულად არ იმკურნალებს, პნევმონიის სიმპტომები ვითარდება, რაც შეიძლება, ლეტალური შედეგით დასრულდეს. სპეციალისტების თქმით, თხის გრიპის მკურნალობა ანტიბიოტიკებით შეიძლება.

განიხილება ასევე ვაქცინის შესაძლო შექმნის საკითხიც. დაავადება ჯერჯერობით მხოლოდ ცხოველიდან ადამიანზე ვრცელდება, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის შემთხვევა კი ჯერ არ დაფიქსირებულა.

Read more

გათავისუფლების მოლოდინი


ლევან ხმიადაშვილი და ვიქტორ ბუჩუკური შესაძლოა კვირას გაათავისუფლონ. ჰანსიორგ ჰაბერმა განაცხადა, რომ ტყვეობაში მყოფი ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებისგან ზარს ელოდება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თქმით, ოსურმა მხარემ პირობა დადო, რომ ტყვეობაში დარჩენილ 2 მოზარდს 10 დღეში გაათავისუფლებდა. პატიმრობაში მყოფი მოზარდების გამოშვების ბოლო ვადა კი, კვირა - 13 დეკემბერია. თუმცა, ევროკავშირის წარმომადგენლობას მოზარდების გათავისუფლების საკითხზე ცხინვალიდან ჯერ, არავინ დაკავშირებია. [video]

[itv.ge]
Read more

დიტო გელოვანი - ქინძთა ვარამი


- თქვენ ვერ გაიგეთ, ისინი შეიძლება ჭკვიანებიც არიან. მაგრამ... აი, მაგალითად ავიღოთ ვუნდერკინდი... პიანისტი. მას შესანიშნავი ტექნიკა აქვს, გადასარევი სმენა... და იმავე დროს რაღაცა აკლია. აკლია სიმწიფე, რომელიც მის შესრულებას შესძენდა ტალანტურობას... გენიალობას.
- ვუნდერკინდი ვინ არის? – იკითხა სტეპკომ.
- მე ვიცნობ, - თქვა ომარმა, - ჩვენს სოფელში ჩამოდიოდა ხოლმე განთქმული ფოკუსების მკეთებელი, იმასაც რაღაც მაგნაირი გვარი ჰქონდა... მაგრამ ის ახალგაზრდა არ იყო.
ღმერთო, დიდებულო!... მე ვგრძნობ, როგორ ვსულელდები ყოველ დღესა და საათს...
- ომარ, შენ ვუნდერკრეტინი ხარ! - აღმომხდა მე.
- შენ კი, პირდაპირ იდიოტი, - ყოველი შემთხვევისათვის ომარმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.
(ოთარ ჩიჯავაძე, ”თვითმკვლელები”)

მართლა ვერ გავიგე და ახლაც არ მესმის, რატომ ატყდა ერთი ვაი-უშველებელი. დიდი რამე - წავიდნენ მოსკოვში და ჩამოვიდნენ მოსკოვიდან. რა, მიშა არასდროს ყოფილა მოსკოვში თუ როგორ? იქნებ დაავიწყდათ, საგარეო საქმეთა მინისტრს ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ცრემლები ღაპაღუპით რომ ჩამოდიოდა, ნუ დამღუპავთ, რუსეთის მოქალაქეობას ნუ წამართმევთო. საერთოდ, ჟურნალისტების მიმოსვლა ჩვეულებრივი ამბავია და ამაში არაფერია საოცარი.

შეგახსენებთ, რომ პირადად მიხეილ სააკაშვილის მოწვევით რუსი ჟურნალისტების ჯგუფი ორჯერ იყო საქართველოში ჩამოსული. იქეიფეს, დრო გაატარეს, მწვადი ჭამეს, ღვინო სვეს, სუვენირებით დაიტვირთნენ და წავიდნენ. მიშა გახარებული იყო, ჩვენზე სულ კარგებს დაწერენო. დიდი ფული დაიხარჯა, მაგრამ ნამდვილად ღირდა. რუსებმა გეგმა გადაჭარბებით შეასრულეს - ჩვენზე კარგებიც დაწერეს და კეთილებიც ზედ მიაყოლეს. ხოლო გასულ კვირაში იყო საპასუხო ვიზიტი.

დიდი ამბავი ატყდა ამ საპასუხო ვიზიტთან დაკავშირებით, დიდი ამბავი! არადა, ისეთი არც არაფერი მომხდარა - იყვნენ ცუმ-ში, გუმ-ში, გასტრონომ (სურსათ-სანოვაგე) ”ელისეევსკიში”, ”ბერიოზკაში”, ლენინის მავზოლეუმში და ა.შ. ეს იყო და ეს. სამშობლო არ გაუყიდიათ, პირიქით, რაღაც-რაღაცეები შეიძინეს და ნავაჭრით დატვირთულები დაბრუნდნენ სამშობლოში. რუს ჟურნალისტებს საქართველოში სხვა კი არაფერი გაუკეთებიათ! ჩვენ დავხარჯეთ ფული რუსებზე და საპასუხო ვიზიტის დროს რუსებმა დახარჯეს ფული ქართველებზე.

კიდევ იცით რა მგონია? ჩემი მოკლე ჭკუით ასეთი დასკვნა გამოვიტანე: მაშინ ისინი ჩამოვიდნენ ჩვენი კიტრის სანახავად და ახლა ჩვენები ჩავიდნენ იმათი ქინძის სანახავად.

კიდევ, ის მიკვირს, რატომ წყდება გული ზოგიერთ მოჟურნალისტო ელემენტს, რატომ აღვარღვარებს ცრემლებს, მე რატომ არ წამიყვანეს, მეც მინდოდა იმათი ქინძის ნახვაო! ვითომ, ჯერ ქინძი არ ენახოს, თუნდაც კიტრამდე და თუნდაც კიტრის შემდეგ.

ნიუსის სათაურზე სერიოზულად ვიხალისე. სათაური იყო ასეთი: ”ქართველმა ჟურნალისტმა მედვედევს საქართველოსთან მიმართებაში ”მათრახის” ნაცვლად ”თაფლაკვერის” პოლიტიკის გამოყენება ურჩია”. როგორც ნიუსიდან ვიგებთ, ლომისთვის, მისივე ბუნაგში, თენგიზ პაჭკორიას შეუღრენია: ”ავადმყოფობის მიუხედავად მე მოსკოვში ჩამოვედი, რათა დაგისვათ კითხვა, უფრო სწორად, გირჩიოთ, რომ შეცვალოთ საქართველოს მიმართ წარმოებული პოლიტიკა და ამ პოლიტიკაში მეტი თაფლაკვერი გამოიყენოთ, მათრახის ნაცვლად, არა მარტო სავიზო და სატრანსპორტო საკითხებში, არამედ უფრო სერიოზულ საკითხებში, კერძოდ, კონფლიქტების მოგვარებაში. თუU თქვენ პოლიტიკას შეცვლით, საქართველოს მოსახლეობა ამას სწორად გაიგებს და ეს საქართველოსა და რუსეთის ინტერესებშიც იქნება”.

ხედავთ? არა, გეკითხებით, თუ ხედავთ-მეთქი?! ავადმყოფობის მიუხედავად ჩახვიდე მოსკოვში და ქინძს მათრახი თაფლაკვერით შეაცვლევინო, ეს ხომ პირდაპირ სამოქალაქო გმირობის ტოლფასია!!! გენაცვალე, თენგიზ პაჭკორიავ, ბიჭი ხარ, ბიჭი!!! და თუ მედვედევი დაუჯერებს პაჭკორიას, მაშინ გიგი უგულავამ დამიჯეროს მე და ნუ დახურავს მთაწმინდის პანთეონს, გმირების ადგილი იქ არის.

როგორც პაჭკორიას მონაყოლიდან ირკვევა, თურმე მედვედევმა სევდიანად გაიღიმა, თვალის უპეები ცხვირსახოცის წვერით ამოიმშრალა და სანამ გული საბოლოოდ ამოუჯდებოდა, თქვა: ”თქვენი კითხვა, თხოვნა და რჩევა გაგონილი და მიღებულია”.
მთავარია გაგება. მისაღები უნდა მივიღოთ.

მოკლედ, პაჭკორიას გამოეხმაურა მედვედევი და თუ მიხვდებით, ვინ გამოეხმაურა მედვედევს? ოლოლო, თქვენა, ვერ გამოიცანით. მედვედევს გამოეხმაურა ნიკა გილაური. ”თუ რუსეთი საქართველოს მიბაძავს და სანქციებს შეასუსტებს, ეს მხოლოდ მისასალმებელია” - თქვა გილაურმა. არ ვიცოდი... თურმე საქართველოს რუსეთისთვის სანქციები ჰქონია დაწესებული (ალბათ, იგულისხმება 1991 წლის აპრილის აქცია სამტრედიის რკინიგზაზე), მერე ეს სანქციები შეუსუსტებია და ახლა რუსებისგან საპასუხო ნაბიჯებს ველით. ღირსების გრძნობა ავადმყოფობა რომ იყოს, თანაც ერთადერთი, პაჭკორია, გილაური და გრიგოლ ვაშაძე უკვდავები იქნებოდნენ. თენგიზ უკვდავი, ნიკოლოზ აღმაშენებელი, გრიგოლ თავდადებული...

და, ხისტი ზურაბა. იმათგან რომ ეწყინათ, რა უნდოდათ მოსკოვშიო, რატომ ნოღაიდელისგან არ წყინთ, კვირაში ერთხელ ცივ ქვეყანაში რომ დაფრინავს? აი, ახლაც, ამ სტრიქონს რომ წერს ზურიკო და მისი პეტრიკო მოსკოვში მიფრინავენ. მიზანი: ორი ტირძნისელი მოზარდის გათავისუფლება, რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, საქართველოდან რუსეთში პროდუქციის ექსპორტის განახლება და რუსეთში მცხოვრები ქართველი ამომრჩევლების რესგისტრაცია და სხვ. ამ ”და სხვ”-ში იგულისხმება გლობალური დათბობის შეჩერება, კენედის მკვლელობის გამოძიება და საბოლოოდ გარკვევა, არის თუ არა მარსზე სიცოცხლე.

მე, რა თქმა უნდა, ვხუმრობ, მაგრამ მთელი მუღამი იმაშია, რომ ხუმრობს ზურიკოც და მასთან ერთად - მისი პეტრიკოც.

ისე, მართლაც-და, რას მიმოფრინავს ამდენს, გადამფრენი ფრინველი ხომ არ არის? არ გამოვრიცხავ, რომ იმათი არ იყოს, ამასაც ცუმ-ში და გუმ-ში რიგები აქვს დაკავებული და ხშირ-ხშირად ამოწმებს, თავისი რიგი ხომ არ გავიდა, ვინმე ურიგოდ ხომ არ მიდის. არც იმას გამოვრიცხავ, რომ რიგი ლენინის მავზოლეუმში ჰქონდეს დაკავებული.

სანამ მოსკოვში წავიდოდა, ნოღაიდელმა შეხვედრები გამართა კახეთში და ნიუსს ერქვა ”ზურაბ ნოღაიდელი კახეთში შეხვედრით კმაყოფილია”. თუ ნოღაიდელის მეტსახელს გავიხსენებთ (შალვა ნათელაშვილმა რომ შეარქვა), იოლი მისახვედრია, რომ მასთან შეხვედრით კახელები ნამდვილად კმაყოფილები იქნებოდნენ. ”კახეთში მოსახლეობას იგივეს დავპირდი, რასაც გურიაში - არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ არჩევების გაყალბებას”, - აღნიშნა ნოღაიდელმა. არავითარ შემთხვევაშიო - გარანტიას იძლევა. მოკლდ, სულ რომ კობა ბექაური მოგვევლინოს თბილისის მერად, უნდა ვიყოთ ჩუმად, რადგან უკვე ვიცით, რომ ნოღაიდელი არჩევნების გაყალბებას არ დაუშვებს.

”გუბერნატორმა პროვოკატორი მიწოდა” - ნოღაიდელი გურიის გუბერნატორის მიმართ წყენას ვერ მალავდა და მეც მეწყინა. რა საჭიროა, ველოსიპედის გამოგონება და ახალ-ახალი მეტსახელების მიკერება, მაშინ როცა შალვა ნათელაშვილმა უკვე ველოსიპედიც გამოიგონა და ნოღაიდელის მეტსახელიც?

სიბნელის ჩამოდგომის გამო საღამოს გახსნილად ვაცხადებ (ოსტაპ ბენდერმა თქვა), ხოლო ნოღაიდელის თემას - ამოწურულად. გადავდივარ საკითხზე, რომლის ამოწურვასაც ცდილობს და ვერ ახერხებს ბუნების მომღერალი მინისტრი, გოგა ხაჩიძე. გასულ კვირაში ხაჩიძემ 2009 წლის ანგარიში წარმოადგინა: ”სხვადასხვა სიახლე დაინერგა საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით. ყოველთვიურად ვრცელდება სამინისტროს ღონისძიებების ამსახველი “Newsletter”, დაწესდა მოქალაქეთა მიღების საათები, ყველა სიახლესთან დაკავშირებით რეგულარულად ტარდება ონლაინ და პრესკონფერენციები (დაახლოებით 40-მდე პრეს-კონფერენცია), ძირეულად განახლდა სამინისტროს ვებ-გვერდი.

განახლებულ საიტს 400 ათასამდე ინტერნეტ-მომხმარებელი ესტუმრა. სამინისტროს მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა საზოგადოებრივი საბჭო, დაარსდა სტუდენტური ”მწვანე კლუბი,” ამოქმედდა სამინისტროს ცხელი ხაზი “070”, მოეწყო აქცია “პოლიეთილენის პარკები ბუნების მტერია”, სახალხო დიალოგის ფარგლებში მოსახლეობასთან 175 შეხვედრა გაიმართა...

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ დამსახურებებისა, რომლებიც მხოლოდ 2009 წელს მიუძღვის გოგა ხაჩიძეს საქართველოსა და კაცობრიობის წინაშე. ახლა, რომ ვიხსენებ, ვერაფრით გამიხსენებია, მიუძღვნა თუ არა ხაჩიძემ პრესკონფერენცია გარემოს დაცვის ინსპექციას და მის მექრთამე უფროსებს. მომკალი და, ვერ ვიხსენებ. რაც შემიძლია ზუსტად ვთქვა, არის ის, რომ 400 ათასი ინტერნეტ-მომხმარებელი 10-ჯერ მაინც არის გადაჭარბებული.

გუშინ დილით კი, გოგა წავიდა კოპენჰაგენში, სადაც შეეცდება წინ აღუდგეს არა მხოლოდ მოსალოდნელ გლობალურ დათბობას, არამედ გამყინვარებასაც, რომელმაც ათიათასობით წლის წინ უამრავი უდანაშაულო მამონტი შეიწირა.

კონსერვის ცარიელ ქილებს და მაწანწალა ძაღლებს შეეწირა ქუთაისის მერის, ნუგზარ შამუგიას კარიერა. თავიდან მართლა ასე მეგონა და გამიკვირდა, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ შამუგია ნინო ბურჯანაძის კადრი ყოფილა და ამის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დადგა. თუ მიშას გვერდით გინდა დგომა, შეგიძლია ხელები სისხლში გქონდეს გასვრილი, მაგრამ ვისაც ხელები ფქვილში აქვს გასვრილი, მისი ადგილი მხოლოდ ბურჯანაძის პარტიაშია. ქუთაისის მერის მოვალეობას ქუთაისის ვიცე-მერი ასრულებს. მან დროებით გვერდზე გადადო ლოზუნგები ”ქუთაისი სიღარიბის გარეშე” და ”ქუთაისი კორუფციის გარეშე”. დღეს გაცილებით აქტუალურია ”ქუთაისი მაწანწალა ძაღლების გარეშე”.

”არც ერთი კვირა პაესტკის გარეშე” - ეს არის გია ბარამიძის ლოზუნგი. გასულ კვირაში ბარამიძე ჩეხეთში აგემგზავრა. როგორც ყოველთვის - სამუშაო ვიზიტით. როგორც ყოველთვის, შეხვდება ვიღაცას და ვიღაც-ვიღაცეებს და ამის შემდეგ ჩვეული ოსტატობით იტყვის, რომ ნატომდე ორი ნაბიჯი გვიკლია, ხოლო ევროკავშირამდე - სამი. არ იფიქროთ, რომ ბარამიძე მხოლოდ მოგზაურობს და ადგილობრივი პრობლემებით არ ინტერესდება. ბარამიძე ისეთ საშვილიშვილო საქმესაც აკეთებს, როგორიცაა მკაცრი განცხადებების გაკეთება.

მაგალითად: ”დღეისათვის აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულია. ამასთანავე, ეთნიკური წმენდის გათვალისწინებით, არ შეიძლება აფხაზეთში რამე დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე იყოს საუბარი. ეს არის კრემლის მიერ დაგეგმილი პროპაგანდისტული აქცია”. ეს განცხადება ბარამიძემ ისეთი მკაცრი ტონით გააკეთა, რომ სვანეთის სასაფლაოებზე არ დარჩენილა არც ერთი შედარებით კარგად შემონახული თავის ქალა და ბარძაყის ძვალი, შიშით რომ არ აცახცახებულიყო.

აღსანიშნავია, რომ გია ბარამიძის ეს განცხადება მოისმინა ბოლო 300 წელიწადში გარდაცვლილმა ყველა სვანმა, ხოლო სახალხო დამცველის ანგარიშს მხოლოდ ხუთი დეპუტატი უსმენდა - გია არსენიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ისლახამ შამილოვი, არმენ ბაინდურიანი და ჰარუთინ ჰოვანესიანი. ამ ხუთეულს შემდეგ უმრავლესობის წევრები ლაშა თორდია და ზვიად კუკავა შეუერთდნენ, მაგრამ ბედნიერებისგან მთვრალები იყვნენ და ბევრი ვერაფერი გაიგეს. როგორც იცით, მთავარი გაგებაა.

რატომ იყვნენ მთვრალები? თუ გვინდა, რომ გავიგოთ ამ კითხვაზე პასუხი (მთავარია გაგება), უნდა გავიხსენოთ, რომ გასულ კვირაში საქართველოს სტუმრობდა ლატვიის პრეზიდენტი და რომ ”პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ გამართული მოლაპარაკების შემდეგ ლატვიის პრეზიდენტმა ვალდის ზატლერსმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ლატვიის უმაღლესი ჯილდო აღიარების ორდენი გადასცა. აღნიშნული ორდენი მინიჭებული აქვს ინგლისის დედოფალს, პოლონეთის პრეზიდენტს და სხვა ცნობილ მოღვაწეებს”.

აი, რატომ იყვნენ მთვრალები თორდია და კუკავა - სააკაშვილის აღიარება საქართველოს აღიარებაა, ხოლო საქართველოს აღიარება - კუკავას და თორდიას აღიარება. თანაც, ორდენს ”აღიარების ორდენი” ჰქვია. მოკლედ, მიშა აღიარეს. დადგება დღე, როცა მიშაც აღიარებს და იმედი მაქვს, ეს 2013 წლამდე მოხდება. ”საქართველოსა და ლატვიას საერთო ისტორია და საერთო ფასეულობები აერთიანებს” - თქვა მიშამ.

სამი წლის წინ სააკაშვილმა ქართველები ყაზახებად გამოგვაცხადა, ახლა კი ირკვევა, რომ ჩვენ და ლატვიელებს საერთო ფასეულობები გვქონია. ფასეულობები იქით იყოს, მაგრამ რომელ საერთო ისტორიაზეა საუბარი? საერთო ისტორიის ამბავში მხოლოდ ის მახსენდება, რომ შარშან, 11 აგვისტოს, რუსთაველის გამზირზე საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები ერთად ზეიმობდნენ რუსეთის დამარცხებას.

მიშა აღიარეს. ეს უდავოა. მიშაც აღიარებს და არც ამაში მეპარება ეჭვი, ნაურუს რესპუბლიკა კი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ნაურუს საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და ფინანსების მინისტრმა, კირენ კეკემ ცხინვალში ე.წ. პარლამენტის სპიკერ სტანისლავ კოჩიევთან შეხვედრაზე განაცხადა.

ვაღიარებ: მიშა რომ არა, ასი წელი ვერ გავიგებდი, რომ არსებობს სადღაც წყნარ ოკეანეში მიკარგული ნაურუს რესპუბლიკა. მიშას, როგორც პრეზიდენტს, არ ვაღიარებ, მაგრამ ვაღიარებ, როგორც გეოგრაფიის მასწავლებელს. მიშას წყალობითაა, მე რომ ნაურუს რესპუბლიკა ვიცი, ჯორჯ ბუშმა კი - იგოეთი და ორჭოსანი.

რადგან გეოგრაფიის მასწავლებელი ვახსენე, უხერხული იქნება განათლების სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილება რომ არ ვახსენო. იუსტიციის ყოფილი მინისტრი, გენპროკურორის ყოფილი მოადგილე, ”რა, სად, როდის” ყოფილი ვარსკვლავი და ბოლოს განათლების მინისტრი, ნიკა გვარამია სასწავლებლად უცხოეთში გაემგზავრა. განათლების ახალ მინისტრად დაინიშნა დიმიტრი შაშკინი. დაინიშნა და იმ დღის მერე განათლების სამინისტროს თანამშრომლების სახეზე ღიმილი არავის უნახავს. შაშკინი ხსნის ყველას და ხსნის ყველაფერს. სამინისტროს ფოიეში ყოფილი მინისტრების პორტრეტები რომ კიდია, მგონი იმათ ჩამოხსნასაც აპირებს.

რასაც ახლა გეტყვით, სრული სერიოზულობით მითხრა ერთმა სერიოზულმა ადამიანმა - სამინისტროს დაცვა გააფრთხილეს, რომ მინისტრს აუცილებლად ჩესტი უნდა აუღონ ხოლმე. ჩემი მხრივ დავამატებ, რომ ვაი იმას, ვისაც ჩესტის აღებისას ქუსლის ქუსლზე მირტყმა დაავიწყდება!

იმედი მაქვს, შაშკინი გამოიჩენს ჰუმანურობას, დროებით შეაჩერებინებს პრობაციონერების დასაქმებას და მათ ნაცვლად განათლების სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს დაასაქმებს.

მანანა ღურჭუმელიძემ ერთი კი წაიტირა, აფსუს, ნიკა, სად მიდიხარ, რატომ გვტოვებო... და მეცამეტე ხელფასს მიუბრუნდა. საქართველოს მანანების ერთ-ერთი ყველაზე სასიქადულო წარმომადგენლის გული გონება და სული ამჟამად მასწავლებელთა მატერიალური მდგოამრეობის გაუმჯობესებას დასტრიალებს. ისე, ჩვენში დარჩეს და, ღურჭუმელიძის ერთი თვის ხელფასი ჩვეულებრივი მასწავლებლის 13 თვის ხელფასს უდრის.
ნელ-ნელა უნდა დავასრულოთ და ამიტომ მოკლე-მოკლე ამბებით შემოვიფარგლები.

ხელოვნება - ფონდ ”იავნანას” საპირწონედ სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” დღეს საქველმოქმედო ფონდ ”ხელოვანები თანადგომისთვის” პრეზენტაცია გაიმართა. ფონდს წარმატება გარანტირებული აქვს, რადგან მისი სამეურვეო საბჭოს წევრია დიდი ქართველი მომღერალი და მანდილის ტარების ცნობილი ოსტატი ნინა წკრიალაშვილი.

ეკონომიკა - ზურაბ ნოღაიდელის განცხდებით, ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკას კატასტროფისკენ მიაქანებს.

ენერგეტიკა - გასულ კვირაში 15 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც გორის რაიონის სოფელ საქაშეთის საჯარო სკოლას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ტერიტორიული მთლიანობა - ევროკომისიის წარმომადგენლობამ ახალგორის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს უყიდეს პრინტერი, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ევროპა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საერთაშორისო ურთიერთობები - გრიგოლ ვაშაძე ვატიკანს ეწვია. არსებული ინფორმაციით, ვაშაძე ვატიკანის მოქალაქეობას ითხოვს. სპეციალისტების თქმით, ამას პასპორტოფილია ეწოდება.

საცირკო ხელოვნება - პარტიამ ”ნეიტრალური საქართველო” ვალერი კვრაცხელიას კანდიდატურა დაასახელა და, შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

პარტიული ცხოვრება - მიხეილ სააკაშვილმა და გიორგი თარგამაძემ ევროპის სახალხო პარტიის კონგრესში მიიღეს მონაწილეობა. შევარდნაძის შვილობილი ამომრჩევლებმა დააფინანსეს, აბაშიძის შვილობილი - მეგობრებმა.

ტურიზმი – კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ზოგი ჭირი მარგებელია. პრეზიდენტის განცხადებით, ომის შემდეგ საქართველოში ტურისტების რაოდენობამ მოიმატა და ის კიდევ უფრო გაიზრდება. მისი თქმით, ომამდე ბათუმში 500 ათასამდე ტურისტი იმყოფებოდა, ხოლო წელს ეს რიცხვი 600 ათასამდე გაიზრდება. სპეციალისტების შეფასებით, ერთი-ორი ომი, ამდენივე კატასტროფული მარცხი, კიდევ უფრო მეტი ტერიტორიების დაკარგვა და ტურისტების რაოდენობა 3 მილიონს გადააჭარბებს.

როკენროლი და ინვესტიციები - თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის პირველ სართულზე ამერიკული რესტორანი ”ელვის ამერიკან დაინერი” ოფიციალურად გაიხსნა. როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, რესტორნის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ელვის პრესლის პოპულარიზაციისთვისაც.

სკანდალი - ედპ-ს სანდომიანი ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, მათ თავიანთი ამჟამინდელი ოფისი “სისხლითა და ოფლით წაართვეს კომკავშირელებს” და არავის საჩუქარი არ არის. ქარდავამ ქალაქ თბილისის მერიის იმდროინდელი განკარგულების ასლი წარმოადგინა, რის საფუძველზეც მათ ოფისის ფლობისა და სარგებლობის უფლება მიეცათ. განკარგულებას ხელს აწერს თბილისის იმდროინდელი მერი ნიკო ლეკიშვილი. ანუ, კომკავშირლებს წაართვეს, ყოფილმა რაიკომის მდივანმა კი, დაუკანონათ.

მასმედია - ”სიმართლის დროში” ირინა სარიშვილი სერიოზულად დააგოიმეს. დაგოიმებული სარიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ სატელევიზიო შოუ - მის წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოიყენა.

. . . მორჩა, სულ ეგ იყო. ერთსაც ვიტყვი: აბსოლუტურად სერიოზულ მადლობას ვუხდი ლევან ვეფხვაძეს, რადგან იგი თოვლის პაპას გამოესარჩლა. ვუცქერდი სატელევიზიო სიუჟეტს, გოკა გაბაშვილს პროფილში აჩვენებდნენ, ირონიულად იღიმებოდა, ცხვირი მაგიდაზე ედო, ქვედა ტუჩი იატაკზე. მეთქი, ვიღაცას ვამგვანებ. ვის? ვის? და, გამახსენდა - ”რობინზონ კრუზოს” ილუსტრაციები. ველურები ადამიანის შესაჭმელად ემზადებიან და ცეცხლის გარშემო ასრულებენ ცეკვა ”კანიბალურს”. იმ მომენტში გოკა გაბაშვილი ერთ-ერთ მათგანს ჰგავდა, მარცხნიდან მესამეს.

დ.ხ.ზ. (დაანახეთ ხალხს ზღვა) ომარმა ზღვა პირველად ნახა და როცა იგრძნო, რა ინტერესით შევყურებდით, შეეცადა, მდგომარეობის სიმაღლეზე ყოფილიყო...

- არაფერი ისეთი არ ყოფილა... - ტუჩებმოღრეცილმა აგდებულად გადმოისროლა მან.
- მე უფრო დიდი მეგონა.
არანაკლები სისულელე იქნებოდა, რომ ზღვას გამოვქომაგებოდი და არ ვუპასუხე.
(ოთარ ჩიჯავაძე, ”თვითმკვლელები”)


[დიტო გელოვანი; ”ვერსია“; ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში]
Read more

ღია წერილი ია ანთაძეს


2009 წლის 4 დეკემბერს, სასტუმრო ”რედისონში”, ია ანთაძის ინიციატივით, ასზე მეტი ჟურნალისტი შეიკრიბა და ხელი მოეწერა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას… მაგრამ საზოგადოებას ისიც ახსოვს, რომ 2007 წლის 24 დეკემბერს, სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” ანალოგიურ დოკუმენტს 400-მდე ჟურნალისტი შეუერთდა… ოღონდ ჩვენს დოკუმენტს დეკლარაცია ერქვა. ბუნებრივია, მეც და სხვა ჩემს კოლეგებსაც უამრავი შეკითხვა გაგვიჩნდა და აქედან რამდენიმე ”facebook”-შიც გამოვაქვეყნე. ქალბატონმა იამ შეკითხვის დასმა ”დარტყმად” მიიღო, ამიტომ დასაწყისშივე მინდა ვუთხრა: ჩემო ია, მე შენ არ „გირტყამ“, არც „ქოლგით გჩხვლეტ“(როგორც შენს ბლოგერ-მეგობრებს ჰგონიათ), არც გეომები, არც მშურს შენი და არც მძულხარ… ამიტომ, როგორც კოლეგას, ღია და საჯარო დისკუსიაში გიწვევ და იმედი მაქვს, შენ… გამოცდილ პროფესიონალს, ყველა კითხვაზე არგუმენტირებული პასუხი გექნება.

ჩემო ია, ვწუხვარ, რომ ეს ვერ შენიშნე, მაგრამ მე ყოველთვის კოლეგიალობის დაცვის პრინციპით ვმოქმედებ და ”სხვის საქმეში” არ ვერევი, ანუ არ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას,- აზრი გამოვთქვა ერთი კონკრეტული, ან ათი ჟურნალისტის კერძო გადაწყვეტილებაზე. თუნდაც, ეს გადაწვეტილება ჩემთვის მიუღებელი, ან გაუგებარი იყოს… მაგრამ როცა თემა საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა, აზრის გამოთქმა აუცილებელია, ამიტომ აზრიც გამოვთქვი და, ვგონებ, კითხვებიც გასაგებად დავსვი. ამასთან, არც შეურაცხოფა მიმიყენებია ვინმესთვის… საპასუხოდ, შენ და (უფრო მეტად) შენმა მხარდამჭერებმა, შენსავე ბოლგზე რადიო „თავისუფლებაში“, ”facebook”-შიც და სხვაგანაც რამდენიმე საკითხი წამოწიეთ, რომლებსაც ვალდებული ვარ ვუპასუხო, ოღონდ… თქვენის ნებართვით, ამ კითხვებს უფრო ცივილური და ზრდილობიანი ფორმით ჩამოვაყალიბებ.

მაშ, ასე… ჩემო ია, შენი ბლოგერ-მეგობრები, რბილად და ზრდილობიანად რომ ვთქვათ, ინტერესდებიან: „საიდან მოვდივარ“. საკუთარ თავზე საუბარი უხერხულია და ასე ნამდვილად არ გიპასუხებდით, მაგრამ იმდენად შეურაცხყოფილი ვარ ტონით და ფორმით, რომ გპასუხობთ: საიდან, ჩემო უცნობო ”პატივისმცემელნო”, და 1992 წლის სამაჩაბლოდან და 1993 წლის აფხაზეთიდან, სადაც პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი… ომის შთაბეჭდილებებზე მისაუბრია, მაგრამ ხმამაღლა არასდროს მითქვამს… ახლა კი, იძულებული ვარ, გაცნობოთ, რომ აფხაზეთის ომი თავიდან ბოლომდე 40-ზე ნაკლებმა ჟურნალისტმა გამოიარა. ჭუბერის გზა, რომლის 200 კილომეტრიც ფეხით ორჯერ გავიარე, მხოლოდ 10-მა ჟურნალისტმა, ხოლო მთლიანად, აფხაზეთის ომიც და ჭუბერიც ერთად, სულ 5-მა ჟურნალისტმა იცის, რა ჯოჯოხეთი იყო… ჩემო ია, თამამად გეტყვი, რომ მსოფლიომ მხოლოდ ჩემი გადამღები ჯგუფის წყალობით ნახა და აღიქვა არა მარტო ჭუბერის ტრაგედია, არამედ შეიტყო იმ უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, რაც დევნილთა მიმართ მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. 1992-1993 წლების ომების პერიოდში ჩვენი გადამღები ჯგუფი ღიად და თამამად საუბრობდა იმაზე, ჯარისკაცებს ზურგიდან ფრონტის ხაზზე როგორ უგზავნიდნენ არა ტყვია-წამალს, არამედ კონსერვის ცარიელ ყუთებს… სამხედრო ცენზორებიც კი, რომლებიც ოფიციალურად მუშაობდნენ იმ პერიოდის ტელევიზიაში, ვერ ახერხებდნენ ჩვენი სიმართლის დაბლოკვასა და სიუჟეტების ეთერიდან მოხსნას. ახლა ხმამაღლა მინდა ვთქვა, რომ ყველა ტელევიზია, რომელიც გაჩვენებთ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომის ამსახველ კადრებს, იყენებს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გადამღები ჯგუფების ვიდეომასალას. არა 10%, ან 30%, არამედ 80% ჩემი და ჩემი მეგობრების კუთვნილი კადრებია, რომელთა გადაღებასაც საშკა იოსელიანის, გიორგი პოპიაშვილის, გრიშა დოლგოპულოვის, დათო ბოლქვაძის, გულიკო გოდოლაძის და 15-ზე მეტი ჟურნალისტის სიცოცხლე შეეწირა. თქვენ, ჩემო „იანეთელებო“, ალბათ, ვერ იხსენებთ ამ ადამიანების სახელებს და, რა თქმა უნდა, ისიც არ იცით, სამშობლოსათვის (პროფესიული მოვალეობის შესრულებისას) ვინ, სად და როგორ დაღუპა… თავს არ ვიქებ, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით: აი, აქედან მოვდივარ და ეს იცის ყველა იმ ჟურნალისტმა, ვისთან ერთადაც მიწა და ბალახიც მიჭამია, თვეების ბავშვებიც გადამირჩენია და ტყვიაც მომხვედრია…

ახლა, ჩემო ია, „იანეთელთა“ მეორე კითხვას ვპასუხობ, თუ სად ვიყავი „ვარდების

რევოლუციამდე“… სად ვიყავი და პირველ არხზე, მაგრამ უკანონობაზე თქვენზე არანაკლები

სიხშირით ვსაუბრობდით… თანაც, ღიად და პირდაპირ მთავრობასა, თუ პარლამენტში.

სპეცრეპორტაჟებს რომ ამზადებდიო?… დიახ, ვამზადებდი ჯეიჰანისა და შაჰ-დენიზის

მილსადენებზე, ვწერდი ექსკლუზიურ ინტერვიუებს ბილ ქლინტონთან, ჰანს დიტრიხ

გენშერთან, ჰავიერ სოლანასთან, შევარდნაძესთნ და სხვებთან… სხვათაშორის, თქვენი

მეგობრების… მაპატიეთ, ყოფილი მეგობრების პოლიტიკურ მამასთან, ჯორჯ სოროსთანაც,

რომლის გეგმებზეც ჯერ კიდევ 1999 წელს ვუამბე მაყურებელს… სიმართლეს პირდაპირ

შევარდნაძესაც ვეუბნებოდი და ჟვანია-სააკაშვილსაც, მაგრამ თქვენ ეს არ გახსოვთ… და აი,

რატომ: ჯერ იმიტომ, რომ თქვენთვის მე ბარიკადების სხვა მხარეს ვიდექი და ასეთი ხალხის

სიმართლეს თქვენ არ აფასებთ… მეორე იმიტომ, რომ მე სიმართლეს შევარდნაძესაც და მის

ოპონენტებსაც ვეუბნებოდი… თქვენ კი, მხოლოდ შევარდნაძეს აკრიტიკებდით, ხოლო

ჟვანია-სააკაშვილის ბოროტ სახეს სიმართლის ნიღბით ჰმოსავდით და საზოგადოება

შეცდომაში შეგყავდათ… ამიტომაც ვერასდროს დაინახავდით და ვერც გაიგებდით ჩემს

სიმართლეს… ახლა რომ რიტორიკულ შეკითხვას გვისვამ, ჩემო ია: „ვინც იცნობდით

სააკაშვილს, რატომ ვერ ხედავდით, როგორი ბრმები ვიყავით და როგორ შევქმენით “ჩვენი

სააკაშვილი”, რომელიც ისე განსხვავდება რეალურისგან, როგორც ცა-დედამიწისგანო?!“,

გპასუხობ: ვხედავდი, ”როგორი ბრმები იყავით” და კიდეც გეუბნებოდით, მაგრამ თქვენ ხომ

ჩვენ სიმართლეს არ აფასებთ, არ გესმით და ვერ გულისხმა-ჰყოფთ? ბოლო-ბოლო

შევარდნაძის მეხოტბეებმაც და ჟვანია-სააკაშვილის „ფანებმაც“ სკანდალური ჟურნალისტის

იარლიყი „მომაკერეს“… ასე აღმოვჩნდი ეკონომიკურ გადაცემაში, რომელიც, სხვათა შორის,

არაფრით ჩამოუვარდებოდა ”დიდი“ აკაკი გოგიჩაიშვილის ბიზნეს-პროექტს.

ზოგიერთი შენი მხარდამჭერი, ოდნავ განსხვავებულ კონტექტში მისვამს კითხვას: ვარდების რევოლუციისას სად იყავიო? სად ვიყავი და ხმამაღლა გეუბნებოდით: სიკეთის ნიღაბით შემოსილი ბოროტება მოდის-თქო… სად ვიყავი და ტელევიზიის წინ ვიდექი და თქვენს ყოფილ მეგობრებს ვეჭიდავებოდი, როდესაც შენობას იღებდნენ. ზუსტად ამ დროს, ქალბატონი ია, როგორც თავად წერს ”მიტინგურად” იქცეოდა და ამ ”მიტინგურ” საქციელს ასე აღწერს: ”ავტობუსზე ავძვერი და ვაფრიალებდი წინა, სამფეროვან დროშას…”, ხოლო, როცა რევოლუციონერები პარლამენტში შეიჭრნენ, ია თავის შთაბეჭდილებებს ასე გადმოგვცემს: ”როცა მართლა ვარდებით ხელში შეიჭრნენ რეზიდენციაში და შევარდნაძეს ჩაი სააკაშვილმა დალია, მე ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი. მივხვდი, რომ დამთავრდა საშინელი განუკითხაობა, მე მაშინ მეგონა განათდა მეთქი, გულწრფელად მეგონა, რომ ნოემბრის ის ცივი დღე, მეოცე საუკუნის საქართველოს ყველაზე ნათელი და თბილი დღე უნდა ყოფილიყო“, მაგრამ გავიდა წლები და ახლა, ამ მოვლენების შესახებ, ია განსხვავებულ სტილში გვიყვება: ”სულაც არ გამხარებია “ბატო ედუარდის” გადადგომა. რა ძალაც მოდიოდა და რა ნაყოფსაც შობდა, ალბათ გული მიგრძნობდა. არც წასვლა გამიხარდა და მოსულმაც უარეს საგონებელში ჩამაგდო. ბოროტი გმირის ამბავი გამახსენდა”. ჩემო ია, სხვა არაგულწრფელობას დაგაბრალებდა… მე კი, დარწმუნებული ვარ: ახლა შენ მართლა გულწრფელად გჯერა, რომ მაშინ ”გული გიგრძნობდა”, თუ ”რა ძალა მოდიოდა და რა ნაყოფსაც შობდა”, მაგრამ, სამწუხაროდ, თავს იტყუებ: სინამდვილეში, მაშინ შენ გულწრფელად ”ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყავი”. გავბედავ და პირდაპირ გეტყვი, ჩემო ია: ადამიანი ზოგჯერ აზრითაც ცდება, სიტყვითაც და საქმითაც, გარკვეული დროის შემდეგ თავის შეცდომას აცნობიერებს, მაგრამ ამის მერე თავი კი არ უნდა დაირწმუნოს, რომ… თურმე, არც შემცდარა და ”არც წასვლა გახარებია და მოსულმაც უარეს საგონებელში ჩააგდო”… ამიტომ, მომიტევე, მაგრამ ვალდებული ვარ, ასეთი რჩევა მოგცე: გულს მიხედე, უფრო სწორედ კი,- გულისხმის-ჰყოფას.

ერთ-ერთი შენი ”ფანი” მეკითხება: მიტინგებზე კი გხედავთ, მაგრამ ამ ბოლო წლებში, როგორც ჟურნალისტმა, რა გააკეთეო?… რა გავაკეთე და თქვენი ყოფილი მეგობრები: ლევან რამიშვილი, გიგა ბოკერია, ნოდარ ლადარია, თამარ კინწურაშვილი და კიდევ 7 კაცი საჯაროდ ვამხილე, როდესაც მათ დედა-ეკლესიასთან ბრძოლის სამგვერდიანი, საიდუმლო გეგმა შეიმუშავეს, ამისათვის ”გიჟად” შემრაცხეს: ხმამაღლა- ლევან რამიშვილმა და თამარ კინწურაშვილმა, რადგან ვძულდი… ხმადაბლა- გიორგი თარგამაძემ, რადგან გონუკეთურია, ზურგსუკან- ნინო ზურიაშვილმა, რადგან შურდა და… ჩურჩულით- შენ, ჩემო ია, და შენმა „ხუთეულმა“, რადგან… გულისხმის-ჰყოფა გაკლიათ. კიდევ რას ვაკეთებდი? რას ვაკეთებდი და ჟურნალისტთა კავშირ ”ობიექტივის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი. მართალია, შენ, ჩემო ია, გგონია, რომ მე ”სტუდია ”ობიექტივი” წამართვეს, მაგრამ ”სტუდია ”ობიექტივთან” შეხება არასდროს მქონია. აი, ტელეკომპანია ”ობიექტივს” კი, ნამდვილად ჩამოართვეს მაუწყებლობის უფლება, რასაც უკვე მეხუთე წელია ვასაჩივრებთ. რადგან ეს არ იცი, ისიც არ გეცოდინება, რომ ბოლო წლების ერთი-ერთი ყველაზე მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიება, 40-მდე ტელეარხის წართმევის შესახებ, ჩვენმა კავშირმა აწარმოა და რომ გამოძიების მასალები სრულად დაადასტურა ”Human Rights Watch”-მა და, შესაბამისად, ყურს როგორ მოკრავდი, რომ ამ გამოძიებაზე დაყრდნობით, ბევრმა ჩვენმა კოლეგამ სტატია, სიუჟეტი და ფილმიც მოამზადა… აი, ამას ვაკეთებდი და კიდევ, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ჩემი გადაღებული 5 ფილმი: ”ვარდების რევოლუცია”, ”დემოკრატიის გისოსები”, ”დემოკრატიის გისოსები II”, ”ჩიხი” და ”ჩიხი II” გაზეთებმა პრაქტიკულად სიტყვა-სიტყვით დაბეჭდეს (სცენარის სრული ვარიანტი!)… აი, ამას რომ ვაკეთებდი, შენ რას აკეთებდი, ჩემო ია? თავად ასე აღწერ, რასაც აკეთებდი: ”ერთი წლის თავზე ისევ ვამტკიცებდი, რომ საქართველო ვითარდება და რომ უნდა ვაცალოთ ამ ახლაგაზრდა დასავლეთელ ქართველებს… თუმცა აშკარად ვგრძნობდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო და თავს ვიტყუებდი”… გარდა ამისა, თურმე, ”შენს სააკაშვილს” ქმნიდი: „მეგონა სააკაშვილი, თავად ლაღი ადამიანი, ორგანულად ვერ იტანდა დამონებულ და დაშინებულ ადამიანს და თავად იქნებოდა გარანტი ადამიანის თავისუფლებისა. მეგონა ფაუსტის იდეალი “თავისუფალი ადამიანი თავისუფალ მიწაზე” ჩემს ქვეყანაში განხორციელდებოდა. სწორედ სააკაშვილის მიერ. მაშინ არ ვიცნობდი, მინდა ვკითხო იმ ხალხს, ვინც მას იცნობდა, თქვენ რამ დაგაბრმავათ? თქვენ რატომ ვერ ხედავდით როგორი ბრმები ვიყავით და როგორ შევქმენით “ჩვენი სააკაშვილი” რომელიც ისე განსხვავდება რეალურისგან როგორც ცა დედამიწისგან?!”. ჩვენ კი, ჩემო ია, ამ დროს, ხან უნივერსიტეტის და ხან პარლამენტის წინ ვმართავდით საპროტესტო აქციებს, რექტორის კაბინეტიც კი ”ავიღეთ”, მაგრამ შენ… ჩვენი სიმართლე მაშინაც არ გესმოდა, აკი გითხარი: გულისხმის-ჰყოფა გაქვს მისახედი-თქო!… ამასობაში, შენმა, იმ პერიოდში ჯერ კიდევ მეგობრებმა, 7 ნოემბრის მშვიდობიანი აქცია დაარბიეს და ხალხს საგანგებო მდგომარეობაც გამოუცხადეს, მაგრამ ნანა კაკაბაძე, მე და ჩვენი მეგობრები ამას არ შევუშინდით და 9 ნოემბერს, ნანამ თბილისში ევროპელი დისიდენტებიც ჩამოიყვანა, კონფერენციაც გავმართეთ და იმ საათებში, როცა ბევრი სდუმდა, დამნაშავე რეჟიმი მორიგჯერ ვამხილეთ… შენ კი, ალბათ, სახლში იყავი და აცნობიერებდი, რომ ”შენი სააკაშვილი – ისე განსხვავდება რეალურისგან როგორც ცა დედამიწისგან?!”…

მაგრამ ეს თუ გააცნობიერე, ჩემო ია, ისიც უნდა დაგენახა, რომ 7 ნოემბრის შემდეგ, თავისუფალი ტელევიზია საერთოდ ”მოკვდა”, შეშინებული ჟურნალისტები სახლებში გამოიკეტნენ. შენმა, უკვე ყოფილმა მეგობრებმა, ჟურნალისტიკის ანა-ბანა ფეხ-ქვეშ გათელეს და საზოგადოებას ახალი რეალობა მოახვიეს თავს. გარდა ამისა, ჩემო ია, იმასაც უნდა მიმხვდარიყავი, რომ მხოლოდ ფართო შეკრება თუ გაამხნევებდა ჩვენს კოლეგებს. აი, ამ დროს მე და ჩემმა მეგობრებმა, საერთო სულისკვეთების ასამაღლებლად, ჟურნალისტების შეკრება დავიწყეთ და 7 ნოემბრიდან ზუსტად თვენახევარში, 2007 წლის 24 დეკემბერს ”შერატონ მეტეხი პალასში” 400-ზე მეტი კოლეგა გვესტუმრა. შენც დაგპატიჟეთ, დეკლარაციასაც მოვაწერეთ ხელი. შენ კი, დეკლარაცია დაგვიწუნე და შეურაცხყოფაც მოგვაყენე: ”მხოლოდ ხუთ ჟურნალისტს ვიცნობ, ვისთანაც ერთადაც ამას ხელს მოვაწერდიო”. ახლა კი, თავს იმართლებ, თითქოს არ იცოდი, რას და რატომ ვაწერდით ხელს, ან ფორუმზე რატომ მოგიწვიეთ… მე კი, პირდაპირ გეუბნები, იმ დეკლარაციას ხელი იმიტომ არ მოაწერე, რომ ჩვენი შედგენილი იყო და არა შენი და შენი ინკოგნიტო „ხუთეულის“… დეკლარაცია იმიტომ არ აღიარე, რომ მაშინაც ბარიკადის სხვადასხვა მხარეს ვიდექით. თუმცა, პრინციპებს კი ვიზიარებო,- თქვი… დეკლარაციას იმიტომ არ შეუერთდი, რომ შენი ყოფილი მეგობრების ხორცშესხმა აღარ მოგწონდა, მაგრამ სულისკვეთებით ერთნი იყავით და ახლაც ერთნი ხართ! ხელი იმიტომ არ მოაწერე, რომ შენს გულში ახლაც ფრიალებს ვარდების რევოლუციის დროშა, ჩვენს გულებში კი, ეს დროშა არასდროს ფრიალებდა, რასაც კონკრეტული ქმედებებით ადასტურებ: თურმე, საქართველოს ჟურნალისტთა ფორუმის დახურვიდან სულ რაღაც 3-4 თვეში, უკვე დაგიწყია ჟურნალისტების ძებნა, ამაზე 20 თვე დაგიხარჯავს და აი, 2009 წლის დეკემბერში ახალი შეკრებაც ჩაატარე… ეთიკის ქარტიასაც მოაწერე ხელი! შეიძლება იკითხო: არასწორი, ან ცუდი რა არის ამ ამბავშიო?

არასწორი, ჯერ ერთი, ისაა, რომ ეს ჟურნალისტები პირადად შენ შეარჩიე… მათ უმეტესობას კარგად ვიცნობ და ,მართლაც, ქართული რეგიონული მედიის „მარგალიტები“ არიან, მაგრამ რითი ვერ გაიგეთ შენ, მიშამ, გიგამ და ძმებმან თქვენმან, რომ ჟურნალისტიკა, პოლიტიკა, ეკონომიკა, თუ ნებისმიერი სხვა სფერო ღია სივრცე უნდა იყოს და მისი პრივატიზების უფლება არავის არა აქვს!!! ჩვენს კავშირში 200-ზე მეტი წევრია, რომელს შეატყობინე და რომელი მიიწვიე ქარტიის საორგანიზაციო ჯგუფში? თურმე, არც სხვა მედია-ორგანიზაციები ჩაგირთავს საორგანიზაციო ჯგუფში. მაშინ რა სხვაობაა შენსა და მიშას შორის, თუ ისიც თავად შეარჩევს ყველა დეპუტატს და შენც თვითონ შეარჩევ ყველა მედია- ”მარგალიტს”? აკი, გითხარი,- სულისკვეთებით ერთნი ხართ-თქო. მიშასაც საქართველო ”მიშეთი” ჰგონია და შენც, მსგავსად სააკაშვილისა, ვირტუალური ”იანეთი” შექმენი…

მეორეც, ცუდი ისაა, რომ 100-ზე ცოტა მეტი ჟურნალისტის თვითრეგულირების მიზნით შექმნილ ორგანოს მედია-საბჭოს უწოდებ. მართალია, ამბობ: ეს მედია-საბჭო მხოლოდ ჩვენს ქარტიაზე ხელმომწერი ჟურნალისტების თვითრეგულირებას შეუწყობს ხელსო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თქვენს ქარტიას ”საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია” ჰქვია, ამ სახელწოდებას საზოგადოება ცალსახად შეცდომაში შეჰყავს. იცი, ჩემო ია, მახსენდება ”8-07” ბაზარზე შემოსვლის ისტორია, რომელსაც, წესით, საზოგადოებისათვის უნდა ეთქვა: აქამდე მხოლოდ ”8-10” გემსახურებოდათ და ახლა ჩვენც ვართ და ჩვენი ფასები ნახეთ, უკეთესიაო. ამის ნაცვლად, საზოგადოებას არწმუნებდა, აქამდე ”8-10”-ის სერვისით რომ სარგებლობდით, ახლა ”8-07” უნდა დარეკოთო.

მესამე, რაც არასწორიცაა და ცუდიც, ისაა, რომ მედია-საბჭოს წევრად, ანუ ნამდვილ მედია- მარგალიტებში ცრუ- ალმასად ნინო ზურიაშვილს ირჩევ… 2001 წლის 1 აპრილს ნაჩვენები ცნობილი სიუჟეტის ავტორს… იმ სიუჟეტის ავტორს, რომელმაც უდანაშაულო ვალერი ასათიანი მორალურად გაანადგურა, ხოლო მისი ავადმყოფი ვაჟი ფიზიკურად მოკლა… ახლა, 8 წლის შემდეგ გამომძიებელი-ჟურნალისტი ზურიაშვილი შეცდომას აღიარებს, სინანული კი, აშკარად არ აქვს, მაგრამ განა მისი აღიარება ვალერი ასათიანს შვილს გაუცოცხლებს?… ნინო ზურიაშვილის ნამოქმედარი უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე უნდა იხილებოდეს, როგორც ჟურნალისტური დანაშაულის მაგალითი… როგორც ცოცხალი თვალსაჩინოება იმისა, როგორი არ უნდა იყოს ჟურნალისტი… შენ კი, ზურიაშვილი მარგალიტებში ალმასი გგონია… ისევე როგორც მიშა გეგონა ”გარანტი ადამიანის თავისუფლებისა”! მაგრამ მარტო შენთვის რომ გეგონოს, რა უჭირს. ზურიაშვილის მედია-ალმასობაში კოლეგებსა და საზოგადოებასაც რომ არწმუნებ, ესაა უბედურება…

ახლა კი, მოისმინე ჩემი კითხვები შენდამი. აღმოჩენა არაა, რომ „თავისუფლების ინსტიტუტი“: თუთბერიძეები, რამიშვილები და ძმანი მათნი, დღეს მარგინალებად იქცნენ და საზოგადოების ნდობით აღარ სარგებლობენ, პირიქით… მათდამი მხოლოდ ზიზღი და აგრესიაა… არც ისაა საიდუმლო, რომ სოროსი და ძმანი მისნი, ანუ ის ხალხი, რომელიც „თავისუფლების ინსტიტუტის“ უკან დგას, ახალი ორგანიზაციების შექმნას გეგმავს, რათა ქართული საზოგადოება კვლავ დააბრმავონ და სიბოროტე კვლავ შემოსონ სიკეთის ნიღბით. ჩემო ია, პირდაპირ გეკითხები: არის, თუ არა ალბათობა, რომ შენი ინიციატივით შექმნილი მედია-ორგანიზაციის უკან სწორედ ეს ხალხი აღმოჩნდეს? იქნებ უკვე დგანან კიდეც და თავად არაფერი უწყი ამის შესახებ? ნათელია, რომ თუ ფარული გეგმა არსებობს, ქარტიას მიერთებული ჟურნალისტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ამის თაობაზე არაფერი იცის… სწორედ მათ მინდა მივმართო: ჩემო დანო და ძმანო, ამ ექვსი წლის მანძილზე, ჟურნალიტთა კავშირმა ”ობიექტივი” უამრავი ფილმი გადაიღო, უამრავი გამოძიება ჩაატარა, შექმნა გადაცემათა ციკლი, ხორცი შეასხა ”ქუჩის ტელევიზიას”, მაგრამ არასოდეს არ მიუღია უცხოური გრანტი. იცოდეთ, რომ ქართულ საქმეს არც დასავლეთი აფინანსებს და არც რუსეთი. მოკლედ, რაც უნდა იყოს, ერთი რამ ცხადია, ჩემო ია: 100-ზე მეტი ჟურნალისტი თავად იმიტომ შეარჩიე, რომ განსხვავებულად მოაზროვნენი არ მოხვედრილიყვნენ „შენს ჩაკეტილ წრეში“ და ზედმეტი კითხვები არ დაესვათ… შენი გაგებით, ნეიტრალური, 100- ზე მეტი არ აღმოჩნდა… აკი გითხარი, მედია- სივრცე საპრივატიზაციო სფერო გგონია-თქო… ზურიაშვილი კი, იმიტომ წაახალისე, რომ „ვარდების რევოლუციის“ სულისკვეთებაც და, ხაზს ვუსვამ, ხორცშესხმაც მის გონშიცაა და გულშიც. თუ ეს მიამიტობით მოგივიდა, მაშინ ვალდებული ვარ გითხრა: ჩემო ია, თავსაც მორიგჯერ იტყუებ და საზოგადოებაც მორიგჯერ შეგყავს შეცდომაში!


ტელეჟურნალისტი ირმა ინაშვილი.
2009 წლის 10 დეკემბერი. თბილისი.
Read more

500 "ღორის გრიპით” დაავაებული


ღორის გრიპის ვირუსის სიმპტომებით იაშვილის სახელობის კლინიკაში პაციანტების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაწესდებულებას 42-მა პაციენტმა მიმართა, მათგან ათს გრიპის კლინიკური ნიშნები დაუდასტურდა. ამჟამად, იაშვილის სახელობის კლინიკაში 32 ბავშვი წევს, აქედან 22-ს ტამიფლუთი მკურნალობენ. ლაბორატიულად კლინიკაში დადასტურებულია ღორის გრიპის 13 შემთხვევა, ხოლო დანარჩენ 19-ს მკვეთრად გამოხატული ნიშნები აქვს. H1N1 ვირუსით დაავადებულთა დადასტურებული რაოდენობა კიდევ 20-ით გაიზარდა. ამჟამად ე.წ. ღორის გრიპით სულ დაახლოებით 500 ადამიანია დაინფიცირებული.

[factnews.ge]
Read more

სოფლის შენებას რა უნდა


ოპოზიცია ამბობს რომ ხელისუფლებას რამდენჯერმე წამოცდა და ისიც საპარლამენტო დებატებზე, პარლამენტის ახალი შენობა რომლის აშენებაც ქუთაისში იგეგმება ქვეყანას 60 მილიონი ლარი დაუჯდება.მთავრობა აღნიშნულ ინფორმაციას ჯერ ჯერობით არ ადასტურებს, უმრავლესობაში ამბობენ, რომ თანხას ითვლიან. ბობოხიძის სპეც პროექტი და პრეზიდენტის თანხმობა. თბილისსა და ქუთაისში გადანაწილებული პარლამენტარები და დავით ზურაბიშვილის შეკითხვა იდეის ავტორებს. ნახეთ თბილისის განტვირთვის სამთავრობო გეგმა ნინი საყვარელიძის სიუჟეტში. [video]

[itv.ge]
Read more

დაცული ვართ თუ არა?!


ცხინვალის აღმოსავლეთით მდებარე სოფელი ფრისი კოკითის შეიარაღებული ძალების მიერ პრაქტიკულად სათავდაცვო ნაგებობად არის გადაქცეული. ეს სოფელი, ერთის მხრივ, ცხინვალს იცავს, მეორეს მხრივ კი, დიდი და პატარა ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებს აკონტროლებს. სოფელ ფრისის მთაზე მე-12 საუკუნის ქართულ ციხეში განლაგებულია ოსი სეპარატისტების არტილერიის დიდი ნაწილი.

ოსი სეპარატისტების სამხედრო პოტენციალი მთლიანად რუსული ფულით და შეირაღებით სულდგმულობს. ბარაკ ობამას არაერთი დამაიმედებელი გამოსვლის მიუხედავად, რუსული შეიაღაღებული ძალები განაგრძობენ როკის გვირაბიდან შეუზღუდავ გადმოსვლას და ჯავის რაიონში იკავებენ პოზიციებს. რუსეთი ერთის მხრივ, ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდასა და უფლებების გაფართოებას ცდილობს. თუმცა, უკვე გამოიკვეთა რუსული სტრატეგიის ყველაზე მზაკვრული დეტალები.

სამაჩაბლოში ახალი ომის დაწყების შემთხვევაში, ქართული მშვიდობიანი მოსახლეობის რეგიონიდან და არა მხოლოდ კონფლიქტური რეგიონიდან ევაკუაციისათვის, როგორც ჩანს ამჯერადაც არ ვემზადებით. ჩეჩნეთის ომში პირველი კომპანიის დროს იმდენად ჰქონდათ ჩეჩნებს მიწისქვეშა, თუ მიწისზედა კომუნიკაციები, რომ ფედერალურ ჯარებს უძნელდებოდათ საომარი მოქმედებების განხორციელება. სულ სხვა მდგომარეობაა საქართველოში.

სხვა არის საომარი მოქმედება. აქ შესაძლოა იყოს გარკვეული დრო ხალხის თანდათანობითი ევაკუაციისთვის. მაგრამ არის ისეთი გეგმაც, რომლის მიხედვითაც თბილისი ორ-სამ დღეში უნდა დაიცალოს. ამის ტექნიკური საშუალება არსებობს, მაგრამ ამის გამოყენების მექანიზმები არ არის.

ომის დროს ცენტრალურ გზაზე არცერთი საკუთარი მანქანა არ უნდა გავიდეს მარტო მძღოლით. მას ოთხი კაცი უნდა ეჯდეს. უნდა იყოს გადაადგილების საშვი, ყველაფერი უნდა იყოს რეგისტრირებული.

საევაკუაციო გეგმები მზადდება ორი მიმართულებით: სტიქიები და საომარი ვითარებები. საბჭოთა კავშირის დროს აქცენტი კეთდებოდა ბირთვული ომის პირობებში გასატარებელ უსაფრთხოების ღონისძიებებზე. დღეს სხვა სიტუაციაა, მაგრამ საევაკუაციო ღონისძიებების წინასწარ დაგეგმვაზე უარი რომ ითქვას, ეს სწორი არ იქნება.

საომარ მოქმედების ზონიდან ხალხის გახიზვნა აუცილებელია. სოხუმსა და გაგრაში მშვიდობიან მოსახლეობას რა უნდოდა? ხალხი რომ გამოეყვანათ, ამხელა მსხვერპლი ხომ არ იქნებოდა? აქ დამოკიდებულია ყველაფერი ადგილობრივი ხელისუფლების გონივრულ მოქმედებაზე. სოფელს მტერი თუ მოადგა, სოფელი უნდა გაიხიზნოს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად აღმოცენდა სხვადასხვა კონფლიქტები, ანუ, ომის საშიშროება დღესაც არსებობს. ჩვენ გვაქვს უმძიმესი გამოცდილება სამაჩაბლოსა და აფხაზეთთან დაკავშირებით, სადაც საევაკუაციო ღონისძიებები არასწორად იქნა გატარებული და ეს საშინელი შედეგებით დასრულდა.

სტიქიის დროს, თუ საომარ ვითარებაში, როცა მოსახლეობას საფრთხე ექმნება, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს მისი გამოყვანა საშიში ზონიდან. ეს კი, წინასწარ შემუშავებული გეგმების არსებობის გარეშე ვერ განხორციელდება. ამისთვის არსებობს სამსახური, რომელსაც ეწოდება საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის სისტემის მთავარი სამმართველო. მოგეხსენებათ, პანიკაში ჩავარდნილი ადამიანების ორგანიზებული მართვა ძალიან ძნელია.

გარდა ამისა, არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანის სიცოცხლე ერთ საათზე და ერთ წუთზეა დამოკიდებული. კარგი მაშველი ამ შემთხვევაში საკმარისი არ არის. საგანგებო ვითარებაში მოქმედებას წინასწარი დაგეგმარება და მომზადება სჭირდება.

კოტე ფირალაშვილი, მაიორი:”ადამიანმა უნდა იცოდეს, სად წავა საშიშროების არსებობის შემთხვევაში. წინასწარ უნდა გაეცნოს იმ ზონას, სადაც მიდის, იმ სახლს, სადაც მოუწევს ცხოვრება. ეს არის კომპლექსური ღონისძიება, თუ როგორ უნდა მიიღოს, ვთქვათ რეგიონმა ქალაქიდან გამოქცეული მოსახლეობა, როგორ უნდა მოხდეს მათი ტრანსპორტით თუ საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა. ამისათვის მთელი ინფრასტრუქტურის არსებობაა საჭირო. გზაში ადამიანს წყალი სჭირდება, საკვები, მედიკამენტები, სამედიცინო პუნქტები. ეს ყველაფერი დაგეგმილია. გვაქვს მარშრუტები - საიდან ხდება ევაკუაცია, სად შესვენების ადგილია, სად - წყლით მომარაგება, ზამთრის პირობებში სხვა მოთხოვნილებებია, ზაფხულში - სხვა. ეს არის, ასე ვთქვათ, დიდი, კომპლექსური ღონისძიება”.

რაკი ასეთ არეულ რეგიონში ცხოვრობ, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ქვეყანა გადადის მშვიდობიანი პერიოდიდან საომარ პერიოდში. ამ დროოს ტარდება გრძელვადიანი ღონისძიებების სერია, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. ამ დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მოსახლეობის გაყვანა დიდი ქალაქებიდან. საევაკუაციო ღონისძიებები ხორციელდება იმისდა მიხედვით, თუ როგორია მოწინააღმდეგის გეგმები, თუ ხდება მისი გააქტიურება რომელიმე მიმართულებით. ანუ ამას განსაზღვრავს ომის მთელი დინამიკა. როდესაც რეალური საშიშროება იქმნება ამოქმედდება ექსტრემალური გარემოებებისთვის მომზადებული გეგმები, რომელიც ყველა ცივილიზებურ სახელმწიფოს გააჩნია.

ასეთი გეგმები წესით უნდა ჰქონდეს საქართველოსაც, მაგრამ ამ სფეროში პრობლემები ნამდვილად დიდია.

კოტე ფირალაშვილი: ”ევაკუაციისთვის პირველი პრობლემა ის გახლავთ, რომ საქართველოს სოფლები, სადაც ხალხი უნდა გაიხიზნოს, ინფრასტრუქტურის მხრივ ფაქტობრივად მოშლილია უზრუნველყოფისთვის. მარტო პური რომ ავიღოთ, პურის საცხობებიც არ არის საჭირო რაოდენობის. კახეთის რეგიონისთვის ეს უფრო ადვილია, რადგან ყველას აქვს თონე. მაგრამ ამ საკითხების ასე მარტივად გადაწყვეტა არ შეიძლება. საჭიროა ხალხის უზრუნველყოფა ყველა საჭიროების მიხედვით. ამისათვის საჭიროა შესაბამისი ქსელი, წარმოება-დაწესებულებების მუშაობა, ამას შესაბამისი მუშა-ხელის შემოყვანა სჭირდება. ენერგომომარაგება და ა. შ”.

ეს პრობლემატური საკითხები მეტყველებს ქვეყნის სიძლიერეზე. სახელმწიფო ძლიერია, როცა მას შეუძლია, თავისი მოსახლეობის დაცვა ყველა პირობებში.

[ლევან სეფისკვერაძე, presa.ge]
Read more

პრემიერა "გოგონა სლაიდიდან" [video]

Read more

"ღია გაკვეთილები ხელისუფლებისთვის"


თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველოს“ წევრებმა ზუგდიდში საპროტესტო აქცია განაახლეს. ქალაქის ცენტრში, რაიონის გამგეობის შენობის წინ საკანი კვლავ გამოჩნდა. პროტესტი, რომელიც 6 თვე მიმდინარეობდა, შიმშილობის აქციაში გადაიზარდა.

“დაიცავი საქართველოს“ წევრებმა პროტესტის გამოხატვის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც ხელისუფლებამ მათი ერთადერთი მოთხოვნა-დაგეგმილი შეხვედრის გამართვის მიზნით ქალაქის ცენტრში არსებული ერთერთი დარბაზის გამოყოფა არ დააკმაყოფილა.

დაგეგმილი შეხვედრა კი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას უკავშირდება, რომელიც მოძრაობის წევრებს ზუგდიდის საზოგადოებასთან ერთად უნდა გაემართათ.

“დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა მიქაია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მათი მოთხოვნები ჯიუტად მაშინ არ შეასრულა, როცა ამის აუცილებლობა არ არსებობდა. ხელისუფლების მიმართ წაყენებული ორდღიანი ულტიმატუმის ვადაც ამოიწურა.

კახა მიქაია: “ყველანაირად ვეცადეთ, რომ შიმშილობა არ დაგვეწყო, მაგრამ ხელისუფლებამ სხვა გზა არ დაგვიტოვა. როცა „დაგვითმეს“ ენგურქარალდკომბინატის კულტურის სახლი, უარი ვუთხარით, რადგან იქ ოპოზიციას იმიტომ “ეპატიჟებიან“, რომ შენობა ავარიულია, არც ელექტროგაყვანილობაა. ქალაქის ცენტრში მდებარე დარბაზები კი თითქოს დაკავებულია, არადა ჩვენთვის კარგად არის ცნობილი რომ გუბერნატორმა გოროზიამ და გამგებელმა ქობალიამ უარზე პირდაპირი მითითება გასცეს“.

“დაიცავი საქართველოს“ წევრები შეხვედრაზე ხელისუფლებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიწვევასაც გეგმავდნენ, სადაც როგორც კახა მიქაია ამბობს: “გვინდოდა მეცადინეობა და წვრთნა ჩაგვეტარებინა მათთვის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებათა დაცვაში... ისინი არანაირ კონტაქტზე არ წამოვიდნენ და ჩვენ იძულებული ვართ ღია გაკვეთილები საჯაროდ ჩავუტაროთ“.

კახა მიქაიასთან ერთად “დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთმი წევრი, დათო სორდიაც შიმშილობს.

შიმშილობის აქციასთან დაკავშირებით რაიონის გამგეობაში კომენტარს არ აკეთებენ. როგორც “პრესა.გე“-მ გაარკვია გამგებელი ალექსანდრე ქობალია “ადგილზე“ არ იმყოფება. ის კი, ვინც იმყოფებოდა, მისი მოადგილე დარეჯან გაბედავა, ირწმუნებოდა, რომ “დაიცავი საქართველო“ განცხადებაზე პასუხსაც მიიღებდა და საკანსაც აიღებდა.

გაბედავასგან განსხვავებით, აიღებენ თუ არა საკანს და გაგრძელდება თუ არა ხანგრძლივად საპროტესტო აქცია, ჯერჯერობით უცნობია ლევან გაჩეჩილაძისთვის. “დაიცავი საქართველოს“ ლიდერი ზუგდიდის აქციას სიმბოლურად მიიჩნევს.

ლევან გაჩეჩილაძე: “მაშინ, როცა ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები სრულიად იგნორირებულია, ზუგდიდის აქციას სიმბოლური დატვირთვაც აქვს. მე და კახას გვქონდა შეთანხმება იმაზე, რომ ეს დღე საზოგადოებასთან შეხვედრით აღგვენიშნა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ხელისუფლებამ არცერთი დარბაზი არ დაგვითმო, როცა ისინი რეალურად ცარიელია და იმ დღეს იქ არანაირი ღონისძიება არ ტარდება.

ეს იქნება დროებითი აქცია, მაგრამ უფლებათა დაცვის დღეს უკვე ამ ფორმით შევხვდებით. ახლა ვერ გეტყვით რა იქნება შემდეგ, მაგრამ 10 დეკემბერს მოსიმსილეებთან ჩასვლას ვგეგმავ და სხვა დეტალებს კახა მიქაიასთან ერთად გავარკვევთ“.

[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი presa.ge]
Read more

11 – 12 წლის ბავშვები გააუპატიურეს


ქვეყანა, სადაც ნახევარზე მეტი უკიდურესად ღარიბია, შემდგარი ქვეყანა არაა. არშემდგარი ქვეყნის შვილებისთვის კი არც წაგებული ომია უცხო, არც - ამ ომების აღსანიშნავი წლისთავების ზეიმი და არც - ქუჩის გამენები.

ისეთი პატარა ქალაქისათვის, როგორიც ლანჩხუთია, ქუჩის ბავშვების, ანუ ე.წ. გამენების არსებობა აშკარად თვალშისაცემია. აქ ისინი ისე მრავლად არ არიან, როგორც - დედაქალაქში, მაგრამ ლანჩხუთისთვის მაინც ბევრია...

...მას ხშირად ხედავენ ქუჩაში მოხეტიალეს, დიდი, შავი თვალებით ყველას და ყველაფერს აკვირდება და არაფერი რჩება თვლათახედვის მიღმა.

იყო დრო, სკოლაშიც დადიოდა და სწავლობდა...

წლების წინ, ლანჩხუთში სკოლა-ინტერნატი არსებობდა, სადაც 70-მდე მოსწავლე სწავლობდა. სასწავლებელს იმის პირობებიც ჰქონდა, რომ უკიდურესად ღარიბი ოჯახის შვილებს ან ცენტრს დაშორებული სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს სასწავლებელში ღამე გაეთიათ.

დღეში სამჯერადი სრულფასოვანი კვება, ღამის გასათევი პანსიონი, მოსიყვარულე მასწავლებლები, ყველანაირი დახმარება ნებისმიერი ადამიანისაგან, - აი, ის, რასაც სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელები ყოველდღიურად იღებდნენ ძველი შენობის კედლებში.

სკოლას ეხმარეობოდა ყველა, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა, ეხმარებოდა ყველაფრით, რითაც შეეძლო. ასე რომ, არ აკლდათ არც ახალი, თანამედროვე ლიტერატურა, არც - წყალი, არც - გათბობა, არც - პირადი ჰიგიენის საგნები...

სკოლა-ინტერნატის მოსწავლეები სასწავლებელში თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობდნენ და უფრო უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ მშობლები, რომლებსაც იმაზე ფიქრით არ უთენ-უღამდებოდათ, თუ რა საშუალებით ეყიდათ წიგნები, ფეხსაცმელი.

ჩვენი წერილის პატარა გმირი ვაჟკაციც ამ სკოლაში სწავლობდა. ისიც, სხვებივით, სიხარულით მიდიოდა სასწავლებელში და არ ჰქონდა იმის პრობლემა, რა ჩაეცვა, რითი ესწავლა... რადგან მასზე სკოლა-ინტერნატის კოლექტივი ზრუნავდა.

ბიჭს დედა და პატარა ძმა ჰყავს. ჩვენს გმირს ძალიან უყვარდა სკოლის ახალგაზრდა დირექტორი, ნინო ძიძიგური და ეს სიყვარული დღემდე მოჰყვება. მერე, იმასაც მოგიყვებით, რა მოიმოქმედა ამ პატარა ონავარმა დირექტორის ქორწილის დღეს. მანამდე კი ჩვენი გმირის სევდიანი ისტორია უნდა გიამბოთ.

გავიდა დრო და, რეფორმატულმა ხელისუფლებამ განათლების სისტემის რეფორმირების შემდეგ, გადაწყვიტა, რომ სკოლა-ინტერნატები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაეუქმებინა. ამ გადაწყეტილებას საფუძვლად დაედო ღარიბი ოჯახების შვილების ინტეგრირება ჩვეულებრივ სასწავლებლებში. თავისთავად, იმის სურვილი, რომ ყველამ თანასწორად ისწავლოს და იცხოვროს, ძალიან კარგია, მაგრამ...

მოდით, რეალობაში დავბრუნდეთ და მხოლოდ სურვილებზე ნუ ვისაუბრებთ. ლანჩხუთში სკოლა-ინტერნატის გაუქმების შემდეგ, რამდენიმე მოსწავლე თავდაპირბელად სკოლის გარეთ დარჩა. სოფლებიდან მათი გამოშვება ქალაქში ოჯახებს უჭირდათ. მეტიც, მშობლებს სასკოლო სახელმძღვანელოების, ტანსაცმლის პრობლემა გაუჩნდათ.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სასწავლებლის გაუქმების შემდეგ, შენობა უმეთვალყურეოდ დარჩა და ნელ-ნელა იძარცვება და ინგრევა. პატრონი კი არ ჩანს(?!).

არ მინდა, ეს წერილი რამდენიმე ისტორიით გადავტვირთო, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ სკოლა-ინტერნატის ორი მოსწავლე და-ძმა იმის გამო, რომ არ ჰქონდათ საცხოვრებელი და არ ჰყავდათ მარჩენალი, თვეების მანძილზე, ბებიასთან ერთად, საზოგადოებრივ საპირფარეშოში ცხოვრობდა(!).

რაც შეეხება ჩვენი წერილის გმირს. სკოლა-ინტერნატის დახურვის შემდეგ მან სწავლა ქალაქის პირველ საჯარო სკოლაში გააგრძელა. მეოთხე კლასში იყო. ჩვეულებრივად სწავლობდა, ჩვეულებრივად ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. მშობლებს ბიჭუნასი და მისი პატარა ძმის რჩენა ძალიან უჭირდათ. ბიჭი, ალბათ, გაჭირვების გამო (არ ჰქონდა ტანსაცმელი, წიგნები) სკოლას ხშირად აცდენდა. სწორედ მაშინ გახდა ქუჩის ბავშვი, ანუ გამენი და სწორედ ამ პერიოდში შეემთხვა ის, რაც მთელ მის ცხოვრებას დაღად დააჩნდება:

ერთ ღამეს, ახლობლის ქორწილიდან, მეგობრებთან ერთად, შინ ბრუნდებოდა. ლანჩხუთის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, კინო-თეატრის დანგრეულ შენობასთან მოხდა ის, რაც დღემდე აშფოთებს ლანჩხუთელებს:

ღამით, სიბნელეში, ნანგრევებთან ჩვენი გმირი და მისი მეგობრები კინაღამ (ან რეალურად) გახდნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი... და ყველაფერი თავდაყირა დადგა...

ამაზე ისინი ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, მაგრამ ეს მათი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღე იყო. ლანჩხუთი ამ ფაქტმა შეაძრწუნა და გაჩნდა უზარმაზარი თანაგრძნობა ამ პატარა გამენების მიმართ. ის განსაკუთრებით იმსახურებს ყველას სითბოს და სიყვარულსაც.

რატომ?

ის უკვე ჩამოყალიბებული მამაკაცია კაცური ბუნებითა და თვისებებით. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში ხეტიალობს, სკოლასაც ხშირად აცდენს, ის მაინც არ დაცემულა, მაინც არ დაუკარგავს მომავლის იმედი და რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ეს 10-11 წლის ბიჭი საკმაოდ კარგად დაეუფლა კომპიუტერს.

ჩვენს გამენს დედა არცთუ ისე ჯანმრთელი ჰყავს. სამწუხაროდ, ჩვენ მასთან გასაუბრება ვერ შევძელით, ამდენად, წერილის გმირთანაც საუბარი არაოფიციალურად გამოგვივიდა. მხოლოდ ერთი რამ გავიგეთ, დედას პენსია არ აქვს, რადგან სასამართლომ მას გონებრივად ჩამორჩენილობა არ დაუდგინა.

მართალია, ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს, მაგრამ ჩვენი გამენი მაინც ქუჩაშია, უმეთვალყურეოდ. რამდენიმე ხნის წინ მას შესთავაზეს, დათანხმებულიყო ბავშვთა სახლში წასვლაზე, მაგრამ...

ჯერ ერთი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დედამისი სასამართლომ ქმედუნარიანად სცნო და მას არ სურს შვილის მოშორება, თავად კი, როცა ამ საკითხზე ჩამოვუგდე სიტყვა და ვუთხარი, რომ იქ უფრო მოუვლიდნენ, უპატრონებდნენ, დანისლული, შავი თვალებით შემომხედა და ხმადაბლა მითხრა:

- დედას ვერ მივატოვებ!

ამ 11 წლის ბიჭს საკუთარი დედისა და პატარა ძმის მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. მან ზუსტად იცის, რაში და როგორ უნდა დახარჯოს ფული, რომელსაც ოჯახი სოციალური დახმარებების სახით იღებს.

იცის, როგორ უნდა მიხედოს ოჯახს, ჯანმრთელობაშერყეულ დედას (რომელიც ვიმეორებ, სასამართლომ ქმედუნარიანად სცნო) და ძამიკოს.

ერთი შევნიშნე: თუ საჭმელს შესთავაზებ, არ მინდაო, ისე გეტყვის, სიტყვას ვერ შეუბრუნებ, რადგან ხვდები, რომ შეურაცყოფას მიაყენებ მის თავმოყვარეობას, მის მამაკაცურ ბუნებას.

ისე, კომპლიმენტებსაც მართლა კაცურად გეუბნება, ღიმილით შემოგხედავს და, რა სიმპატიურად გამოიყურები დღესო...

ახლა, ზემოთ დაპირებულ, ყოფილი სკოლა-ინტერნატის ყოფილ დირექტორთან დაკავშირებულ ამბავს გავიხსენებ. როდესაც ექსდირექტორი ნინო ძიძიგური გათხოვდა, ჩვენს გმირს ძალიან გაუხარდა ეს ამბავი. ცხადია, ქორწილშიც მივიდა, ოღონდ... არა ხელცარიელი და არა - ფეხით. დაიქირავა ტაქსი, ეს კი არა, შეითანხმა, რომ მაყრადაც წაიყვანდა და საყვარელ დირექტორს საჩუქარიც კი მიართვა, თანაც საგულდაგულოდ შეფუთული.

აი, ასეთია ის, ჩვენი წერილი პატარა გმირი, რომელიც ვინ იცის, როგორი საუკეთესო მოსწავლე იქნებოდა, რომ არა ქვეყანაში არსებული პრობლემები, ის პრობლემები, რომელიც პირადად მას და მის ოჯახს შეეხო.

ყოველთვის, როდესაც ვუყურებ ან ვესაუბრები, ტერენტი გრანელის სიტყვები მახსენდება:


“თქვენ სიღარიბეს არ იცნობთ, ალბათ, რომელიც არის პატარა ჯვარცმა...”




Read more

3 წლის ბავშვი კვდება...


ბაქტერიული მენინგოკოქცემიის დიაგნოზით 3 წლის ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც "პირWელს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ შოთა ცანავამ განუცხადა, 3 წლის თბილისელი ბავშვი, რომელიც ბაქტერიული მენინგოკოქცემიის დიაგნოზით მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, შესაძლო გართულებების ასაცილებლად მოგვიანებით ინფექციურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ცანავას თქმით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი ჯანმრთელბის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
Read more

სოდ–ი და პრესი პრესაზე



სოდ-ის თანამშრომლებმა გაზეთ "ბათუმელების" ჟურნალისტს თედო ჯორბენაძეს აჩვენეს ამობეჭდილი, შავ-თეთრი ფოტოები, რომელზეც გამოსახული იყო მამაკაცები საცვლების ამარა. ამის შემდეგ ჯორბენაძეს უთხრეს, რომ ამ კადრებზე თვითონ არის გამოსახული. სპეცსამსახურის თანამშრომელმა აუხსნა თედო ჯორბენაძეს, რომ ის არის გაზეთ „ბათუმელების" რედაქტორის მოადგილე და რადგან ამ რედაქციით დაინტერესებული არიან უცხო ქვეყნების, კონკრეტულად კი რუსეთის და თურქეთის სპეცსამსახურები, მისი დახმარება, თანამშრომლობა სჭირდებათ. უარის მიღების შემდეგ თედო ჯორბენაძე გააფრთხილეს, რომ ამ კადრებს გაუგზავნიან მის ავადმყოფ მამას, თანამშრომლებს, ატვირთავენ ინტერნეტში. გააფრთხილეს, რომ ამ კადრების გავრცელების შემდეგ ის დაკარგავს სამსახურს, ან ინტერვიუს აღარავინ მისცემს.
Read more

ტელედეზინფორმაციების ნაკვალევზე


ის, რომ ჟურნალისტები ხშირ შემთხვევაში ”სცოდავენ” და საზოგადოების ”ინფორმაციულ შიმშილსა” თუ სულიერ წყურვილს ”ექსპრომტად” შექმნილი თეატრალიზებული წარმოდგენით კლავენ, სიახლე არ არის, მაგრამ იმას, რასაც სამეგრელოს ”ტელემედიაკორპუსი” ქმნის, ვერავინ შეედრება. ”მეგრული პროდუქცია” მსოფლიო ტელესივრცეში უპრცენდენტოა და ”სიტყვის თავისუფლების მაღალი ხარისხით” გამოირჩევა.

ტელედეზინფორმაციების ნაკვალევზე გუშინ საინტერესო ფაქტებს ”წავაწყდით””. ტელეკომპანია ”რუსთავი2” მთელი დღის განმავლობაში იუწყებოდა, რომ ”თავდასხმა მოხდა გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში. სამმა შეიარაღებულმა პირმა ამავე სოფლის მკვიდრი, ქართლოს გაგუა დაჭრა.

მას დაზიანებები მუცლის არეში აქვს მიყენებული. გაგუას გადმოყვანა ზუგდიდში მხოლოდ შემოვლითი გზებით მოხერხდა. ამჟამად იგი ”წმინდა ლუკას სახელობის” ჰოსპიტალში იმყოფება. დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია”.

”განსხვავებული” ინფორმაცია გაავრცელა ”ტელეიმედმაც”, სადაც დაზარალებულად, სხვა ადამიანი გამოაცხადდა. ”მორიგი თავდასხმა გალის რაიონში. უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა 35 წლის იაგო ქორთუა ცივი იარაღით დაჭრეს. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებული ამ დრომდე უგონოდ არის, ამიტომ თავდასხმის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მიზეზების დადგენა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ოჯახის წევრებმა ქორთუა უკვე გადაიყვანეს ზუგდიდის საავადმყოფოში, სადაც დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა”.

კორესპონდენტებს ფაქტის ”დასამტკიცებლად” ექიმის ინტერვიუც არ გამორჩენიათ. ქირურგი პაატა ადამია აცხადებდა, რომ დაზარალებულს მუცლის ღრუში შემღწევი ჭრილობა აღენიშნებოდა, რასაც სწორი ნაწლავისა და ღვიძლის დაზიანება მოჰყვა. ავადმყოფის მდგომარეობა მძიმედ შეფასდა.

”პრესა.გე”-მ ვერ დაადგინა, თუ რა წყაროზე დაყრდნობით მოხდა ინფორმაციის მოპოვება. თუ გაგუა უგონო მდგომარეობაში იყო და ამიტომაც თავდასხმის მიზეზები გაურკვეველი იყო, რაღა მაინცდამაინც ჭუბურხინჯში უნდა დაეჭრათ.

თუმცა ”ნიუსი” სხვაგვარად როგორ უნდა გამოსულიყო. მითუმეტეს ცხელ წერტილში ჟურნალისტური ”სტრატეგია”ერთი მიზნისკენაა მიმართული-კონფლიქტის ზონაში თავს ესხმიან ქართულ მოსახლეობას... საზიზღარი რუსები და აფხაზები...

თავდასხმიდან მეორე დღეს ”პრესა.გე”-მ დაზარალებულ ქორთუას საავადმყოფოში მიაკითხა. დაჭრილი პალატაში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ”ყველა არხი ამას აცხადებდა მთელი დღე, თითქოს ამის მეტი არაფერი მომხდარიყოს. შემოცვენილან აქ კამერებით და გადაუღიათ გათიშული კაცი... არ არის საჭირო ამდენი ჟურნალისტი და გადაღება, შეგვეშვით!” - უკმაყოფილო ტონით განაცხადა გაგუას მეუღლემ.

ინტერვიუზუ უარს ამბობდა დაზარალებულიც: ”გამომძიებელი მოვიდა, ვუპასუხე, თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს...ცუდად ვარ”.

თუმცა გაგუა ”პრესა.გე”-ს მიერ დასმული ერთი კითხვის შემდეგ ”გამოცოცხლდა” - ”მართალია, რომ ჭუბურხინჯში კი არა ზუგდიდში ნათესავმა დაგჭრათ?”

დაზარალებულის პასუხი: ”ენგურის ნაპირებით გადმოვდიოდი, ტყიდან გამოვარდნენ, მძარცველები იყვნენ, ქურთუკის გახდა მომთხოვეს... რა ნათესავი, რის ნათესავი...”.

”პრესა.გე”-ს აცნობეს, რომ გაგუა სოფელ წარჩედან დევნილია და ამჟამად თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. უთხრეს ისიც, რომ გალის რაიონში მისი გადაადგილება დიდიხანია არავის უნახავს...რომ იგი ცოლის ძმამ, პაატა შონიამ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაჭრა...

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია თუ არა ს.ს.საქმე და საერთოდ რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ვერსიები, ”პრესა.გე” ზუგდიდის პოლისიის სამმართველოს უფროსს, გიორგი ნინუას დაუკავშირდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მან შსს პრესცენტრში გადაგვამისამართა.

ზურაბ გვენეტაძე ვითარებაში გარკვევას დაგვპირდა, მაგრამ შემდეგ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ზუგდიდის პოლიციის შეფმა კი, ”კავშირი აღადგინა”, მაგრამ ”ფრიად მნიშვნელოვანი” განცხადება გააკეთა, რომელსაც ვერაფერი გავუგეთ: ”ჟურნალისტს რატომ გეშლებათ ამდენი?!”...


Read more

ზუგდიდის გამგებელი ჩაალურჯეს...


ზუგდიდში, სადაც ადგილობრივი ჩინოვნიკები ყოველ საღამოს ქალაქის ცნობილ რესტორანში იკრიბებიან, 10 ნოემბერს მნიშვნელოვანი ინციდენტი მოხდა. რაიონის გამგებელი ალქსანდრე ქობალია და გუბერნატორ გოროზიას პირველი მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი პოლიციის უფროსის გიორგი ნინუას "მსხვერპლი"” გახდნენ. ჩხუბში, რომელიც დაახლოებით ღამის 11 საათზე რესტორან "დიარონში" მოხდა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა და ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ. ნადიმის მიზეზი კი რაგინდ გასაკვირიც არ უნდა იყოს საბჭოთა მილიციის დღე იყო, რომელიც ალიკას რესტორანში მუნიციპალიტეტის ხარჯებით დაფინანსდა. გაურკვეველი მიზეზით დაწყებული შელაპარაკება ხელჩართულ ჩხუბში რომ გადაიზარდა ამას "დიარონის" თანამშრომლები და "დაიცავი საქართველოს" წევრებიც არ მალავენ, რომლებმაც მომხდარი საკუთარი ოფისიდან კარგად დაინახეს.
"საღამოს დაახლოებით 50 ადამიანი შემოვიდა, ალბათ რაღაცას აღნიშნავდნენ, სტუმრებს შორის იყვნენ ზუგდიდის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები. 2 საათის შემდეგ რამოდენიმე მათგანი გარეთ გავიდა და იქ რა მოხდა ვერ გეტყვით...”_ ამბობენ "დიარონის" თანამშრომლები. ცნობილი მიზეზის გამო ნამდვილად არ გაგვკვირვებია მათგან ასეთი თავშეკავებული და მოკლე პასუხი.
"დაიცავი საქართველოს" წევრი საშა მოლაშხი კი 10 ნოემბრის ასე იხსენებს:
"ჩვენი ოფისი რესტორანის წინ მდებარეობს. კარგად დავინახეთ, შენობიდან, როგორ გამოვიდა პიროვნება, რომელიც ძალიან მივამსგავსეთ ზუგდიდის რაიონული პოლიციეს უფროსს გიორგი ნინუას. ეს გაცხარებული ადამიანი თენგიზ გუნავას ავტომანქანასთან დადგა და დაიწყო მთელი ხმით ყვირილი: “გამოდი ალიკა ქობალია შე ყ..ეო!, შენი დედა მოვ...!” აგრეთვე აგინებდა და ლანძღავდა გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანს – “გაიჯეჟილეთ ზუგდიდიში თქვენი დედა ..., მთელმა ქალაქმა უნდა გაიგოს როგორი ყ..ეები ხართ-ო”. სამხარე ოპოლიციის უფროსი გუნავა ეხვეწებოდა გაჩუმდი თავს ვეღარ აკონტროლებ, მთელი ქალაქი გაიგებსო. მიუხედავად ამისა ის იგივეს განაგრძობდა: მოვკლავ მაგათიო დაიძახა და კვლავ რესტორანის შენობაში შევარდა. იქიდან კი ქალების ყვირილის ხმა ისმოდა. აგრეთვე დავინახეთ თუ როგორ აყენებდა შეურაცყოფას თენგიზ გუნავას, არ გრცხვენია ამათ აქ პარპაშის უფლებას, რომ აძლევო. ურტყამდა და ეუბნებოდა გამომიყვანე ეგენი უნდა დავასახიჩრო-ო, ამის შემდეგ პოლიციის და გამგებლის ავტომანქანას ამტვრევდა. 1 საათის მერე, გიორგი ნინუა დიდი ხვეწნით ჩააჯინეს სამხარეო პოლიციეს მანქანაში (IhI- 301) და იქაურობას მოაცილეს.
ჩვენ ვთვლით, რომ ეს ხალხი არ არის ღირსი იყვნენ თანამდებობაზე. ქობალია არის სუფრის ვირთხაა.. ნინუას წასვლიდან ერთი საათის შემდეგ თვალჩალურჯებული გამოვიდა.."
პოლიციის უფროსმა ინტერვიუზე უარი მხოლოდ იმიტომ გვითხრა, რომ თურმე ჩვენი რედაქცია არ მოსწონს...
-გამარჯობათ ბატონო გიორგი, ილია ჩაჩიბაია გაწუხებთ "ასავალ დასავალიდან"...
-გსმენთ!
-იქნებ გვითხრათ რა მოხდა 10 ნოემბერს რესტორან "დიარონში"?

-თქვენ ახლა მისვამთ პროვოკაციულ შეკითხვას!!!
-რატომ გინდოდათ ქობალიას და ახვლედიანის დასახიჩრება, ძალიან ბევრი დალიეთ?
-თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ.
-იქნებ "სწორი ინფორმაცია" თავად მოგვაწოდოთ.
- ... ინტყრიგანები ხართ! (ყურმილინ დაკიდა).
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე ქობალიამ, კი რომელსაც მანქანის ქვეშ ცოტახნის წინ ქლი შეუძვრა, კომენტარზე უარი განგვიცხადა. გუბერნატორის მოადგილესთან დაკავშირება კი ვერ მოხერხდა.
დაპირისპირების არსებობას არ უარყოფს, გამგეობის თანამშრომელი ლევან მესხია, თუმცა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ რესტორანიდან შედარებით ადრე წამოვიდ და ინციდენტში მონაწილე არ გამხდარა.
გავრცელებული ინფორმაციით პოლიციაში ალექსანდრე ქონალიას და გიორგი ნინუას ინტერესები გადაიკვეთა, დაპირისპირების მიზეზიც ეს გახდა. გამგებელს და გუბერნატორის მოაგილეს "მილიციის დღეს" გამართულ თავყრილობაზე გავლენების გადანაწილებაზე საუბარი თვალის ჩალურჯებად და სახალხოდ დამცირებად დაუჯდათ.
დათო სორდია: "სახეზეც ეტყობოდა, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი იყო. აბა სხვა ვინ გაბედავდა რაც მან ჰკადრა: ალიკა ქობალიას, ალიკა ახვლედიანს და თენგიზ გუნავას? იმ კაცმა სამხრეო პოლიციის უფროსსაც ისეთი მჯიღი ჰკრა, რომ შებარბაცდა. ჩანდა, რომ მისი გუნავასაც ერიდებოდა. ჩვენ დაახლოებით ოცი მეტრიდან ვაკვირდებოდით ამ ყველაფერს... კარგად დავინახეთ ისიც, რომ ჩინოვნიკები ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. და ბარბაცებდნენ, ერთმანეთს ურტყამდნენ და ხანდახან არაადეკვატურად იცინოდნენ.
როგორც გავიგეთ, რესტორანში წაკამათდდნენ და პოლიციელებმა ალიკას თვისში „ჩანკალი“ ესროლეს, ამ ფაქტმა გუბერნატორის პირველი მოადგილეც გააღიზიანა. კამათი გინებაში გადაიზარდა, რესტორანის თანამშრომლებს უთქვამთ, გარეთ გაბრძანდით აქ თქვენს გარდა სხვებიც არიანო...
10 ნოემბერს, კომუნისტების მმართველობის პერიოდში აღინიშნებოდა საბჭოთა მილიციის დღე, მე ვფიქრობ, პირველ რიგში სამარცხვინოა ის ფაქტია, რომ ქართველმა სამართალდამხცავებმა თავიანთი გაუნაათლებლობით საბჭოთა მილიციელებისადმი პატივისცემა გამოხატეს, ან განსხვავდებიან კი მათგან?!. მიმაჩნია, რომ ისინი არ არიან ღირსი ქართველებად იწოდებოდნენ. ბრიყვები და თანამდებობისთვის შეუფერებელი პირები მართავენ დღეს სამეგრელოს და საქართველოს!“
მომხდარის შეფასება სამერელო–ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულს ზაზა გოროზიას ვთხოვეთ.
-ბატონო ზაზა, რას გვეტყვით 10 ნოემბრის ინციდენტზე?

-რას გულისხმობთ?
-ნუთუ არ იცით საბჭოტა მილიციის დღეს თქვენმა მოადგილემ, გამგებელმა და პოლიციის უფროსმა, ერთმანეთს რომ დასცხეს?
-პირველად მესმის, ნამდვილად არაფერი გამიგია თორემ კომენტარზე უარს არ გეტყვოდით. გაკვირვებული ვარ.

-რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს თქვენი ქვეშევრდომები?

-მაპატიეთ შეხვედრაზე ვარ... (ყურმილი დაკიდა)

გოროზიამ როგორც ჩანს ნამდვილად არაფერი იცოდა მისი ხელქვეითების სისხლიან ღრეობაზე თორემ, 18 აგვისტოს პრესიდენტ სააკაშვილის ზუგდიდიში ვიზიტის დროს მოწყობილ ქეიფზე, რომელიც, ისევ რესტორან "დიარონში" გაიმართა ქობალიასთან, ნინუასთან, ახვლედიანთან და გუნავასთან ერთად პურს არ გატეხდა. უთავმოყვარეო ზუგდიდის გამგებელმა კი სულაც არ ითაკილა სუფრას შს-ს იმ ჩინოვნიკებთან ერთად შემოსკუპებოდა, რომლებმაც რამოდენიმე დღის წინ საქვეყნოდ თავი მოსჭრეს.

Read more