ჯარისკაცები საკლასო ოთახში


განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, პრეზიდენტის პრეს-სპიკერი მანანა მანჯგალაძე, თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ერთმანეთს ეცილებოდნენ იმის ახსნაში, თუ რა იგულისხმა პრეზიდენტმა, როცა აჭარელ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრისას განათლების სისტემაში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ცვლილებები პირდაპირ ეთერში სრულიად სპონტანურად და ემოციურად გააცნო საზოგადოებას.

"ღმერთმა არ დაგვაჭირვოს, მაგრამ ქართველებს უნდა შეეძლოთ თავისი სოფლის დაცვა მაინც. მარტო 20-30-ათასიანი ჯარისკაცი ქვეყანას ვერ დაიცავს 5-მილიონიან საქართველოში. ეს ამ 5 მილიონის საქმეა, ისევე, როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების საქმე", - სკოლებში სამხედრო-პატრიოტულ სწავლებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ეს სიტყვები მანანა მანჯგალაძემ ასე განმარტა:

"ეს იქნება სკოლებში სამხედრო სწავლების სრულიად ახლებური მეთოდი და მიდგომა. სამხედრო-პატრიოტული აღზრდა გულისხმობს სამოქალაქო თავდაცვის სწავლებას, მხედრული სულისკვეთების გაღვივებას, რაც ქართველებსა და საქართველოში ისტორიულად მცხოვრებ ხალხს ყოველთვის ბუნებაში ჰქონდათ.

ბაჩო ახალაიამ - ასე: "მაღალ კლასებს აქვთ საშუალება, შეისწავლონ სამხედრო დისციპლინის ძირითადი პრინციპები. ექნებათ საშუალება, შეისწავლონ ძირითადი უნარ-ჩვევები, ძირითადი შეიარაღებული ძალების სტრუქტურა და ასევე პრაქტიკულად დაეუფლონ ცალკეული სახის იარაღის გამოყენებას. ეს ემსახურება ძირითადად იმას, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ სრული წარმოდგენა, თუ რას ნიშნავს სახელმწიფოსთვის შეიარაღებული ძალები".

განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი კი პედაგოგებსა და მოსწავლეებს არწმუნებდა, რომ სამხედრო-პატრიოტიზმში სამოქალაქო თავდაცვის გაკვეთილები იგულისხმება:

"როცა 2008 წელს საქართველოს ტერიტორია იბომბებოდა და კასეტური ბომბები ჩამოიყარა ქვეყანაში, არც ერთ სახელმძღვანელოში არ ეწერა, რომ მათ ხელი არ უნდა ახლო, ბავშვმა კი ეს უნდა იცოდეს. ამას გულისხმობდა პრეზიდენტი", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

მინისტრის ვრცელ მონოლოგში, სადაც მან ისაუბრა სისტემაში დაგეგმილ სიახლეებზე - დაწყებული სკოლის როლის გაძლიერებით, დამთავრებული მოსწავლის ზურგჩანთის წონით, მხოლოდ 4 წუთი დაეთმო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს, ახალი დისციპლინის - სამხედრო-პატრიოტული აღზრდის შემოღებას, რომლის არსი მრავალრიცხოვანმა განმარტებებმა არათუ გამოკვეთა, არამედ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა.

გაუგებარია მომავალი დისციპლინის ზუსტი დეფინიცია, რომელიც "მხედრული სულისკვეთების გაღვივებიდან" სამოქალაქო თავდაცვის საფუძვლებამდე მერყეობს. არავის აქვს პასუხი ელემენტარულ კითხვებზე. მაგალითად, რომელი კლასიდან დაიწყება მოსწავლეთა სამხედრო-პატრიოტული აღზრდა და სემესტრში რამდენი საათი ეყოფა ამ საქმეს, შემოწმდება თუ არა თადარიგის ოფიცრების პედაგოგიური უნარები, ვინ შეადგენს და რა ჩაიწერება სახელმძღვანელოში.

ამ მნიშვნელოვან კითხვებს განათლების სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფი რამდენიმე თვეში გასცემს პასუხს. ამ საგნის სწავლება კი თბილისის რამდენიმე სკოლაში უკვე სექტემბრიდან დაიწყება.

მანამდე კი იდეის ავტორებს საზოგადოების ნაწილისთვის იმის ახსნა უწევთ, თუ რატომ გახდა საჭირო სკოლის მოსწავლეების სამხედრო-პატრიოტულად აღზრდა და რა კონკრეტულ შედეგს ელიან ამ დისციპლინის სასკოლო პროგრამაში წარმატებით დანერგვის შემთხვევაში.

განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პატრიოტიზმის სკოლებში სწავლების წარმატებულ მაგალითად ისრაელს ასახელებს, ქვეყნის, სადაც რამდენიმე წუთით მიტოვებული ზურგჩანთაც კი სამხედრო განგაშის მიზეზი ხდება.

"ისრაელი არის ქვეყანა, რომელიც იმყოფება მუდმივი სტრესის ქვეშ. მუდმივად აქვს პრობლემები მეზობლებთან, ისევე, როგორც ჩვენ. იქ ამას ასწავლიან. ბავშვმა კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს, თუ მის ქვეყანას ემუქრება საფრთხე და იცის, როგორ დაიცვას თავისი სოფელი ან ქალაქი, თავისი სახლი".

ყოფილი თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე, რომელსაც დღეს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებთან დაახლოება ევალება, მიიჩნევს, რომ "საზოგადოებაში ის სულისკვეთება არაა, როგორიც ოკუპირებულ ქვეყანაში უნდა იყოს".

"ქვეყანა უნდა გრძნობდეს, რომ მას დიდი ამოცანები აქვს გადასაწყვეტი. მეტი მობილიზება, შემართება მართებს. მეტი პატრიოტიზმი უნდა ჩანდეს ჩვენ ყოველდღიურობაში. აი, რომ გავიაროთ ქუჩაში, რესტორანში, საჯარო დაწესებულებაში, ეს ნამდვივლად არ ჩანს", - აცხადებს გიორგი ბარამიძე.

გადაწყვეტილია, რომ საჯარო სკოლებში ამ სულისკვეთების გაღვივებას თადარიგის ოფიცრები შეეცდებიან. რაც შეეხება პედაგოგებს, მათ ნაწილს პატრიოტიზმის კონკრეტულ საგნად სწავლება აბნევს. თუმცა, მასწავლებლების ზედმეტი კითხვები სამინისტროს გეგმებში გათვალისწინებული არ არის. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ დიმიტრი შაშკინის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე მისულ ჟურნალისტებს ღონისძიების დაწყებამდე დაურიგდათ პრეს-რელიზები, სადაც აღნიშნული იყო, რომ პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა და მოწვეულ სტუმრებს სიახლეები მოეწონათ. პრეს-რელიზი წინასწარ იუწყებოდა, რომ "შეხვედრამ, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, მოსწავლეების, მასწავლებლების და დირექტორების დიდი დაინტერესება გამოიწვია და, როგორც მათ აღნიშნეს, რეფორმების განხორციელების პროცესში ისინიც აქტიურად ჩაერთვებიან".

წინასწარმეტყველება გამართლდა. შეხვედრამ მკაცრად გრაფიკის მიხედვით ჩაიარა. მასწავლებლებმა მინისტრს მადლობა გადაუხადეს მნიშვნელოვანი და დროული ცვლილებებისთვის.

ლევან გიგინეიშვილი ამერიკულ აკადემიაში ქართულ ლიტერატურას ასწავლის. ეს ის სკოლაა, რომელზე სწორებასაც შაშკინი საქართველოს ყველა საჯარო სკოლას ურჩევს. "პატრიოტიზმს ბავშვებს, ასე ვთქვათ, ინექციით ვერ შეუყვან, - აცხადებს გიგინეიშვილი, - წინათ ჩვენც ვასწავლიდით პატრიოტიზმს ცალკე საგნად, მაგრამ არ გაამართლა. მივხვდით, რომ ეს ხელოვნური იყო, რადგან ბავშვები ხელოვნურობას მაშინვე გრძნობენ და გული უცრუვდებათ".