საინტერესო, ლამაზი და ხალისიანი...


აპრილის ერთ წვიმიან დღეს, კომპანია "არტ-ფეისმა" თბილისური ბომონდი ავთანდილის 2010 წლის ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე მიიწვია. საღამო ვაკის საცურაო აუზზე გაიმართა, რამაც იმ მოღუშულ დღეს ვფიქრობ, სიცოცხლე და ხალისი ნამდვილად შესძინა, რადგანაც აუზზე მისული სტუმრები, ღონისძიების ორგანიზატორების მიერ სპეციალურად ჩვენებისთვის შექმნილი მიკროკლიმატის წყალობით, სწორედ რომ საზაფხულო განწყობილებას მაშინვე იქმნიდნენ... ნამდვილად არ ვიცი, რა სიგრძე-სიგანისაა აღნიშნული აუზი, მაგრამ იქ მისულმა მაშინვე შევნიშნე, რომ მასში საგანგებოდ ჩაედგათ სპეციალური რკინის კონსტრუქცია, რომელზეც პოდიუმი აეგოთ... ჟღერდა მუსიკა, სტუმრებით თანდათან ივსებოდა სივრცე, მათ შორის - ბევრი ცნობილი ადამიანი მოდიოდა... ვაკის აუზზე მეგობრებთან ერთად, პოლიტიკაში ახალგადაბარგებული ჟურნალისტი - ინგა გრიგოლიაც გამოჩნდა, რომელმაც მითხრა, რომ მთელ დღეებს მოსახლეობასთან შეხვედრებს ანდომებს და რომ მისი ახალი საქმიანობა არც ისე იოლია... თუმცა მისი მოუცლელობის მიუხედავად, ინგა უახლოეს მომავალში, ვრცელ ინტერვიუზე იქვე შევიპირე და ჩვენების ორგანიზატორებისკენ გავემართე, მაგრამ უნებლიეთ პირველად გასაუბრება საღამოს მთავარ "დამნაშავე" - ავთანდილთან გამომივიდა. - ავთო, არ ისვენებ, ხომ?
- არა (იცინის)... აუზი, წყალი, ზაფხული, ლამაზი ფერები, მაგარი მუსიკა, კარგი გოგონები, ახალი კოსტიუმები, შესანიშნავი განწყობილება, გემრიელი სასმელი, მშვენიერი საზოგადოება - მითხარი, რით არის ცუდი?

- მაგარია!
- ამიტომ, დღეს აქ დიდი სიამოვნებით წარვადგენ ჩემს ახალ კოლექციას, რომელშიც მთელი გული ჩავდე...

- ამ კოლექციის ნახვა მეც ძალიან მაინტერესებს...
დიზაინერთან ამ მოკლე საუბრის შემდეგ, კულისებში სამოდელო სააგენტო - "არტ-ფეისის" ხელმძღვანელთან - ლალი ტოტიკაშვილთან გადავინაცვლე. როგორც გავარკვიე, "შარმის" დახურვის შემდეგ, ლალი ამ ახალ სააგენტოს ჩასდგომია სათავეში და დიდი მონდომებით მუშაობს თავის მოდელებთან (ჰო, მართლა, ჩემს თანამოსაუბრეს ვარდისფერი საღამოს კაბა ავთანდილის კოლექციიდან, ძალიან უხდებოდა)...

ლალი ტოტიკაშვილი:
- ამ ჩვენებისთვის დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით. დღეს კი მაყურებლის წინაშე ჩვენი სააგენტოს 17 მოდელი გამოვა. იმის გამო, რომ საზაფხულო-საპლაჟო, საღამოს კაბებია წარსადგენი, ადგილიც სპეციალურად შეირჩა. აუზში საგანგებოდ ჩადგმულ პოდიუმზე გოგონებმა ფეხშიშველებმა უნდა გაიარონ...

ის იყო, ლალისთან ინტერვიუ დავასრულე, მოვბრუნდი და იქვე ადამიანების ჯგუფი შევნიშნე, რომელიც დიზაინერ მაკა ასათიანის გარშემო შეკრებილიყო. ისინი მაკას მოულოდნელ გამოჩენას საოცრად გაეხარებინა. ულამაზესი ქალბატონი, როგორც ყოველთვის, შესანიშნავ ფორმაში იყო... ჰოდა, მეც მათ შევუერთდი...

თეონა თავართქილაძე:
- მართალია, გარეთ თავსხმა წვიმაა, ცუდი ამინდია და ცივა, მაგრამ როგორც კი აქ შემოვედით, ყველანი მაშინვე კარგ განწყობილებაზე დავდექით. ავთო საზაფხულო კოლექციის წარმოდგენას აპირებს. ძალიან მომეწონა იდეა, რომ ჩვენება აუზზე გაემართათ, ადგილი სწორად შეურჩევიათ... ჩემს კარგ განწყობილებას კიდევ ის აძლიერებს, რომ დღეს მაკაც ჩამოგვივიდა და ის, თქვენთან ერთად, მეც ახლა პირველად ვნახე... ასე რომ, ველი კარგ სანახაობას, რომელიც გველოდება...

- თავად როდის გეგმავ შენს მორიგ ჩვენებას?
- სულ მალე, 6 მაისს...

მაკას აზრის მოსმენაც მინდოდა, მაგრამ მითხრა, - ჩემს შთაბეჭდილებას ჩვენების შემდეგ გაგიზიარებო... სამაგიეროდ, ჩვენებამდე გასაუბრებაზე დიზაინერ ბიჭოლას, უარი არ უთქვამს, რომელიც იქ თავის მუზასთან, 15 წლის ულამაზეს ნანა გუდავაძესთან ერთად გახლდათ მოსული.

- ლალი ტოტიკაშვილთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს, ამიტომ მის მიერ მოწყობილ ნებისმიერ ღონისძიებას ყოველთვის სიამოვნებით დავესწრები.
- მართალია, რომ შენი მუზა - ნანა გუდავაძე გახდა შენი ახალი კოლექციის სახე?
- დიახ, ასეა. ეს არაჩვეულებრივი გოგონა, სამოდელო სააგენტო "ამსას" აღმოჩენაა და სწორედ მისგან არის შთაგონებული ჩემი ახალი კოლექციაც.

- როდის გეგმავ საკუთარი ჩვენების მოწყობას?
- ჯერჯერობით მუშაობის პროცესში ვარ...

- ისე, საკმაოდ უცნაური იმიჯი გაქვს...
- ლონდონში ცხოვრების შემდეგ ძალიან შევიცვალე მეც და შესაბამისად - ჩემი იმიჯიც...
აი, დაიწყო კიდეც ავთანდილის კოლექციის დემონსტრირება... მართლა ლამაზი სანახავი იყვნენ სხვადასხვა ფერის, საზაფხულო სამოსში გამოწყობილი, პოდიუმზე ფეხშიშველი მოსიარულე მოდელები... მოდის მოყვარულებმა დიზაინერის სულ 34 კოსტიუმი იხილეს... ბოლოს, პოდიუმზე, "პაკლონისთვის" ავთანდილიც გამოჩნდა. შემდეგ კი, მისალოცად, კულისებისკენ მაყურებლები გაემართნენ. მათ შორის, ერთ-ერთი პირველები - მაკა ასათიანი და თეონა თავართქილაძე გახლდნენ.

მაკა ასათიანი:
- არაჩვეულებრივი სანახაობა იყო. ძალიან მომეწონა. მოდი, ამ ყველაფერს ასე დავახასიათებ -საინტერესო, ლამაზი და ხალისიანი... საზაფხულო განწყობილებას ნამუშევრები ნამდვილად შეესაბამებოდა.

- ავთანდილის მიერ შექმნილი სამოსი შენს გარდერობში თუ მოიძებნება?
- კი...

- თვითონ არ აპირებ მოდის სფეროში დაბრუნებას?
- (ღიმილით) არა...

- დაუჯერებელია, შენი ჩვენება ჩვენ მოგვენატრა და პროფესიონალი ამას როგორ ამბობ? (იღიმის). ბოლოს უცხოეთში რამდენი ხნით იყავი წასული?
- ერთი თვით. აქ ცოტა ხანს ვიქნები და ისევ წავალ...

- თბილისში რომ ჩამოდიხარ, დროს ძირითადად, რას უთმობ ხოლმე?
- მეგობრებს, ოჯახს... განსაკუთრებულს არაფერს - მოკლედ, ძველი საქმიანობით ბოლო დროს აღარ ვარ დაკავებული...

იმ საღამოზე, კიდევ ერთი, საქართველოდან დიდი ხნით წასული მომღერალი აღმოვაჩინეთ, რომელიც ნაცნობ-მეგობრებს სითბოს უნაწილებდა. ეს თამუნა ამონაშვილი გახლდათ.

- საქართველოდან 2 წელი და 4 თვე ვიყავი წასული. თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოვედი. აქაურობა მართლა ძალიან მომენატრა.

- გამგზავრებას კიდევ აპირებ?
- კი. და ძალიან მიხარია, რომ ისევ თქვენთან ერთად ვარ. დღეს აქ ადამიანებისგან იმდენი სითბო და სიყვარული მივიღე და თავადაც გავეცი, რომ ემოციებს ვერ ვთოკავ... მოკლედ, ძალიან ბედნიერი ვარ... ამასთან, ძალიან მიყვარს ავთო ცქვიტინიძე. ის ყოველთვის ორიგინალურობით გამოირჩევა. ამიტომაც იყო, რომ ეს ჩვენება ასეთი ორიგინალური გამოუვიდა...

აზრი მსახიობ ია ფარულავასთვისაც რომ არ მეკითხა, ალბათ აუზის ტერიტორიას ისე ვერ დავტოვებდი. ია ჩვენების შემდეგ, დაქალებთან ერთად იჯდა და საუბრობდა.

- ნამდვილად კარგი კოლექცია იყო. აგერ ზაფხულიც კარს მოგვადგა და ავთანდილისგან დროული იყო ამ კოსტიუმების წარმოდგენა. ხომ უნდა გვენახა ის, თუ რას გვთავაზობს ავთანდილი ზაფხულში?..

- მერე საზაფხულოდ რომ არ ხარ ჩაცმული?
- გარეთ ცივა, წვიმს, მაგრამ აქ შემოსული მართლა გავთბი და გავხალისდი...


[ლალი ფაცია, ჟურნალი ”გზა”]