ვანომ ინტერვიუ "მისცა"


გასულ კვირას მედიასაშუალებების განხილვის მთავარი თემა ვანო მერაბიშვილის მიერ "კომერსანტისთვის" მიცემული სკანდალური ინტერვიუ იყო. მართალია, ბატონი ვანო ამბობს, რაღაცები დამიმახინჯესო, მაგრამ, თავის მხრივ, ჟურნალისტი აცხადებს, კი არ დავამახინჯე, ვერ გავიგეო.

ასეა თუ ისე, მერაბიშვილმა უკვე დაანონსა, არჩევნებში 64 პროცენტს ავიღებთო და ძნელად, რომ მან საკუთარი ანონსი უკან წაიღოს. ყველაზე მეტად ის გამიკვირდა, მერაბიშვილის სიტყვებს - კანონის შეცვლა რა საჭიროა, როგორც გადავწყვეტ, ისე იქნებაო, ხმაური რომ მოჰყვა. ოპოზიციამ ერთი ამბავი ატეხა - ხედავთ, ეს კაცი რას ამბობსო და თქვენი გამკვირვებია, ბატონებო - აქამდე სხვანაირად იყო, არ ვიცოდით, თუ მაინცდამაინც უნდა ეთქვა, კანონი მე ვარო?

მიხეილ სააკაშვილი ზაფხულის წვიმასავით აქტიური იყო და მაშინ, როცა დახურულ დარბაზში მეკლდეურობაში საქართველოს ჩემპიონატი ტარდებოდა, ბატონმა მიხეილმა პირდაპირ შუა ქალაქში ჩაგვიტარა მასტერკლასი და ხარაჩოზე მკვირცხლად აძვრა, ბოლოში გაუჭირდა, მაგრამ მაგაზე ნუ ინერვიულებთ, ბატონო პრეზიდენტო, სიმაღლეზე ასვლა იოლი არასდროს არის და ყოველთვის ბოლოში ჭირს.

ჰოდა, დავინახე სააკაშვილი ხეზე აცოცებული და მაშინვე ის გამახსენდა, ანალოგიური რამ დიმიტრი მედვედევმა შარშან რომ გააკეთა, თუმცა მაშინ ის მართლა ხეზე ავიდა, გაყინულ ხეზე. იმ სიმაღლეს ვერ უწია, როგორსაც სააკაშვილმა, რადგან ხე თოვლით იყო დაფარული, თუმცა უკვე თამამად შეგვიძლია ვუთხრათ რუსებს - "თქვენი და ჩვენი პრეზიდენტები ადიოდნენ ხეზე, რომელი ჩამოვარდება, ვნახავთ არჩევნებზე".

პრეზიდენტმა გმირთა მოედანზე მიმდინარე მშენებლობაც დაათვალიერა და აღნიშნა, როცა ამ ხიდის მშენებლობა დავიწყეთ, ჯერ მიტინგი მოგვიწყვეს, მერე წყალი გადმოგვასხეს, გვაგინეს და ბოლოს თოფიც გვესროლეს, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით, დაე, იმათმა ისევ გვაგინონ, წყალი გადმოგვასხან და თუნდაც გვესროლონო.

ყველაზე საინტერესო კი წინ გველოდა. მტკვარზე, როგორც იქნა, იტალიელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული ხიდი გადეს და განაცხადეს, ამ ხიდს ყოველდღიურად 50 ათასი ნათურით გავაბრდღვიალებთო, სააკაშვილმა კი სიამაყით აღნიშნა, ეს არქიტექტორი ნამდვილ პროფესიონალად სწორედ აქ ჩამოყალიბდაო. არადა, კაცი ორმოცდაათს გადაცილებულია და თუ აქ ჩამოყალიბდა, კარგად გვქონია საქმე.

აი, იმ ნათურებზე კი მაშინვე წეროვანის ლტოლვილები გამახსენდა, საერთო ჯამში, ხუთი ათასი ნათურაც რომ არ უნთიათ და ხელისუფლება კაპიკ-კაპიკ რომ უთვლის და მიცემულ დახმარებას პრაქტიკულად დენსა და გაზში ახდევინებს...

საქართველოში ახალი ორდენი დაწესდა და მას სააკაშვილმა ბრწყინვალების ორდენი უწოდა. ეჭვი მაქვს, ღირსების ორდენები, უბრალოდ, გამოილია და ამიტომ ახლის დაწესება გახდა საჭირო. პრეზიდენტმა ორდენი მშენებელს დაჰკიდა და განაცხადა, აქამდე დათო მშენებელი იყო, ახლა კი დავით-ბრწყინვალეაო.

ვერ გეტყვით, კარგია თუ არა, მეფეთა ტიტულებს ასე რომ ვარიგებთ, მაგრამ თუ დარიგებაა, ბოლომდე დარიგება იყოს - დავაწესოთ ზაქიჭამიას ორდენი და თუ გგონიათ, იმაზე ნაკლები დაგვჭირდება, ვიდრე ღირსების ორდენები ჩამოვარიგეთ, ძალიან ცდებით. თანაც, არც საწყენი იქნება, ბოლოს და ბოლოს, მეფეს ეძახდნენ. აი, მეფეზე კი ისევ ვანო გამახსენდა, ბაგრატიონების შთამომავალი რომ არის თურმე და... რაღა და? ბაგრატიონების სიტყვაც კანონი იყო.

პარალელურად, ხელისუფლების ერთ-ერთმა სახემ, ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, მერობის კანდიდატის წარდგენის უფლება 30 აპრილამდე გვაქვს და წინასწარ არ ვიტყვი, ვის დავასახელებთო. ვერ გეტყვით, რას გეგმავენ ნაციონალები, მაგრამ ფაქტია - სერიოზული კონსულტაციები მიმდინარეობს და გიგი უგულავა შესაძლოა სულაც არ გამოდგეს საარჩევნო სპექტაკლის მთავარი გმირი.

თუ გახსოვთ, წინა საპარლამენტო არჩევნებზე სწორედ უგულავამ თქვა პირველად, პირობას გაძლევთ, ჩვენი სიის პირველი ნომერი ნინო ბურჯანაძე იქნებაო და საბოლოოდ პირველობა დავით ბაქრაძეს ერგო. ჰოდა, თუ უგულავას ვინმე გულიანით ჩაანაცვლებენ, არ უნდა გაგვიკვირდეს.


[”ყველა სიახლე”, არმაზ ხარძიანი]



გაზიარება